„კვოტა ქალისთვის შეურაცხმყოფელიც არის - ქალს ეუბნები, შენ სიაში იმიტომ ეწერები, რომ შესაბამისი სქესის წარმომადგენელი ხარ“

„კვოტა ქალისთვის შეურაცხმყოფელიც არის - ქალს ეუბნები, შენ სიაში იმიტომ ეწერები, რომ შესაბამისი სქესის წარმომადგენელი ხარ“

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით, 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო. აღნიშნული ცვლილებების მიღება, კანონმდებლობის ეუთო-ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მიყვანას ისახავდა მიზნად. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი, ამომრჩეველს მეტ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებლად.

გედევან ფოფხაძე: რა მოცემულობაც გვაქვს საქართველოში, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, პროპორციული სისტემა მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, მათი პოლიტიკური ნება უფრო ადეკვატურად აისახოს საკანონმდებლო ორგანოში. თუ მოსახლეობის 45% უნდა თავისი აზრი წარმოადგინოს და განსხვავებული ძალა იყოს ხელისუფლებაში, მაჟორიტარული არჩევნების პირობებში 50%-იანმა ძალამ შეიძლება ისინი 0%-ით წარმოადგინოს ხელისუფლებაში. ეს მოცემულობა ყოველთვის ქმნიდა პრობლემას, რომ საზოგადოებრივი განწყობილებები ხელისუფლებაში ადეკვატურად ასახულიყო. შესაბამისად, ამ ცვლილებებით, ეს ფაქტორი იხსნება და ხალხს უჩნდება შანსი თავისი მსახური აირჩიოს ხელისუფლებაში. რამდენად გამოიყენებს ამ შანსს ამომრჩეველი, ეს უკვე მისი ნებაა, მაგრამ ეს შანსი ამ ცვლილებებით ამომრჩეველს მიეცა.

თუმცა აქვე ერთი შენიშვნა - ეს იმ შემთხვევაში, როდესაც დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებთან გვაქვს საქმე..

- არადემოკრატიული არჩევნების პირობებშიც შანსი არის მეტი. არსებობს სამი ფაქტორი, როდესაც ამომრჩეველის ნება იზღუდება, ეს არის მოსყიდვა, დაშინება და მოტყუება. მოტყუების რესურსი აქ მეტია, თუ არის კონტროლირებადი და მართვადი მედია. ამ შემთხვევაში, კონტროლირებად მედიას შეუძლია საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და არასწორი ორიენტირები განუსაზღვროს. ასევე, ხალხს უჭირს და შეიძლება ფულმაც დიდი როლი ითამაშოს. დაშინების მექანიზმი, ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ ადამიანები მიბმული არიან საჯარო სამსახურებს, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, და ეს მოცემულობა თავისუფალი არჩევანის შანსს ამცირებს. მაგრამ, ამ პირობებშიც, პროპორციული არჩევნების დროს, ამომრჩეველს მეტი შანსი აქვს თავისი ნება განახორციელოს.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულმა საკითხმა, ამასთან დაკავშირებით თქვენ თქვით, რომ „ფულის ტომრები“ არ უნდა განსაზღვრავდნენ, ვინ უნდა იყოს პარლამენტში. იქნებ უფრო გასაგებად აგვისხნათ, ვის და რას გულისხმობდით ამ განცხადებაში?

