„პოლიტიკურ ველზე იქნება დებატები, მწვავე დაპირისპირება, მაგრამ ეს სამარცხვინო დესტრუქცია, ალბათ, უნდა დამთავრდეს“

„პოლიტიკურ ველზე იქნება დებატები, მწვავე დაპირისპირება, მაგრამ ეს სამარცხვინო დესტრუქცია, ალბათ, უნდა დამთავრდეს“

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ახალი პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ასევე, წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტმა ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საზოგადოების წინაშე მოიხადა ვალი და ყველამ ერთად სერიოზული ნაბიჯი გადავდგით იმისათვის რათა პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება მოხდეს“, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი for.ge-სთან ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

გია ვოლსკი: ვფიქრობ, რომ პარლამენტმა ამ საკანონმდებლო ცვლილებებით საზოგადოების წინაშე მოიხადა ვალი და ყველამ ერთად სერიოზული ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რათა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება მოხდეს. დესტრუქციის ხარისხი რისი გამტარებლებიც არიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, აუცილებლად უნდა შემცირდეს, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი გამოწვევებია ქვეყანაში. იყო მთელი რიგი მცდელობები, რომ როგორმე ჩავარდნილიყო ეს ცვლილებები. ეს არის ისტორიული მოვლენა. ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯი, რომელმაც ქვეყანაში თითოეული ადამიანისთვის სიმშვიდე უნდა მოიტანოს. პოლიტიკურ ველზე სიმშვიდე არ იქნება, რასაკვირველია. იქნება დებატები, მწვავე დაპირისპირება, მაგრამ ეს სამარცხვინო ქმედებები, დესტრუქცია, ალბათ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ წინასაარჩევნო რეჟიმზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ფლანგის გარკვეული ნაწილიდან ყველა ინტენსიურად ცდილობდა, რომ ეს ცვლილებები არ შემდგარიყო.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციის ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი შედეგები იცოდნენ. რას ნიშნავს ეს ქმედება, რეალურ პროტესტს თუ, ეს იყო უბრალოდ სპეკულაციის ფორმა, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილზე იყო გათვლილი?

- ამ ქმედებას დესტრუქციის მცდელობაც აღარ ჰქვია, მთელი ეს პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ჩვენი ვაი-ოპოზიცია, არის დესტრუქციის მცდელობა და დესტრუქციის გაღრმავება. ხან აღწევენ გარკვეულ წარმატებას, ხან ვერა. მთავარია, იყო პირნათელი საზოგადოებისა და შენი ხალხის წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ამოცანას ძალიან კარგად გავართვით თავი. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება საზოგადოების წინაშე, თუკი გააგრძელებს კვლავ პოლიტიკურ ველზე ასეთ ქმედებებს. ეს არის მავნებლური პოლიტიკა, სტრატეგია და ამას ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და მომზადება მომავალი არჩევნებისთვის.

რას მიიღებს საზოგადოება ამ ცვლილებებით?

- თუ პოლიტიკურ მხარეს განვიხილავთ, რამოდენიმე ასპექტი შეიძლება გამოვყოთ. პირველი ის, რომ პოლიტიკურ ველზე აღარ იქნება ის ომობანა, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი გვთავაზობს. მიღებულია გადაწყვეტილება და ყველა უნდა ემზადოს არჩევნებისთვის. საზოგადოება ასევე მიიღებს იმას, რომ ვისაც მხარს უჭერს, აღარ დასჭირდება იმდენი ხმები, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იხილოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკური სპექტრი შევა საქმიან ფორმატში, ვიდრე იდგეს ქუჩაში და იფიქროს იმაზე, როგორ აამღვრიოს წყალი და ამ ამღვრეულ წყალში დაიჭიროს თევზი. გარდა ამისა, მიიღებს კომპეტენტურ წარმომადგენლობით პარლამენტს, რომელიც მიიღებს იმ კანონებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ეს რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და კენჭისყრას. ზოგადად, როდესაც ვამბობთ, რას მიიღებს მოსახლეობა, პარლამენტმა უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ყოველდღიურობაში სოციალური კუთხით.

როგორ შეაფასებთ პარლამენტის ბოლო ოთხი წლის მუშაობას, რა ვერ გაკეთდა და რისი გაკეთება შეიძლებოდა?

- როდესაც ვაკვირდები გამოკითხვების რეიტინგს, პარლამენტი არ არის სახარბიელო ადგილი. როდესაც სიღრმისეულად ვაკეთებთ ანალიზს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის რა კანონებია მიღებული. მაგალითად, რაც ბოლო პერიოდის კანონებიდან მახსენდება, მიწის თაობაზე მივიღეთ კანონი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მივიღეთ ასევე უდიდესი მნიშვნელობის, ტყის კოდექსი. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ხვალინდელ დღეზე აისახება ძალიან პოზიტიურად. თუ რა ვერ გაკეთდა, ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ძალიან ბევრია გაკეთებული სოციალურ სფეროში. თუმცა ეს დამოკიდებულია ბიუჯეტის რესურსებზე. სახელმწიფოს მხრიდან ჯერ არ ყოფილა მოსახლეობის მიმართ ასეთი მხარდაჭერა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ნაწილი, რაც უნდა გაკეთებულიყო. თუ სამუშაო ადგილები არ შეიქმნა და ბიუჯეტი ორმაგად არ იქნა გაზრდილი, დაახლოვებით 1/3-ით მაინც, ძალიან გაჭირდება იმ სოციალური პროექტების განხორციელება, რომელიც გეგმაში გვაქვს და რომელიც დღემდე პოზიტიურად შეიძლება იქნეს შეფასებული.

უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე, ეს ყველაფერი აქ, ამ პარლამენტში ხდება და ყველაფერი იწყება საკანონმდებლო საქმიანობით. სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის, ინფორმაციის ნაკლებობა აქვს.

ანუ, ისევ კომუნიკაციის პრობლემა აქვს მმართველ გუნდს, ამაზე არაერთხელ იყო საუბარი...

- კომუნიკაციის პრობლემასაც ვერ დავარქმევდი. დაინტერესება უნდა იყოს. იცით, ვფიქრობ, მეტი კომუნიკაციის პრობლემა კი არა, მახინჯი ცხოვრება გვაქვს. ნელ-ნელა კი ვდგებით ჩარჩოებში, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხისთვის უფრო საინტერესო არის ცრუ ინფორმაციაზე აგებული შეჯახებები, პოლემიკის ის ფორმა, რომელიც არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები, მაგრამ საყურებლად სკანდალურობით აჭარბებს ნორმალურ სამუშაო პროცესს და ამით უფრო საინტერესოა. მე ვფიქრობ, ჟურნალისტებიც გადაწყობილი არიან დაპირისპირების ამ მხარეს, რომელიც დღეს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს და საზოგადოებას ნაკლებ ინფორმაციას აძლევენ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე. საზოგადოებაში უფრო მეტია ინფორმაცია იმაზე, თუ ერთმა დეპუტატმა რა სიტყვებით მიმართა მეორე დეპუტატს. ამას ემატება ცრუ ინფორმაცია და ყველაფერი დადებითი რაც პარლამენტში კეთდება, გადაფარულია ამ სკანდალური, ცრუ ინფორმაციებით, რასაც უხვად გვაწვდიან ჩვენი ე.წ. ოპონენტები.

როგორი იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სია, ახალი სახეები თუ იქნება წარმოდგენილი?

- ამაზე ჯერჯერობით ვერ გიპასუხებთ.

 

 

 

Maverick ძირს პაერტოკრატის დიქტატურა, პოზიციურისიც და ოპოზიციურისიც!

ძირს თავსმოხვეული ახალი და ძველი შერეული სისტემით არჩევნები!

ძირს ერთპალატიანი პარლამენტი!

გაუმარჯოს სრულ მაჟორიტარულ არჩევნებს და ორპალატიან პარლამენტს!
3 წლის უკან