გიორგი ბარამიძე - “ჟვანიას ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ”

გიორგი ბარამიძე - “ჟვანიას ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ”

ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული დაღუპვის შესახებ კვლავ დიდი ვნებათაღელვაა საზოგადოებაში. შეშფოთებულია მისი ოჯახი, შეშფოთებული არიან მისი მეგობრები და მთელი საქართველო. პრემიერ-მინისტრი მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა? ხალხს სიმართლის გაგება სურს და ამ საქმის უცნაურად გაჭიანურებულ და გასაიდუმლოებულ გამოძიებაზე უკვე ეჭვიც უჩნდება. იგივე ეჭვი აქვს პრემიერ-მინისტრის ოჯახს და მის მეგობრებსაც. ისინი აღშფოთებული არიან, მაგრამ არ იციან, ვისი მისამართით გამოხატონ აღშფოთება. პრემიერის გარდაცვალების საიდუმლოს ამოუხსნელობა ყველა ჩვენგანს უკარგავს სიმშვიდეს.

ხალხი პასუხს ხელისუფლებისგან ელის, მაგრამ ხელისუფლება დუმს, არაფერს ამბობს. ხელისუფლებას უთუოდ მოუწევს ამ საქმეში კარგად გარკვევა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, იმის თქმა, თუ რატომ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან აშშ-ის ექსპერტების დასკვნის ქართული და ინგლისური ვერსიები, რატომ არ შეასრულა პრემიერ-მინისტრის დაცვამ თავისი მოვალეობა, რატომ და ვისი მითითებით მოქმედებდა დაცვის თანამშრომელი, როდესაც პრემიერ-მინისტრის სეიფს ხსნიდა, რატომ იძლეოდა ის ცრუჩვენებას, რომ კონსპირაციულ ბინაში შესვლისას გაზის შიშინი მოესმა... მოკლედ, ბევრი “რატომ” არის და ყველა მათგანზე კომპეტენტური, არგუმენტირებული პასუხია საჭირო.

“კვირის პალიტრამ” ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან მოახერხა ამ საკითხზე საუბარი.

- სამწუხაროდ, ზოგიერთები (პოლიტიკოსები თუ სხვები) ზურაბ ჟვანიას ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერას ან საკუთარი ფინანსური ინტერესების ლობირებას ცდილობენ. ცდილობენ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მისივე გუნდის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ზურაბ ჟვანიას იმ მეგობრებს, რომლებიც ხელისუფლებაში ვართ, ოპოზიციაზე ბევრად მეტი საშუალება გვაქვს საქმის გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენისა და იმის დასადგენად, რა მოხდა - მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა. ამას ჩვენ სახელმწიფო კონტაქტებით გავაკეთებთ და იმ ხელისუფლებას, რომელშიც თავად ვართ, ტელევიზიით ვერ დაველაპარაკებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ჩვენზე მეტად წუხს. ყველა “შეწუხებულ” პირს მინდა ვუთხრა - მათი ცრუმზრუნველობა ზურაბ ჟვანიას არ სჭირდება. მისი მეგობრები, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული ჩემით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავადგინოთ ზურაბის დაღუპვის რეალური მიზეზები. შესაძლოა, ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე უთუოდ გაცხადდება.

მასალებს, რომლებიც ზურაბ ჟვანიას ოჯახმა მიაწოდა გამოძიებას, რეაგირება არ მოჰყოლია. რატომ არ სვამს გამოძიება იმ კითხვებს, რაც ჟვანიას ოჯახს აქვს და პირადად თქვენ რა კითხვები გაგიჩნდათ?

- კითხვები, რომლებიც დასვეს ზურაბ ჟვანიას ძმამ და მეუღლემ, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვებია. იგივე მაღელვებს მეც და ქართველ საზოგადოებასაც. კითხვებს რომ აქამდე პასუხი არ გაეცა, ცუდია, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად გაირკვევა... ჩვენ არაერთხელ შევხვდით ამის თაობაზე პრეზიდენტს. გასულ შაბათს შეხვდა მას ზურაბის ოჯახიც. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ზურაბის დაღუპვის ამბავი სრულფასოვნად გამოიძიონო.

ზურაბ ჟვანიას მეუღლემ და ძმამ პრეზიდენტს სთხოვეს, რომ ძიებაში ევროპელი სამართალდამცველებიც ჩართულიყვნენ. ამაზე თუ მიიღეს თანხმობა?

- თუ საჭირო გახდება, ამ მექანიზმსაც გამოვიყენებთ. ევროპიდან ექსპერტებსაც მოვიწვევთ და გამომძიებლებსაც. როგორც ზურაბის მეგობარი, პრეზიდენტი პირადად არის ჩართული ამ საკითხების შესწავლაში.

როდესაც ბინაში, სადაც პრემიერი გარდაცვლილი იპოვეს, ვერ აღმოჩნდა მისი ხელის ანაბეჭდი, როდესაც მისი დაცვის უფროსი ხსნის სეიფს და ქრება დოკუმენტები, თქვენთვის ეს საეჭვო არ არის?

- რა თქმა უნდა, ყველაფერ ამაზე სერიოზული ეჭვები მაქვს. რა თქმა უნდა, მაეჭვებს, რომ ზურას ანაბეჭდები ვერ აღმოჩნდა. ვიცით ისიც, რომ სეიფი დაცვის თანამშრომელმა გააღო, მაგრამ უნდა გაირკვეს, რატომ გააღო, რა მოტივით და რა იყო მისი ასეთი მოქმედების რეალური მიზეზი. ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოძიებას უფრო მეტი კომპეტენტურობა სჭირდება.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული გამოძიებისათვის ხელის შეშლით, ან ვინმე ხომ არ ახდენს მასზე ზეწოლას?