- თავისუფალ არჩევნებს ებრძვის სამთავიანი ურჩხული, რომელსაც ჰქვია სიცრუე, მოსყიდვა, დაშინება. მოსყიდვა ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მით უმეტეს ხალხს უჭირს. როდესაც წინასაარჩევნოდ ხდება კოორდინატორებისა და აგიტატორების თემის აპელირება და ვიღაცა დიდი ფულით მათ თავისკენ იზიდავს, ბუნებრივია, ამ ფონზე ხერხდება ხმების ისე მობილიზება, რომ არჩევნების შემდეგ მას შეუძლია თქვას, რომ მე ხალხთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ფული გადავიხადე და ხალხმა ხმა მომცა, მე ხმები ვიყიდე და კეთილი ინებეთ და დაელოდეთ ოთხი წელი არჩევნებს. მე, ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ დიდი ფული სადაც არის კონცენტრირებული, ეს არის ან კორუფციის შედეგად ნაშოვნი, ან შავი ფული. ამ შემთხვევაში, მე ფულიანი ადამიანების საწინააღმდეგო იდეოლოგიას კი არ ვქმნი, მაგრამ არჩევნები მათთვის კომერციული თემაა. მე ფული ჩავდე, ხმები მივიღე, ხელისუფლებაში გავედი და ახლა მჭირდება კანონები, რომელიც მომცემს საშუალებას ბიზნესები დავალაგო და ამ დალაგებულ ბიზნესებში ახალი ფინანსური ინტერესები ჩავდო. ეს სქემა მუშაობს, როდესაც ფული გამოდის არჩევნებზე როგორც ფაქტორი. ხოლო ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იდეოლოგიით და სახალხო მსახურების იდეით, ხალხს ფულს ვერ ჩამოვურიგებთ, ჩვენ არც ერთი ფინანსური ჯგუფის ინტერესების დამცველები არ ვართ. თუ გინდა ხალხის ინტერესების დამცველი იყო, დიდი ფულით პოლიტიკაში ვერ იქნები, ეს გამორიცხულია.

რაც შეეხება კვოტირების თემას, მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ ადრეც იყო მცდელობა და ვერ გაიტანეს. მე ვაკრიტიკებდი კვოტირების თემას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არ არის ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. თუ ჩვენ გვინდა მეტი ქალბატონი პოლიტიკაში, უნდა დავამარცხოთ ის სამთავიანი ურჩხული და მხოლოდ ამის მერე იქნებიან ქალბატონები პოლიტიკაში უფრო აქტიური. მოსყიდვით და დაშინების ფონზე, არავის არ უნდა პოლიტიკაში ჩარევა. ყველა ხედავს რა ბინძური მეთოდებითაც მიდის პოლიტიკა და ქალბატონებს როგორც წესი, ჩვენზე მეტი მორალი ამოძრავებთ პოლიტიკაში შემოსვლის, მათ უფრო სხვანაირი, კეთილშობილი სტანდარტები უნდათ, მაგრამ ისინი ხედავენ ამდენ ძალადობას, სიბინძურეს, ურთიერთშეურაცხყოფებს და ბრალდებებს. ნუ იქნება პირადი ცხოვრების კადრების დემონსტრირება, შავი პიარის აგორება, ნუ იქნება მცდელობა, რომ პოლიტიკა ვაქციოთ მძიმე ურთიერთდაპირისპირებების სივრცედ და ქალბატონებს უფრო მეტი სურვილი ექნებათ ჩაერიონ და ემსახურონ თავიანთ სამშობლოს. კვოტირება არ არის მიზნის მიღწევის საშუალება. ეს არ არის ის, რომ ქალის პოლიტიკური რესურსი იყოს მეტად საზოგადოებრივად გამოყენებული. მიზეზი, რომ ქალები არ ერევიან პოლიტიკაში არის ის, რომ პოლიტიკა იქცა ძალადობის, სიბინძურის და აგრესიის სივრცედ. ეს სივრცე მოვხსნათ და მერე ნახეთ რამდენ ქალბატონს გაუჩნდება პოლიტიკაში მოსვლის სურვილი. კვოტა ქალისთვის შეურაცხმყოფელიც არის, როდესაც ქალს ეუბნებიან, რომ შენ სიაში იმიტომ კი არ ეწერები, რომ პროფესიონალი ხარ, არამედ იმიტომ, რომ შესაბამისი სქესის წარმომადგენელი ხარ. კანონმდებლობით ასეთი რაღაცა, უფრო ტოტალიტარულ საზოგადოებას ახასიათებს, ვიდრე დემოკრატიულს. ამიტომ, შევქმნათ დემოკრატიული გარემო და ქალებს ექნებათ სურვილი აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

კონგრესმენ მალინის განცხადებაზე მინდა გკითხოთ, სადაც ივანიშვილს ადანაშაულებს რუსეთთან ურთიერთობაში, რომ თითქოს ის ცდილობს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესის განდევნას და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ნებისმიერ არჩევნებზე არის რუსული გავლენაც და დასავლურიც, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კონგრესმენების ასეთი აქტიურობა უბრალოდ შეურაცხმყოფელია თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორადაც ჩვენ ვთვლით საკუთარ თავს?

