სამართალი და რევანში საქართველოში

სამართალი და რევანში საქართველოში

კომენტატორები კითხულობენ – როდესაც საქართველოს ახალი მთავრობა ყოფილ პოლიტიკურ მეტოქეებს აპატიმრებს, რას წარმოადგენს დაპატიმრებების ეს ტალღა, სამართლიანობის აღდგენას, თუ რევანშს? ძალისმიერი ქმედება ორივეს ნიშნავს. მაგრამ, ამავე დროს, შეკითხვა ალბათ არასწორად არის დასმული. საქმე ის კი არ არის, რა დანაშაულებანი ჩაიდინეს სააკაშვილის ყოფილმა მინისტრებმა, ამ დანაშაულებათა შეფასება მხოლოდ დამოუკიდებელ გამომძიებლებს შეუძლიათ, აქცენტი სხვა საკითხზეა გადასატანი – დემოკრატიის კონსოლიდაციაზე და პოლიტიკური ინსტიტუტების განმტკიცებაზე.


იმით, რომ ხელისუფლების გადაცემას სამართლიანობის პრობლემად აქცევენ, ბევრი ცდილობს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრი მტრედივით უცოდველად დახატოს. ასე იქცევიან ისინი 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ დღემდე. სააკაშვილის ამ უპირობო დამცველებს ადრევე უნდა დაეწყოთ მისი კრიტიკა, რათა ეიძულებინათ, ნამდვილი დემოკრატივით ემოქმედა. ეს იქნებოდა საუკეთესო გზა, რომელიც სააკაშვილს საკუთარი თავისგან დაიცავდა. დღეს ეს მხარდამჭერები და მისი ყოფილი მინისტრები ოპოზიციასა და დაბალანსებულ მედიას, სამართალსა და დაცვას სთხოვენ. არადა, ასეთი რიტორიკისთვის ბოლო რვა წლის განმავლობაში რომ მიემართათ, დღეს მათი მოთხოვნები უფრო სარწმუნო იქნებოდა.

სააკაშვილი იმსახურებს ქებას იმ ძალიან რთული და ხშირად წარმატებული რეფორმებისთვის, რომელიც ბევრ სფეროში მისი ინიციატივით ჩატარდა. კორუფცია ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა. მოსამართლეები და პოლიციელები ქრთამს აღარ იღებენ. კრიმინალური შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. საჯარო სამსახურები მოდერნიზებულია. მაგრამ არსებობს სხვა ასპექტიც, როგორც ეს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაირკვა. ქართველებმა პირველად იხილეს, როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ პატიმრებს ციხეში. ეს სკანდალი, რომელიც იმ დროს შემთხვევით არ ამტყდარა, მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, „ქართული ოცნებას“ გამარჯვებაში დაეხმარა.

სააკაშვილმა ორი მიმართულებით დაუშვა შეცდომა. პირველი, ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ დემოკრატიზაციას სახელმწიფოს მშენებლობა უნდა უსწრებდეს. მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო კრიმინალთან ბრძოლა თუნდაც სასტიკი მეთოდებით, ვიდრე კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მტკიცე სისტემის შექმნა. მეორე, მან და მისმა გუნდმა ისე ჩაატარა ლიბერალური რევოლუცია, რომ უარი არ უთქვამთ არალიბერალურ საბჭოთა მემკვიდრეობაზე: ისინი კრიტიკულად განწყობილებს ან „ვარდების რევოლუციის“ მტრობაში ან პრორუსულობაში სდებდნენ ბრალს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ბრალდებები ნაწილობრივ სამართლიანი იყო, მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში ჭეშმარიტად ლიბერალური ატმოსფეროს შექმნა. სწორედ ამიტომ კლავდნენ ისინი ძირშივე ზოგიერთ ოპოზიციურ მოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილისადმი და მისი წარსული „რუსი“ ოლიგარქობისადმი გარკვეული უნდობლობა არსებობდა, 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ის პოლიტიკაში მოვიდა და სააკაშვილის დამარცხების პირობა დადო, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მის მოძრაობას შეუერთდნენ.

