სააკაშვილის მთავარი შეცდომა

სააკაშვილის მთავარი შეცდომა

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი მნიშვნელოვანი საპროგრამო განცხადებების გაკეთებას აპირებს ქვეყნის მომავალი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ. როგორც ჩანს, ეს განცხადებები და ინიციატივები შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, აჭარის პრობლემატიკას და საბიუჯეტო საკითხებს. უკანასკნელთან დაკავშირებით კი, ისევ და ისევ, ბიზნესთან ურთიერთობის თემატიკას.

23 თებერვალს შესრულდა ზუსტად სამი თვე, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ჯერ ფაქტობრივი, ხოლო შემდეგ ლეგიტიმური ხელმძღვანელია. თუმცა, ფორმალურად, მისი პრეზიდენტობის ვადა 4 იანვრიდან (კიდევ უფრო სკრუპულოზურად - 25 იანვრიდან) დაიწყო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალი ხელმძღვანელის პირველი ნაბიჯებისა და მისი სტარტის შესახებ უპრიანია ვიმსჯელოთ მას შემდეგ, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა „მოილია“ ვიზიტები ჩვენი ქვეყნისათვის ორ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში (რუსეთსა და ამერიკაში) და საშინაო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებითაც გამოკვეთა თავისი პოზიცია.

ამ პოზიციებიდან კი, მისი მომავალი მმართველობის მიმართულება იოლად შეიცნობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად „სააკაშვილის 100 დღე“ მხოლოდ აპრილის ბოლოს სრულდება.

უპირველესად, უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირველივე ნაბიჯებით ცხადყო, რა არის მისი პრიორიტეტი: ძლიერი ხელისუფლების შექმნა! ანუ ხელისუფლებისა, რომელსაც იოლად ვერავინ დაჩაგრავს და რომელიც, ნდობის (იმედის) ძლიერი კრედიტის წლობით, მასზე დაყრდნობით, არ მოერიდება „გადაჭრით“ მოქმედებას სოციუმში ინტერესთა კონფლიქტების წარმოშობისას.

ედუარდ შევარდნაძე უდავოდ „ბალანსირებისა“ და „გაწონასწორების“ ტექნოლოგიის დიდოსტატი იყო, მაგრამ ამ ტექნოლოგიამ, როგორც ჩანს, ამოწურა თავი ისტორიული თვალსაზრისით.

მივაქციოთ ყურადღება, რომ 2 ნოემბრისთვის „შეკავება-გაწონასწორების“ მექანიზმები და შესაბამისი ტექნოლოგია კვლავინდებურად მოქმედებდნენ. იმდენად, რომ ინტერესთა დისბალანსს ქმნიდნენ თვით შემდგომში რევოლუციურ ძალებს შორისაც კი, მაგრამ „კვანძის ერთი დარტყმით გადაჭრის“ კონცეფციასთან მათ ვერაფერი გააწყვეს, ვინაიდან შევარდნაძის სისტემა თავიდან ბოლომდე ვირტუალური იყო და რეალური ძალისმიერი შემადგენელი არ გააჩნდა.

მაშასადამე, შევარდნაძის საქართველოს თვით სუვერენიტეტიც ვირტუალური ჰქონდა და სწორედ ამიტომ, როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა მოინდომა რეალური სუვერენიტეტის განხორციელება საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ვირტუალურად ვრცელდებოდა ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია, - უმალვე წააწყდა აჭარის ელიტის წინააღმდეგობას, რომელიც წლების განმავლობაში მიეჩვია ცხოვრებას „ვირტუალური სუვერენიტეტის“ პირობებში და ეს ვითარება, ყველა თვალსაზრისით, ხელს აძლევდა.

აქ რაიმე თვისებრივი კომპრომისი აბსოლუტურად გამორიცხულია და პრეზიდენტი სააკაშვილი უკან არ დაიხევს თავისი დოქტრინის დაცვისას.

მისთვის (ეს უკვე ცხადია) იდეალური იქნებოდა ბათუმში ხელისუფლების შეცვლა, პორტსა და სარფის საბაჟოზე თბილისის რეალური (და არა ვირტუალური) გავლენის დამყარება, მაგრამ, თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ შეიქმნება ავტონომიასთან ურთიერთობის ახალი სისტემა (იმავე დოქტრინის ფარგლებში), რაშიც საბაჟო (პირობითად თუ ვიტყვით) გადმოიწევს ჩოლოქზე და გაძლიერდება შეტევა ყველა იმ ბიზნესჯგუფზე, რომელიც წლების განმავლობაში კვებავდა ასლან აბაშიძის რეჟიმს.

ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლები მთლიანად არ გადმოირიცხება თბილისში (და არა ბათუმში გახსნილი ცენტრალური ბიუჯეტის ვირტუალურ ანგარიშზე), ხოლო თბილისი უსიტყვოდ არ გააკონტროლებს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოს.

რა თქმა უნდა, ვირტუალური სუვერენიტეტის რეალურით შეცვლისას (კვლავ და კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ძალაუფლების განვრცობა ჯერ კიდევ, პრინციპში, შესაძლებელია მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები, მოგვწონს თუ არა, სულ სხვა თვისებრივ კატეგორიას განეკუთვნება), საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აუცილებლად დასჭირდება შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და ორი უმთავრესი პარტნიორის - რუსეთისა და ამერიკის მხარდაჭერა.

