ინვესტიციების კუთხით საქართველოში ცუდი ვითარებაა და როგორც ჩანს, ასე კარგა ხანს გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში დამაიმედებელ პროგნოზს ვერც მთავრობის წევრები და ვერც სპეციალისტები აკეთებენ. არათუ წელს, გაისადაც საეჭვოა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინების მაჩვენებელი ასე თუ ისე მისაღებ ნიშნულს დაუბრუნდეს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში კაპიტალდაბანდების შემცირების ტენდენცია პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნებისთვის ართულებს ინვესტიციების მოზიდვას.
„ცოტა პესიმისტურად ვარ განწყობილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ. დავუშვათ, დღეს რომ დამთავრდეს პანდემია, 1.5 წლის განმავლობაშიც ვერ მივალთ იმ დონემდე, რაზეც ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც არ ვიცით, დღეს დამთავრდება თუ არა პანდემია, შეიძლება განმეორდეს...
სხვადასხვა კვლევები მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40%-იან კლებაზე ლაპარაკობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვარდნა განვითარებად ქვეყნებში მეტი იქნება. ინვესტიციები აუცილებლად დაეცემა სამწუხაროდ, მაგრამ არის მეთოდები, რომლითაც კაპიტალის მოზიდვა შეგვიძლია რაღაც დონემდე ავწიოთ“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა პირდაპირი უცოხური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ორი მიმართულება გამოყო: ადგილობრივ ინვესტორებთან მუშაობა და მსოფლიოში მორღვეულ მიწოდების არხებზე მუშაობა.
„ყველაზე მოკლე გზა არის ის, რომ არსებული ინვესტორები ვინც არიან საქართველოში, ვინც უკვე აიღო ქვეყნის რისკი და ბარიერები გადალახა, მათთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, შევთავაზოთ კონკრეტული პროექტები და ფულის ჩადება. მათთან უფრო მარტივია საუბარი, ვიდრე ვიღაც უცხოელთან, რომელიც ისედაც ან აპირებდა, ან არ აპირებდა საქართველოში ინვესტირებას და ახლა პანდემიის პირობებში რამდენად გარისკავს, არ ვიცით.
მეორე მეთოდი არის ის, რომ იმ მიწოდების არხებში, რომელიც მსოფლიოში ბევრგან მოირღვა, იგივე ბანგლადეშში ან ვიეტნამში წარმოებულ პროდუქციაზე, ამ მიმართულებაში ჩავჯდეთ, რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ“, - აღნიშნა პერტაიამ.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია. იანვარ-მარტში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალია 2009 წლის შემდეგ.
კერძოდ, 2019 წლის 1-ელ კვარტალში 283.6 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, 2018 წლის ამავე პერიოდში - 323.5 მლნ დოლარი; 2017-ში - 411.7 მლნ დოლარი; 2016 წლის 1-ელ კვარტალში - 392.2 მლნ დოლარი; 2015 წლის საანგარიშო პერიოდში - 343.4 მლნ დოლარი; 2014-ში - 331.9 მლნ დოლარი; 2013 წლის ამავე პერიოდში - 291.8 მლნ დოლარი; 2012 წლის 1-ელ კვარტალში - 312.4 მლნ დოლარი; 2011-ში - 222.6 მლნ დოლარი; 2010 წლის 1-ელ კვარტალში - 176.1 მლნ დოლარი; ხოლო 2009 წლის საანგარიშო პერიოდში - 114.5 მლნ აშშ დოლარი.
PMCG კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორის ლექსო ალექსიშვილის შეფასებით, ინვესტიციების მიმართულებით საქართველო არც გასულ წლებში იყო წარმატებული ქვეყანა და ამას მრავალი ფაქტორი უშლიდა ხელს.
„ინვესტიციების კუთხით პანდემიამდეც მდგომარეობა არ იყო მთლად სახარბიელო და ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები. ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველო ვერ თამაშობს წამყვანი ქვეყნის როლს რეგიონში და გაცილებით უფრო ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, თუ შევხედავთ 2017-2018 წლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით, მაშინ ინვესტიციების წილი მშპ-ში გვაქვს ყველაზე მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და ამ რეგიონიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ალექსიშვილმა.
ალექსიშვილი იმ გამოწვევებს ასახელებს, რომელიც ინვესტიციის მოზიდვას უშლის ხელს. ეს არის რამდენიმე მიმართულებით თავისუფლება, ერძოდ, ბიზნესისთვის თავისუფლება, რეგულაციების სიმცირე, გადასახადების სიმცირე, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიგრაციის შესაძლებლობა.
„ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოში მაღალკვალიფიციური მოხელეების ჩამოყვანა, რათა მათ აქედან მართონ ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში. ამას ემატება სამართლის უზენაესობა და განათლება და შრომის კულტურა, რომელიც მცირეა ამ ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ დიდი ამბიციები შევასრულოთ ამ პროცესში და ინვესტიციები მოვიზიდოთ.
ინვესტიცია ეს არ არის ფულის მოზიდვა. ინვესტიცია ეს არის საქმის მოზიდვა და საქმე რომ მოვიზიდოთ, ჩვენ ამ საქმისთვის მზად უნდა ვიყოთ და საქმისთვის რამდენად ვართ მზად, ეს არის ყველაზე მთავრი შეკითხვა“, - განმარტა ალექსიშვილმა.
წლის დასაწყისიდან ინვესტიციების კლების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ქვეყნების უმრავლესობიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადები მკვეთრად შემცირდა. ამასთანავე, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა საქართველოდან ინვესტიციების გადინებაც, რაც ინვესტორთა მხრიდან ვალდებულების მომსახურებას უკავშირდებოდა. რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც ტოპ ინვესტორთა რიგებში იყვნენ, პირიქით, გამსვლელი საინვესტიციო ნაკადები დაფიქსირდა. მათ შორისაა აზერბაიჯანიც, სადაც საქართველოდან 13.9 მილიონი დოლარი გავიდა. ამაზე უფრო დიდი იყო გამსვლელი საინვესტიციო ნაკადი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებში და ის მინუს 38 მილიონ დოლარს შეადგენდა.