დღეს სააკაშვილის ჯიუტ მხარდამჭერებს სწამთ, რომ 20-ზე მეტი ჩინოვნიკი, მათ შორის, პენიტენციარული და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მიზნით დააპატიმრეს. არგებს კი ეს ყველაფერი საქართველოს? რა თქმა უნდა, არა.

ამჟამად ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებებს ყოფილი ტუსაღები აძლევენ, მაგალითად, იმის გამო, რომ, მათი თქმით, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ახალაია მათ აწამებდა. ზოგიერთი სამხედროც ასევე აცხადებს, რომ აწამეს, რათა არმია 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ უფრო ლოიალური გამხდარიყო. „თუ შენ მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა წარდგე სასამართლოს წინაშე. ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ დაუსჯელობის იმ განცდას, რომელიც პრევალირებდა სააკაშვილის მმართველობისას“, განაცხადა 37 წლის წულუკიანმა, საქართველოს იუსტიციის ახალმა მინისტრმა.

ზოგიერთი საქმე საერთოდ არ არის პოლიტიკური. „მას შემდეგ, რაც მე მინისტრად დავინიშნე (25 ოქტომბერს), ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა მომმართა. ისინი ითხოვენ მათი საქმეების გადახედვას, რადგან აწამეს ციხეში, ან უკანონოდ წაართვეს ქონება“, ამბობს წულუკიანი. უფლებამცველები წლების მანძილზე გმობდნენ საკუთრების უფლების დარღვევას, უსამართლობას სასამართლოებში (გამამართლებელი განაჩენი შემთხვევათა 0.1 პროცენტში გამოჰქონდათ); კონტროლს მედიაზე (მიუხედავად იმისა, რომ აქ მედია უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობაში) და სახელმწიფოს ბიუჯეტის არატრანსპარენტულ ხარჯვას.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი დაპატიმრებები არ არის რევანშიზმით მოტივირებული და „შერჩევითი“. ჩინოვნიკთა უმეტესობა დაკავებულია უმნიშვნელო დანაშაულისთვის. და არ არის ცხადი, რატომ იჩქარეს გასამართლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ათამდე ოფიცრისა, რომელთაც ბრალად საარჩევნო კამპანიისას „ქართული ოცნების“ წევრების ფარული მოსმენა ედებათ.

წულუკიანი განმარტავს, რატომ დაბრუნდა სამშობლოში საფრანგეთიდან, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა: „ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი განხორციელდა. მე მინდოდა (სააკაშვილის) „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ისე, რომ მას, როგორც მმართველ პარტიას, მომავალი აღარ ჰქონოდა და ეს ძალიან მახარებს“. ახალი მთავრობა თითქოს იმავე შეცდომას უშვებს, რასაც სააკაშვილი უშვებდა ოპოზიციასთან. ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რატომ ხორციელდება სასტიკი ზეწოლა ზოგიერთ ადგილობრივ მმართველზე, რატომ ამბობენ პარლამენტარები, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აიძულებენ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დაიწყოს სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა; რატომ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და თბილისის ამჟამინდელი მერის, გიგი უგულავას, სასამართლო დევნა.

ყველაზე დიდი შეცდომა უკრაინის მაგალითის განმეორება იქნებოდა. იქ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თავისი ყველაზე ძლიერი ოპონენტი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა. ისიც არ იყო კრავივით უცოდველი, მაგრამ იანუკოვიჩის პოლიტიკური მოტივაცია იმდენად ცხადი იყო, რომ ამან შედეგად კიევის იზოლაცია გამოიღო, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ყველა ახალი მთავრობის ქმედებებმა უნდა განამტკიცოს საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტები. რეალური დემოკრატია ოპოზიციის გარეშე არ არსებობს. და თითქმის პირველად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჰყავს ასეთი ძლიერი ოპოზიცია ცხადი იდეოლოგიით (პროდასავლური და ლიბერალურ ეკონომიკაზე ორიენტირებული), ძალიან გამოცდილი ადამიანებით, ძლიერი სატელევიზიო წარმომადგენლობითა და გარკვეული რაოდენობის ფულით. ამის განადგურება იგივე იქნებოდა, რაც კონსოლიდირებული დემოკრატიის შექმნის შანსის განადგურება.

foreignpress.ge