„ნაცებსა და ევრონაცებს შორის ის „განსხვავებაა“, მენშევიკებსა და ბოლშევიკებს რომ ჰქონდათ ოქტომბრის რევოლუციამდე“

„ნაცებსა და ევრონაცებს შორის ის „განსხვავებაა“, მენშევიკებსა და ბოლშევიკებს რომ ჰქონდათ ოქტომბრის რევოლუციამდე“

„შალიკოს ფანჩატურში ყველა პარტიას სხვა პერსპექტივა არ აქვს პატრონის გარეშე და, ამ შემთხვევაში, მათ ეპატრონებიან ნაცები, ანუ მათი ქოლგის ქვეშ არიან“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ოპოზიციამ წინასწარ „მოირგოპარლამენტართა სკამები და უკვე აკომპლექტებს, ვისთან შევიდეს ან არ შევიდეს კოალიციაში. ეს წინმსწრები განცხადებები რას ემსახურება და ვისი ნების გამომხატველი იქნება ახალი პარლამენტი?

- ცხადია, ნაბიჯი გადაიდგა მეტი პროპორციულობისკენ. პრაქტიკულად, ეს პოლიტიკური პარტიების ინტერესებშია და პარტიულ-პოლიტიკური სისტემის განვითარებას ემსახურება. პრაქტიკულად, ბარიერი გაუქმებულია, 1%-იანია და საკმარისია მინიმალურად მინიმალური ხმა, რომ ესა თუ ის პარტია პარლამენტში მოხვდეს და თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს. მიზანი ეს არის, რადგან ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო წყობაზე, ასეთ წყობაში წარმომადგენლობითი დემოკრატიების მთავარი სუბიექტები არიან პარტიები, ხელისუფლება ხორციელდება პარტიების ჩართულობითა და მონაწილეობით, პარტიები აკომპლექტებენ ხელისუფლებას. როგორც წესი, წარმატებული პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ან პარტიათა კოალიცია ქმნის თავის მთავრობას. ეს ნაბიჯია იქითკენ, პარტიის პოლიტიკური სისტემა განვითარდეს, უფრო კონკურენტული გარემო იყოს, პარტიების შექმნას, მათ ასპარეზს, პარლამენტში მოხვედრას უფრო გაეხსნას გზა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მონოპოლიზებული სივრცის დემონოპოლიზაცია მოხდეს, რაც ძირითადად ნაცების, ამ რევანშისტული დესტრუქციული ოპოზიციის გამოა შექმნილი. ამით სხვა პარტიებს განვითარების რეალური საშუალება ეძლევათ.

ვერ ვიტყვით, რომ პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი გამოხატავს ხალხის ნებას და მაჟორიტარული არ გამოხატავს. ასე არ არის, ორივე სისტემა დემოკრატიულია - პროპორციულიც, მაჟორიტარულიც, ორივეს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. მაჟორიტარულის ნაკლია, რომ ხმების დიდი ნაწილი იკარგება, ვინც მეტი ხმა მიიღო, ის გადის და დანარჩენი ხმები არჩევნების შედეგებზე არ აისახება. პროპორციულის უპირატესობა ის არის, რომ მანდატები ნაწილდება ხმების პროპორციულად და ხმები არ იკარგება, მაგრამ პროპორციულის ნაკლი ის არის, რომ ანონიმური სიებით ტარდება არჩევნები და ამომრჩევლისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ პიროვნებას აძლევს ხმას, ანუ მთლიანად სიას აძლევს ხმას. მაჟორიტარის უპირატესობა კი სწორედ ის არის, რომ უშუალო ბმა აქვს ამომრჩევლის ინტერესთან, ის პიროვნულად არის პასუხისმგებელი. ზოგადად, ქვეყნის ინტერესია, პარტიულ-პოლიტიკური სისტემა განავითაროს.

ადრევე იყო ეჭვი, რომ ნაცები ტყუილად იკლავდნენ თავს ლეიბორისტების მაგიდასთან დასხდომით და სულაც არ აწყობდათ საკონსტიტუციო ცვლილებები. ბოლოს ეს იმითაც დაადასტურეს, რომ არც კი ისურვეს ამ ცვლილებების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება. აწყობდათ კი ნაცებს ეს ცვლილებები?

