ქართული ჟურნალისტიკა - რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე

ქართული ჟურნალისტიკა - რომანტიზმიდან პრაგმატიზმამდე

ქართულმა მედიამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიარა. 90-იან წლებში ერთბაშად მოვარდნილი თავისუფლებისგან განცდილი რომანტიული პერიოდი ძალიან მალე შეცვალა პრაგმატულმა. ეს გამოწვეული იყო ორი გარემოებით -  თავისუფალმა მედიამ ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ მწირი სარეკლამო ბაზრის და გაღარიბებული აუდიტორიის პირობებში, საკმაოდ მოწყვლადი იყო და „ჟანგბადის ბალიშის“ გარეშე დიდხანს ვერ იარსებებდა. საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დახმარება კი აშკარად მცირე იყო და თანაც არასტაბილური. „ჟანგბადის ბალიშად“ კი მედიას პოლიტიკური პარტიები და პოლიტიზებული ბიზნესი მოევლინა. სახელისუფლებო პარტიებს მედია პოლიტიკურ იარაღად და კომფორტული საინფორმაციო ველის შესაქმნელად სჭირდებოდათ, ხოლო ბიზნესმენებისათვის კი მედიასაშუალებების ფლობა ერთგვარი დამცავი ფარი გახდა კანონთან კონფლიქტის დროს, ასევე ხელისუფლებასთან სავაჭროდ პრინციპით - „შემიქმნი კომფორტულ პირობებს?! მოგემსახურები ჩემი მედია საშუალებებით!“

ბოლო 20 წელი, წამყვანი ქართულ მედია საშუალებები ერთი მეორის მიყოლებით „ებარებოდნენ პატრონს“, რომელსაც ბევრი სარგებელის შეთავაზება შეეძლო ლოიალობის სანაცვლოდ. პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად თავისუფალი მედიის უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე ხელისუფლებაში მოსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მედია საშუალებები, რომ იტყვიან, სუნთქვის დამხშობ აპარატზე დასვა. ამ აპარატის მართვის სადავეები სახელისუფლებო სტრუქტურებში იმყოფებოდა. ბევრს შესაძლოა უკვე გადაავიწყდა კიდეც „ვარდების ხელისუფლების“ მმართველობისას ეროვნულ ტელემაუწყებლების ტყუპისცალებივით მსგავსი საინფორმაციო გამოშვებები, სიუჟეტების აბსოლუტურად იდენტური რიგითობა თუ სხვა „მარგალიტები“ და, რა თქმა უნდა, ალტერნატიული აზრისა და ხელისუფლებისათვის უხერხული თემების პრაქტიკულად გაქრობა ტელესივრციდან.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელევიზიებმა, ისე როგორც სამოქალაქო სექტორმა, როგორც იქნა თავისუფლად ამოისუნთქეს. კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდათ „იმედი,“ „იბერია,“ „რუსთავი-2.“ მართალია, ტელემედიის ბაზარზე ადგილი ჰქონდა პროცესებს, რომლებიც კითხვებს იწვევდა, მაგრამ თუ ცვლილებათა თეორიას გავყვებით, მთავარი შედეგი იყო ის ცვლილება, რომ ადრინდელ პერიოდთან შედარებით, ტელევიზიები დიდწილად გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და მედია გარემოც გაცილებით კრიტიკული და პლურალისტული გახდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც, ოპოზიციურად მიჩნეულ ტელეარხებზე რეკლამების სიმრავლე. ადრე ასეთ ტელეარხებზე ბიზნესები რეკლამის განთავსებას ვერ ბედავდნენ მაშინდელი ხელისუფლებისგან მოსალოდნელი რეპრესიების შიშით.

სამწუხაროდ, ქვეყანაში განვითარებულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა პროცესებმა ტელემედია ამ პროცესების მძევლად აქცია. ისევ და ისევ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, დაიწყო კერძო ტელევიზიების გადანაწილება ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებულ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეთა შორის. სადღეისოდ, მედიის პოლარიზაციის ეს პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია და საზოგადოებამ ზედმიწევნით კარგად იცის, რომელი ტელევიზია ვის მხარესაა და ვის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, მედიამაც ისწავლა სცილასა და ქარიბდას შორის ლავირება, როგორც გადარჩენის ერთ-ერთი გზა.