- ვის უნდა შეეძლოს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობაზე ზეწოლა? თუ ვინმეს საქართველოს პრეზიდენტზე აქვს ეჭვი, ეს მისი ზნეობის ამბავია. უზნეობაა იმის თქმა, რომ პრეზიდენტსა და ზურაბის მეგობრებს მომხდარის გამოძიება არ უნდათ.

ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ, უნდათ დააფიქსირონ ხელისუფლებაში ვითომ არსებული დაპირისპირება, ვითომ ვიღაცაზე ზეწოლა, ვითომ რაღაც კონსპირაციულად ხდება, ვითომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ბურუსით არის მოცული... მიმდინარეობს ამოუცნობი კულუარული თამაშები და ა.შ. ასეთი ხალხისთვის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებაზე ლაპარაკი იარაღია ჩვენს წინააღმდეგ.

ლევან სამხარაულის მკვლელობა ზურაბ ჟვანიას დაღუპვას დაუკავშირეს. რამდენად სწორია ეს ვარაუდი?

- ვისაც როგორ უნდა, ისე აბამს ერთმანეთს რაღაც საქმეებს. გამომძიებელი არ ვარ და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. თეორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს. არ ღირს ასეთ საქმეზე არაკომპეტენტური პირების ლაპარაკი - საიდან იციან, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს?

პრემიერ-მინისტრის ძმა ამბობს, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. თქვენი აზრით?

- მე მინდა ვიცოდე, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ მკვლელობა. ორივე ვერსია არსებობს და არგუმენტები ორივეს არსებობისთვის საკმაოდ არის, ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ გამოძიებაში დამატებითი ევროპული ძალები ჩაერთვებიან. ჩვენ გამოძიების დასრულებას დაველოდებით. მანამდე კი ვარაუდების გამოთქმა ყავაზე მკითხაობას დაემსგავსება, ჩვენ კი ნამდვილად არ გვინდა ზურაბის დაღუპვაზე ვიმარჩიელოთ. ჩვენ სიმართლე გვაინტერესებს, ისევე როგორც ქართველ საზოგადოებას.

ამერიკელების დასკვნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე გაკეთდა, მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. თქვენ თუ გაეცანით მას და რა წერია იქ სინამდვილეში?

- ზურაბის მეუღლემ სავსებით სწორად ჩამოაყალიბა ის არგუმენტები, რაც ეჭვს იწვევს. ცხადია, ეჭვის საფუძველი აქაც არის, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, დასკვნის ქართული ვარიანტი ამერიკელების მოწოდებულია. ვიმეორებ, ჩემი ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ მიაწოდა პროკურატურას როგორც ინგლისური ტექსტი, ასევე მისი თარგმანი.

ერთიც მინდა გითხრათ, თავის დროზე ზურაბ ჟვანიას გუნდმა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილს დასდგომოდა გვერდით და ერთად გვეშენებინა ქვეყანა. ჩვენ რომ ამ გზას გადავუხვიოთ, ერთმანეთი რომ დავჭამოთ და ერთმანეთს დავშორდეთ, იმათ გავახარებთ, რომლებიც ჩასაფრებული გვყვანან. რა რეაგირებას ელიან, რა უნდათ?! ის, რომ ტელევიზიით გამოვიდე და მიხეილ სააკაშვილი ვლანძღო? საკუთარი ხელისუფლება ვაგინო ან გადავდგე? ეს უნდა ვქნა მე, გიორგი ბარამიძემ?! ეს ხომ იმ პირების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელთაც ჩვენი ავი უხარიათ. როგორ გგონიათ, გაუხარდებოდა ზურაბ ჟვანიას ჩემი ასეთი საქციელი? მე ისე ვიქცევი, როგორც საკუთარი სინდისი მკარნახობს. ტელევიზიით მე არ დაველაპარაკები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ყველაზე მეტად დღეს ზურაბის დედა, ცოლი, ძმა, ბავშვები არიან შეწუხებული და ჩვენ, მისი მეგობრები, მათ გვერდით ვდგავართ.

ძალიან კარგად ვიცი, ჩემზე ნაკლებად კი არა, მეტადაც არის დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით მიშა სააკაშვილი. განა ეპარება ვინმეს ეჭვი იმაში, რომ ზურაბის სიკვდილი მიშასთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო?! რა, მიშა სააკაშვილს შევეჯიბრო, მასზე მეტი გულმოდგინება გამოვიჩინო და მე, სახელმწიფო მინისტრი, ტელევიზიით ველაპარაკო საქართველოს პრეზიდენტს? ეს აჟიოტაჟი იმათ ატეხეს, ვინც მთელი ცხოვრება ზურაბს ლანძღავდნენ და ლამის ქვეყნის დამაქცევრად აცხადებდნენ...

ამ კითხვებმა ტელევიზიითაც გაიჟღერა, ანუ ჟურნალისტებსაც აკრიტიკებთ?

- არავის არ ვაკრიტიკებ. ყველამ საკუთარ სინდისს ჰკითხოს და შეაფასოს საკუთარი საქციელი. მიპასუხონ, ნორმალურია თუ არა, როცა ხელისუფლებაში მყოფი პირები ერთმანეთს ტელევიზიით ელაპარაკებიან? ეს რომ გაგვეკეთებინა, მერე იმას იტყოდნენ - ეს რა ხელისუფლებაა, ერთმანეთს ტელევიზიით ელაპარაკებიანო. თუ მე ოდესმე ტელევიზიით დავიწყე ლაპარაკი ხელისუფლებაზე და სხვა გზით ვერ მოვაგვარე მასთან ურთიერთობა, სწორედ ეს იქნება რთული ვითარების მანიშნებელი. შესაძლოა, ათასი ეჭვი და მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე პრესაში ჭორაობას არ დავიწყებთ...