მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

მეცნიერებმა ძაღლის და ადამიანის ასაკის შედარების ახალი ფორმულა დაადგინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის და ძაღლის ასაკის შედარების პოპულარული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ძაღლის ცხოვრების 1 წელი ადამიანის 7 წელს უდრის, მცდარია. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი ფორმულა შეადგინეს, რომელიც ძაღლების ზრდის სიჩქარეს ითვალისწინებს. კვლევისთვის მათ ლაბრადორები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ ამ ჯიშის ძაღლები ადამიანზე გაცილებით სწრაფად იზრდებიან, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კი ეს ტემპი უფრო ნელი ხდება.

„თუ დააკვირდებით, ეს ლოგიკურია. მაგალითად, 9 თვის ძაღლს უკვე ლეკვების ყოლა შეუძლია, ასე რომ 1:7-ზე შეფარდება მცდარია“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ტრეი აიდეკერი.

მისი ჯგუფის შრომის მიხედვით, 1 წლის ძაღლი 30 წლის ადამიანს უტოლდება, 4 წლის ცხოველი 52 წლის ადამიანს. მაგრამ როცა ძაღლი 7 წლის ხდება, მისი ზრდის ტემპი ნელდება.

უფრო ზუსტი შედეგის მისაღებად მეცნიერები კვლევას ძაღლის სხვა ჯიშებშიც ჩაატარებენ.