უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასი 40 დოლარს გადაცდა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. შესაბამისად, საწვავი ძვირდება, როგორც მოსოფლიოში, ისე საქართველოში. გაძვირება არაბრედირებული ავტოგასამართ სადგურებზე კარგა ხანია დაიწყო და უკვე ბრენდირებულ აგს-ებშიც შეიმჩნევა ცვლილება.
„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა არაბრენდირებულ სადგურებში. ეს სეგმენტი ძალიან სწრაფად რეაგირებს როგორც ფასების დაცემაზე, ასევე მატებაზეც.
ამ ეტაპზე არაბრენდირებულ სადგურებში საწვავის ფასი დაახლოებით 1,60 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ სადგურებში 1 ლ. „რეგულარის“ ტიპის საწვავი 1,78-180 ლარად იყიდება.
რაც შეეხება „პლატცის“ ფასს, ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, 1 ტონა ბენზინის ღირებულება 370 დოლარია, დიზელის ფასი კი 342 დოლარს შეადგენს.
„რაღაც პიკზე ავიდა ფასი. ბაზარი ჯერ კიდევ არასტაბილურია და ხშირ რყევას განიცდის. არ ვიცით, ტენდენცია როგორ გაგრძელდება, თუმცა საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასმა ბოლო პერიოდში 10-15 თეთრით მოიმატა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ცვლილება ჯერჯერობით 5-6 თეთრის ფარგლებშია.
ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ნავთობპროდუქტების ღირებულების საკითხი დღეს კორონავირუსზეა დამოკიდებული. თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება, ფასი გაიზრდება, გაუარესების შემთხვევაში კი დაიკლებს“, - აღნიშნა იაკობიძემ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილიც ადასტურებს, რომ ახლა პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან უცნობია, სამომავლოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით როგორი ვითარება იქნება.
„პანდემიის გამო, მარტის ბოლოდან ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირება იყო მთელ მსოფლიოში. ძირითადი მიზეზი კი კოვიდ-19 და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები გახლდათ, ეს მსოფლიო ეკონომიკას შეეხო. ამის გამო ისტორიაში ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა, თუმცა უკვე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასის პერმანენტული მატება აღინიშნება და შეიძლება ითქვს, რომ მიმდინარე ეტაპზე, მარტის შემდგომ, ნავთობის ფასი არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ეს განპირობებულია იმით, რომ რიგმა ქვეყნებმა გააუქმეს კარანტინი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგი გაიხსნა და შესაბამისად, ამ პროცესებმა გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის ზრდა.
ადგილობრივ ბაზარზე მისი გავლენა კი აისახა იმ კუთხით, რომ არაბდენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა ფასის მატება, საშუალოდ, 10 თეთრით. ჯერჯერობით ბრენდირებულ აგს-ებში ცვლილება არ შეინიშნება.
არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ ჩვენთანაც რთულია პროგნოზის გაკეთება. ფაქტი ერთია, არაბრენდირებულ სადგურებში ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა და ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იქნება. პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლარის კურსიც, რომელიც ასევე მთავარი მდგენელია საწვავის ფასის ფორმირების პროცესში“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში რეალიზებულ საწვავის ხარისხზე, სადაც ბოლო პერიოდში ხარვეზები გაჩნდა. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯების აღება, რომელთა კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყოველი მე-3 სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხარისხობრივ ნორმებს. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, ადგილი ჰქონდა ოქტანური რიცხვის კანონმდებლობით განსაზღვრულზე დაბალ მაჩვენებელს.
აღნიშნული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთ წელიწადში იმავე სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა კვლევის შედეგად ყოველი მესამე-მეოთხე სინჯიდან ერთი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტოგასამართი სადგურების რიგი ოპერატორების მიერ სისტემატურად ადგილი აქვს არაკონდიციური, უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტებს. ეს საწვავი შეიძლება იყოს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად წარმოებული. ყოველივე ეს კი ხდება მიზეზი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და აქედან გამომდინარე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების“, - აცხადებენ ნავობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
ამიტომ, მათი მოსაზრებით, აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი დაექვემდებაროს მუდმივ კონტროლს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას.