პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების პროგრამით სახელმწიფო პროდუქტების ფასის სუბსიდირებას 15 ივლისამდე ახორციელებს. რა იქნება მას შემდეგ, რაც სამთავრობო პროგრამა დასრულდება? როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან იმპორტიორთა აბსოლუტურ უმრავლესობას პროგრამით არ უსარგებლია. მიზეზი კი უაზრო მოთხვონები და საჯარიმო სისტემა გახლდათ. ამის შედეგად სწორედ სამთავრობო პროგრამის მოქმედების პერიოდშიც კი ვითომ დაზღვეულ პროდუქტებზე ფასები მაღლა მიიწევდა.
9 ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების ზრდის შეჩერება იყო მთავარი ამოცანა, როცა მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა. ამ ამოცანის შესასრულებლად კი ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.
ბრინჯის, მაკარონის ნაწარმის, წიწიბურას, ზეთის, შაქარის, რძის ფხვნილის, ლობიოს, ხორბლისა და ხორბლის ფქვილის სუბსიდირების მექანიზმი 15 მარტიდან შევიდა ძალაში, თუმცა დიდად მთავრობის შეთავაზება მომხიბვლელი ვერ აღმოჩნდა იმპორტიორებისთვის, რომლებსაც მთავრობა 3 ლარზე ზემოთ იმპორტირებულ პროდუქტზე კურსთაშორის სხვაობას უფარავდა. გამოყოფილი 10 მილიონი ლარიდან მხოლოდ მილიონ 64 ათასი ლარის ათვისება მოხდა. პროგრამის დასრულებამდე ორი მხოლოდ კვირაა დარჩენილი.
რატომ არ დაინტერსდნენ კომპანიები მონაწილეობა მიეღოთ სუბსიდირების პროგრამაში? დისტრუბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ მათი არც ერთი წევრი კომპანია პროგრამაში არ ჩართულა და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
„როცა მთავრობა უკეთებდა აფიშირებას, რომ პროდუქტები არ გაძვირდება, ეს იყო არასწორი, რადგან ნებაყოფლობითი იყო პროგრამაში ჩართვა და თუ კომპანიები არ ჩაერთვებოდნენ, რა თქმა უნდა, თავისთავად ფასები აიწევდა.
მთავარი დამაბრკოლებელი, რის გამოც იმპორტიორებმა პროგრამაში მონაწილეობა არ მიიღეს იყო ის, რომ 10 მარტამდე ყველაზე იაფად რაც ჰქონდათ გადატვირთული, იმ ფასად უნდა განეხორციელებინათ მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის რეალიზება ქსელში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერიოზული ჯარიმა დაეკისრებოდათ.
ლოგიკურია, როდესაც წარმოებას აწვდი პროდუქტს, იქ შეიძლება ძალიან დაბალი ფასნამატით მიაწოდო, მაგრამ როცა რითეილ სექტორს აწვდი, სადაც არის ე.წ. ქეშბექი, მარკეტინგული მომსახურება, შეუძლებელი იყო იგივე ფასში გადაეტვირთათ. სწორედ ეს აღმოჩნდა უმრავლესობისთვის დამაბრკოლებელი. მაგალითად, რძის ფხვნილის მომხმარებელი არის მწარმოებელი და არ არის მომხმარებელი, რომელიც სასურსათო მაღაზიაში შედის, ამიტომ ვნახეთ, რომ რძის პროდუქტები გაძვირდა იმიტომ, რომ მხოლოდ რძის ფხვნილზე დასუბსიდირება საკმარისი არ იყო“, - განუცხდა „ბიზნეს მედიას“ ივა ჭყონიამ.
მართალია პანდემიის ფონზე ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, თუმცა სუბსიდიის გზით პროდუქტებზე რომ ფასები არ გაზრდილიყო, ეს ამოცანა, ფაქტია, არ შესრულდა. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ლარის გაცვლითი კურსი იყო, რა ეფექტიც უნდა გადაეზღვია ასევე სუბსიდირების პროგრამას.
მეწარმე ბესიკ ახვლედიანი სწორედ იმას მიუთითებს, რომ ფასებზე სავალუტო რყევების ნეგატიური გავლენა იგრძნობა.
„პანდემიის გამო მდგომარეობის შესამსუბუქებლად მთავრობის სუბსიდია განხორციელდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს შეღავათი მომხმარებელმა იგრძნო. ფასების ზრდის დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, განსაკუთრებით, როცა სუბსიდია მოიხსნება. ბოლო ტენდენციას თუ დავაკვირდებით, იმპორტი მასშტაბურად შემცირებულია და ეს პროცესი სწორედ მოთხოვნის კლებას უკავშირდება. როგორიც არ უნდა იყოს ფასი, ფაქტია, რომ ახლა მოსახლეობა გადახდისუუნაროა. 10 წელზე მეტია, რაც ტკბილეულს ვაწარმოებ და ასეთი მძიმე პერიოდი არ მახსენდება. უცხოურ ნედლეულს ვიყენებთ, ამიტომ ხარჯი გაგვეზარდა, რაც სარეალიზაციო ფასზეც აისახა. ეპიდემიამ ქვეყანაში დიდი პრობლემა შექმნა და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ“, - აღნიშნა მეწარმემ.