„იმის შიში მაქვს, 31 ოქტომბრის შემდეგ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ დაგვჭირდეს“

„იმის შიში მაქვს, 31 ოქტომბრის შემდეგ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ დაგვჭირდეს“

„რატომ მაინცდამაინც მკოიანები და ოქრიაშვილები? მაჟორიტარებშიც იყვნენ კარგი დეპუტატები. იქ იყო ჩემი მეგობარი ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, ზაზა გაბუნია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები არ უნდა იყვნენ. ეს რამდენად ჯდება ოპოზიციონრების რიტორიკაში, თუნდაც გიორგი ვაშაძის ნათქვამში, რომელიც აფრთხილებს „ოცნებას“, გაემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად. ნაცები უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, თუ უფრო ადრე არა, ოქტომბერში მაინც გათავისუფლდება პოლიტპატიმარი ურუა, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიცვლება.

- უკვე დაიწყო წინასაარჩევნო ბატალიები, ეს არის წინასაარჩევნო კუნთების თამაში და ეს წინასაარჩევნო რიტორიკის ვორდინგია. მთავარი გამწევი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, სამწუხაროდ, რჩება ასეთ ძალად, მაგრამ იმედია, სხვა პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს ორი პარტია დაკარგავს თავის მონოპოლიას საერთო ოპოზიციურ პარტიებზე და ბიპოლარული სისტემა დაინგრევა.

რისთვისაც ვითომდა იბრძოდნენ ნაცები და ევრონაცები, ბოლომდე არ მიყვნენ იმ საქმეს და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. მივიღებთ თუ არა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ხალხის ნების გამომხატველ პარლამენტს?

-ვერ ვიტყვით, რომ ამ ცვლილებების მიხედვით მივიღებთ განსხვავებულ პარლამენტს. ყველაფერი იგივე დარჩება, რაც წინა პარლამენტების არჩევნების დროს იყო. უბრალოდ, ერთი ნიუანსია, ეს ცვლილებები მიესადაგება ახალ კონსტიტუციურ მოდელს. თუ წინა შერეული მოდელით ჩატარებული არჩევნების გრავიტაციის ცენტრი, ანუ ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო მაჟორიტარებზე და მაჟორიტარების რაოდენობა წყვეტდა, რეალურად, პარლამენტში არსებულ ძალთა ბალანსს, დღეს უკვე ეს ბალანსი შეიცვალა პარტიული სიების ფორმატში. დღეს უკვე პარტიული სიები გადაწყვეტენ ძალთა ბალანსს. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც დისპროპორციას ცვლის საპირისპირო მიმართულებით. ადრე იყო მაჟორიტარები, ახლა არის პროპორციული სიის წარმომადგენლები. განსაკუთრებით, საინტერესოა 40%-იანი ჩამკეტი ბარიერი, რომელიც ჩვენს რეალობაში პირველად შემოვიდა. რამდენად შეესაბამება ეს დღევანდელ ქართულ რეალობას, ამას არჩევნები გვიჩვენებს. თუმცა იმის შიში მაქვს, 31 ოქტომბრის შემდეგ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ დაგვჭირდეს. ეს აშკარად შეიმჩნევა. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლა არიან წარმოდგენილნი, მათ შორის, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც მარტივ მამრავლებად დაიშალა და, ფაქტობრივად, ვერ შეთანხმდნენ თბილისსა და სხვა მაჟორიტარულ უბნებში როგორ ითანამშრომლებენ, როგორც ჩანს, იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, თბილისს გარდა. თბილისში გამოინახა ძალიან მყიფე კონსენსუსი, აქ გაერთიანებული იყო 12 თუ 15 პარტია, ამას ემატება კიდევ „ნაცმოძრაობის“ სატელიტური პარტიები - „ძალა ერთობაშია“ და სხვა, რომლებშიც უკვე დაიწყო რეალური განხეთქილება. თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ დამოუკიდებელ დრეიფში წავა. პლუს, ამას ემატებიან ახალი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სოკოებივით მომრავლდნენ. მაგალითად, შეიქმნა „სოლიდარობა ალიანსისთვის“, შეიქმნა ანა დოლიძისა და კობერიძის პოლიტიკური გაერთიანება. რამდენადაც ვიცი, კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია აპირებს გამოსვლას ასპარეზზე. ფაქტობრივად, საპარლამენტო პარტიებს („ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობა“) ემატება წვრილ-წვრილი პარტიები და შეიძლება ჩვენ მივიღოთ 1992 წლის ტიპის პარლამენტი. იმდენად ჭრელი სურათი შეიძლება იყოს, რომ ამ სიჭრელემ გამოიწვიოს საპარლამენტო კრიზისი და საპარლამენტო კრიზისმა შეიძლება გადაინაცვლოს პოლიტიკურ კრიზისში.