- არსებითად არ არის ეს ნაცების ინტერესში. ნაცების ინტერესშია მონოპოლიზებული მდგომარეობა, რაც აქვთ, ანუ ორპოლუსიან სისტემაში მეორე პოლუსის დაკავება. მათი მიზანია, ყველა საბაბი და რესურსი გამოიყენონ, ხელისუფლებას ძირი გამოუთხარონ. ეს არ კეთდება იმისათვის, რომ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს, ან პარტიულ-პოლიტიკური სისტემა განვითარდეს. ევრონაცებსაც იგივე ინტერესი აქვთ. ნაცებსა და ევრონაცებს შორის ჩემთვის განსხვავება არ არის, ეს ის „განსხვავებაა“, მენშევიკებსა და ბოლშევიკებს რომ ჰქონდათ ოქტომბრის რევოლუციამდე, რევოლუციის შემდეგ კი მათი გზები გაიყო. მათი მიზანია კორპორაციული კერძო ინტერესებით ძალაუფლების მოპოვება. მათ შორის უბრალოდ ტაქტიკური განსხვავებაა, სტრატეგიულად ისინი ერთი და იგივე მიზნისკენ მიდიან. იდეაში, ეგენი უპირისპირდებიან არა მარტო დემოკრატიას თავიანთი ულტრალიბერალიზმის გამო, არამედ ერის, სახელმწიფოს იდეას.

ეს ნიშნავს, რომ ნაცების ინტერესში არ არის ახალი პარტიების მომრავლება და ფართო პოლიტიკური სისტემის განვითარება?

- მათ არ აწყობთ ფართო პოლიტიკური სისტემის განვითარება, რადგან ამის გარეშე გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ. მთავარი ის იყო, რომ მაჟორიტარულს და პროპორციულს ვინც იგებდა შერეულ სისტემაში, ის დიდ უმრავლესობას იღებდა პარლამენტში. ახლა კი მათ შეეზღუდათ მანდატების რაოდენობა, რაც შერეულ სისტემაში მოსალოდნელი იყო, რომ ისევ აიღებდა „ქართული ოცნება“. ეს თითქოს შეზღუდეს, მაგრამ ეს ნაცების სასარგებლოდ არ მოხდება. მოხდება ისე, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად წვრილ-წვრილი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში. ასეთი მოლოდინია და ეს ჩანს კიდეც, რომ მაჟორიტარულ მანდატებს უკლებლივ მოიგებს „ქართული ოცნება“, პროპორციულშიც დიდ უმრავლესობას „ქართული ოცნება“ აიღებს და, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შექმნის, „ქართული ოცნება“ ახლოს იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობასთან. სამაგიეროდ, მოხვდებიან სხვა წვრილი პარტიები, რომელთაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების შანსი ეძლევათ, რომ ნაცების ბანაკში აღარ მოხვდნენ. ახლა ხომ მთელი უბედურება ეგ არის, რომ შალიკოს ფანჩატურში ყველა პარტიას სხვა პერსპექტივა არ აქვს, რესურსი ძალიან ცოტა აქვს, ვერ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და, თუ გამოუჩნდა ვინმე პატრონი და, ამ შემთხვევაში, მათ ეპატრონებიან ნაცები, მათი ქოლგის ქვეშ არიან. ბევრი რამ იცვლება, ამ არჩევნებზე არ მოხდება ასეთი ცვლილება, რადგან ბლოკები ისევ დაშვებულია, მაგრამ 2024- დან ბლოკები აღარ იქნება, თითოეული პარტია ინდივიდუალურად წარდგება ამომრჩევლის წინაშე. პოლიტიკური სისტემის მთავარი ამოცანაა, პარტიები განვითარდნენ და პარტიული დემოკრატია მივიღოთ ქვეყანაში. წარმომადგენლობითი დემოკრატია კი პარტიების გარეშე არ არსებობს.