- საქმე ისაა, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, არჩევნები ჩატარდეს გარე ფაქტორების და გავლენების გარეშე. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება მიიღოს და ასახოს პარლამენტში არა ის განწყობები, ვის რა უნდა საქართველოსგან, არამედ ქართველ ხალხს რა უნდა. სუვერენიტეტი არის საშინაო და არის საგარეო სუვერენიტეტი. ხელისუფლება ქვეყანაში უნდა გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ამოცანა არ არის იმაზე აპელირება, რომ ჩვენ პროდასავლურები და დემოკრატიულები ვართ. ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპული არჩევანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იქიდან ველოდებით ინსტრუქციებს, რომელსაც შევასრულებთ. ჩვენ მოგვწონს ევროპული ღირებულებები, ევროპული დემოკრატია და სწორედ მაგიტომ გვინდა, რომ ხალხის ნება იყოს პოლიტიკაში განმსაზღვრელი. პრორუსული იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პროდასავლური, მე მაინც არ მინდა, რომ ქართველ ხალხზე ვინმე დომინირებდეს, არც ივანიშვილი, არც სააკაშვილი და არც ხაზარაძე. სხვა მხრივ, მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ კონგრესმენები თავიანთ აზრს გამოხატავენ. მე არ ვუყურებ ბიძინა ივანიშვილს როგორც პრორუსულ ძალას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ მან შექმნა ისეთი პოლიტიკა, რომ ივანიშვილი პარლამენტარებისგან და მინისტრებისგან მოითხოვს, მას დაუჯერონ და არა ხალხს. გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს თუ არა პარლამენტი, ამაზე ბიძინა ივანიშვილისგან ნებართვა არ უნდა აიღოს პარლამენტმა, ის დამოუკიდებელი ფუნქცია უნდა ჰქონდეს და დეპუტატებს არ უნდა ჰქონდეთ იმისი განცდა, რომ მათი პარლამენტში მოხვედრა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და არა ხალხის. მე ბიძინა ივანიშვილზე კარგიც ბევრი მითქვამს. მას ფულიც ბევრი აქვს, ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვს და თუ რაიმე უნდა გააკეთოს ხალხისთვის და ქვეყნისთვის, გამიხარდება და ხალხის სამსახურის ფუნქცია პარლამენტს არ უნდა ჩამოართვას და თავისკენ არ უნდა წაიღოს. ამას ძალაუფლების უზურპაცია ჰქვია. მიშას ჩვენ რატომ ვუპირისპირდებოდით? - ხალხი არ აინტერესებდა, ხალხს ართმევდნენ ქონებას, ჩაგრავდნენ. თუ ხალხს ხელისუფლება აქცევს ზურგს, ეს ხელისუფლება ლეგიტიმური ვეღარ იქნება იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ხალხის, არ შეიძლება ქვეყანა იყოს ერთი და ორი ადამიანის. თუ ერთი ადამიანისაა, ესე იგი ტირანია, თუ ორის, მაშინ ოლიგარქია. მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია კონგრესმენების სიტყვაც მოვისმინოთ და ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება რუსეთსაც, უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხეები შეიძლება მოდიოდეს იქიდან, მაგრამ მთავარი უნდა იყოს ის, რომ ქართველი ხალხი არის ამ პროცესებში მბრძანებელიც და პოლიტიკოსები კი ვართ ქართველი ხალხის მსახურები და ნების შემსრულებელნი. თუ ეს პროცესები არ დაფიქსირდა, მე არც მთავრობის ლეგიტიმაციას არ ჩავთვლი ადეკვატურად და ე.ი.  არც სუვერენიტეტი არ აქვს ამ ქვეყანას და არც მორალური უფლება არ ექნება ხელისუფლებას ილაპარაკოს. თუ შენ ხალხისგან ლეგიტიმაცია არ გაქვს, შენ ხელისუფლება მიიღე დაშინებით და ხალხის მოტყუებით, საერთოდ რაზეა საუბარი მაშინ. მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მსახურებით უნდა იყოს პოლიტიკოსი პოლიტიკაში.