სოციოლოგიური გამოკითხვებით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. შესაბამისად, სწორედ ტელეკომპანიებზე კონტროლი გახდა საუკეთესო საშუალება სასურველი გავლენა მოახდინო სოციუმის განწყობებზე, შექმნა მისაღები საინფორმაციო მეინსტრიმი და ამუშაო ეს რესურსი პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ინტერესების რეალიზებისათვის.

მაგალითად, ოპოზიციის მომსახურე სამმა ცნობილმა ტელეკომპანიამ ამისათვის მარტივი და ნაცადი გზა აირჩია - საზოგადოების განწყობების ფორმირება დეზინფორმაციის (Fake News) მეშვეობით. ამის მკაფიო მაგალითია, ის თუ როგორ აშუქებს ეს „ტელე-სამეული“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ფაქტს. აქედან გამომდინარე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა ამ ტელეკომპანიების მფლობელებისა და ჟურნალისტების მიმართ: რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან ისინი თავიანთ როლს საზოგადოებაში? ან უფიქრიათ კი ამ პასუხისმგებლობაზე? თუ ამ ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკით ვიმსჯელებთ, ისინი ამ პასუხისმგებლობაზე არ ფიქრობენ. ხოლო თავიანთი როლი, დიდი ალბათობით, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საინფორმაციო ჯარისკაცებად წარმოუდგენიათ. პრაგმატიზმი აქაც წამყვანია - თუ კარგად გიხდიან იმისათვის, რომ მორალური ტვირთისგან გათავისუფლდე, შეიძლება ეს გააკეთო. კანონმდებლობა ხომ გიცავს და თავისუფლად შეგიძლია საზოგადოება შეურაცხყო, ადამიანს ან ინსტიტუციას ცილი დასწამო, მისი სტიგმატიზაცია მოახდინო ყველაზე უხეში ფორმით და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩაგეთვალოს.

მცირე გამონაკლისის გარდა, დღევანდელი ქართული მედია გარემო გაცილებით უფრო აგრესიულია. პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეკომპანიები ადვილად სწირავენ ჟურნალისტიკის პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს მოკლევადიან მაღალ რეიტინგებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ტელემედიამ ნებაყოფლობით და ერთგვარი სიამოვნებითაც კი დაუქვემდებარა თავი პოლიტიკურ კონიუნქტურას და გავლენის ჯგუფთა ინტერესებს. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ პროპაგანდა ძალას კარგავს, როგორც კი ზედმეტად აშკარა და გამაღიზიანებელი ხდება. ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

როდესაც თვალყურს ადევნებ ქართული ტელემედიას, გიჩნდება განცდა, რომ მჭახე და ამავე დროს მდარე პროპაგანდისტული სიუჟეტებით და ანონსებით ისინი წინასწარ ცდილობენ ჩვენს დამორჩილებას და დაზაფრვას. ამის შემხედვარე, ალბათ, ბევრ მაყურებელს გაუჩნდება კითხვა „რისთვის მჭირდება მე ეს ყოველივე?“

Katana " კანონმდებლობა ხომ გიცავს და თავისუფლად შეგიძლია საზოგადოება შეურაცხყო, ადამიანს ან ინსტიტუციას ცილი დასწამო, მისი სტიგმატიზაცია მოახდინო ყველაზე უხეში ფორმით და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩაგეთვალოს."
* მართალი ბრძანდებით და ძალიან სამწუხროა, რომ ამ ფაქტის კონსტატირება გვიწევს.
* დღეს ნამდვილად ვეღარ იტყოდა ვიტორიო დე სიკა: ტელევიზია არის ერთადერთი ძილის წამალი, რომელსაც თვალებით იღებენო...
დღეს ისეთია ტელევიზია, თუ მაინც მოახერხე დაძინება, კოშმარული სიზმრები გარანტირებული გაქვს.
4 წლის უკან