1992 წელი ვახსენე, იმ პერიოდში ყველა პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და ერთი წლის იმ პარლამენტმა ვერ შეძლო მთავრობის დაკომპლექტება. იგივე თენგიზ სიგუა იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. იმედია, ახლა ამ გაფართოებული მაჟორიტარების ოლქების ხარჯზე პოლიტიკური ფეოდალები ჩაიხსნებიან და პოლიტიკური ფეოდალიზმის ხანა სამუდამოდ დასრულდება, მათ არ ექნებათ საშუალება, დიდი ხნის განმავლობაში უსაქმურად და ფუქსავატურად იყვნენ პარლამენტში და საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობა უზრუნველყონ. მკოიანების, ოქრიაშვილების, ე.წ. პარლამენტარების ხანა დასრულდება.

ახალი მოწვევის პარლამენტში ე.წ. მცონარე დეპუტატების არსებობას გამორიცხავთ?

- ასეთი დეპუტატები, ცხადია, გაჩნდებიან, საზოგადოება როგორც არის პოლიტიკურად გათვითცნობიერებული, ისეთი პარლამენტარები გვეყოლება. დაბალხარისხოვანი პარლამენტი იყო, არის და მომავალშიც იქნება. ამისგან დაზღვეული არ ვართ, ამას უნდა შევეგუოთ, ასეთები, ბუნებრივია, პარლამენტში მოხვდებიან. მე თუ მკითხავთ, ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა პირველი კონსტიტუციის ვარიანტი, როდესაც იყო ქვედა, ანუ პროპორციული და ზედა მაჟორიტარული სისტემა, ანუ სენატი და ქვედა პალატა. ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს, ეს ორსისტემოვანი დაბალანსებული ვარიანტი არ შეგვიშლიდა ხელს, ამით განვახორციელებდით პოლიტიკურ რეფორმებს. მე ამას ვემხრობი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, მაინც მაჟორიტარები ასრულებენ საკუთარ მნიშვნელოვან როლს, მაჟორიტარს პირადად იცნობ, იცი, ვის უნდა მიაკითხო და, ელემენტარულად, ეს მომენტი თამაშობს სერიოზულ პოზიტიურ როლს. პროპორციულში კი შეიძლება ისეთი ადამიანები ჩასვან გაუწონასწორებელმა, ჯერ კიდევ მწვანე ყლორტებში მყოფმა პარტიებმა, რომ მცონარა და ფუქსავატი პარლამენტარები მივიღოთ. თუმცა რატომ მაინცდამაინც მკოიანები და ოქრიაშვილები? მაჟორიტარებშიც იყვნენ კარგი დეპუტატები. იქ იყო ჩემი მეგობარი ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, ზაზა გაბუნია.

ყველანი ვთანხმდებით, რომ აღარ უნდა იყოს პრიმიტიული არჩევანი - ბიძინას თუ მიშას შორის, მაგრამ ამ მოცემულობიდან, უამრავი წვრილ-წვრილი პარტიიდან გამომდინარე, რომელთაგან არც ვიცით, ვინ არიან სატელიტები, ასევე, ტრადიციული ძველი პარტიებიდან გამომდინარე, მაინც დავდგებით ტრადიციული არჩევანის წინაშე-მიშა თუ ბიძინა?

- „ნაცმოძრაობას“ გააჩნია თავისი ამომრჩეველი, რომლებიც 10-დან 15%-მდეა. „ქართული ოცნება“ მაინც მოახერხებს მოხვდეს პარლამენტში, მაგრამ აქ უკვე ორპარტიული დიქტატი აღარ იქნება, შეიძლება, ორპარტიული სეგმენტი დარჩეს, მაგრამ აქ უკვე მნიშვნელოვანი იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ახლა მოხდა, კონსტიტუციური ცვლილება უფრო დამოუკიდებელი დეპუტატების მხრებზე გადავიდა. „ნაცმოძრაობა“ არ მონაწილეობდა კენჭისყრაში და, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა უმრავლესობა, დამოუკიდებელი დეპუტატების ჩარევა მაინც აუცილებელი იყო.