ორივე მათგანს ზემძლავრი ბერკეტები აქვს ვითარებაზე ზემოქმედებისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მაგალითად, რუსეთში ვიზიტისას შერჩეული „შემრიგებლური“ ტონი, აგრეთვე, გრძელვადიანი სტრატეგიაა და ამ დიდ ქვეყანასთან ურთიერთობის ძველი, კონფრონტაციული პარადიგმა (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, იგი მთლიანად 80-90-იანი წლების „ეროვნულ მოძრაობას“ ეკუთვნის და არა ედუარდ შევარდნაძეს) წარსულს ბარდება, - დგება ცივი, რაციონალური, ნაკლებრომანტიკული პრაგმატიზმის ხანა.

სწორედ პრაგმატული პარადიგმიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა არ დაუშვას „ბაზებისა“ და აფხაზეთის პრობლემების იმდენად გამწვავება, რომ ამ დაპირისპირებამ თვით ურთიერთობათა ახალი სისტემა დაარღვიოს.

უმთავრესი განსხვავება ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს (მათ პოლიტიკურ ფენომენებს) შორის ის გახლავთ, რომ მიუხედავად სოციუმის ძალზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაწილის უკმაყოფილებისა (95 პროცენტი ნუ მოგვატყუებს - ეს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაა მხოლოდ და მთელი საზოგადოების, ყველა ჯგუფის აზრს არ ასახავს), დღეს არ მოქმედებს და ალბათ, არც იმოქმედებს ორი უმთავრესი ფაქტორი, რაც ძალუმად მოქმედებდა 1991 წელს: სისხლისმღვრელი კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე (საზარელი სასაკლაო ცხინვალში) და უკანმოუხედავი კონფრონტაცია მოსკოვიდან.

არც ერთი და არც მეორე ფაქტორის წარმოშობა სააკაშვილმა არ უნდა დაუშვას. ყოველ შემთხვევაში, ეს მისი საბედისწერო შეცდომა იქნებოდა.

მთლიანობაში, ახალი სისტემის შექმნას (მისი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი გამოხატულებაა ძლიერი ხელისუფლება, როგორც არავირტუალური სუვერენიტეტის მატარებელი) მიხეილ სააკაშვილი მიზანსწრაფულად ახორციელებს და, ჯერ-ჯერობით, მიზანსაც აღწევს, მაგრამ უმთავრესი რესურსი, რომელსაც იგი ეყრდნობა (მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა, რასაც მომავლის იმედი უდევს საფუძვლად), ამოუწურავი არ არის.

თუ სააკაშვილმა და ახალმა მთავრობამ შემოდგომისათვის ვერ მოახერხა სოციალური ფონის შერბილება (რისთვისაც ერთადერთი პირობაა რუსეთთან წლების განმავლობაში მოქმედი სავაჭრო შეზღუდვების მოხსნა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილების შექმნა), პენსიებისა და ხელფასების არა იმდენად დროულად გაცემა, რამდენადაც მათი ზრდა და დავალიანების დაფარვის დაწყება, - შესაძლოა, უკვე ნოემბრიდან შეუქცევადი პროცესები დაიწყოს.

მით უმეტეს, რომ იმ დროისთვის სავსებით ნათელი გახდება ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემის (ენერგოკრიზისის) დაძლევის შეუძლებლობა, ვინაიდან, ამ კრიზისის უმთავრესი მიზეზი (კორუფციასთან ერთად) მოსახლეობის დაბალი საგადამხდელო შესაძლებლობაა.

სწორედ მაშინ შეიძლება ამუშავდნენ გამანადგურებელი ფაქტორების სახით ის შეცდომები, რასაც ახალი პრეზიდენტი უშვებს.

უპირველესად, იგი გარკვეული სქემატურობით ეკიდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში მიმდინარე პროცესებს. ამგვარი „სქემატურობის“ მაგალითია „დაჭერების პიარ კომპანია“, რომლის ინიციატორებსა და „მრჩევლებს“ აშკარად ჰგონიათ, თითქოს ამით პრეზიდენტის ქარიზმას აძლიერებენ.

სინამდვილეში, ეს ამაზრზენი სცენები, ეს „ტელედაჭერები“, რაც ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ან თუნდაც რუსეთში უდავოდ ხელისუფლების ქარიზმის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს (ჩვენ არ ვამბობთ „პოპულარობას“ - ეს სხვა კატეგორიაა) ქართული ეთნოფსიქოლოგიის თვალსაზრისით (რასაც ყოველთვის უდიდესი ყურადღებით ითვალისწინებდა ედუარდ შევარდნაძე), მხოლოდ ზიანის მომტანია: „პოპულარობისაგან“ განსხვავებით, ქარიზმას კეთილშობილი იდეა ქმნის. „დაჭერებით“ ქარიზმის შექმნა შეუძლებელია, ვინაიდან ამ ქვეყანაში იგი კეთილშობილ იდეად არ აღიქმება. ყოველ შემთხვევაში, სოციუმის იმ ნაწილში, რომელიც ტრადიციულად ქმნის ამინდს საქართველოში.

არადა, თავისი მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდა პრეზიდენტს ქარიზმა უფრო სჭირდება, ვიდრე პოპულარობა.

ადამიანების საჯაროდ დაპატიმრება, ამ სცენების ტელეშოუდ ქცევა, დამარცხებული და წაქცეული მტრის ჩაწიხვლა, აშკარა ნიშნის მოგება და შემდეგ „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში“, პატარა ბავშვების მონაწილეობით, ამაზრზენი სცენების უხიაგი „ხუმრობის“ სახით გათამაშება - ხელისუფლებას მხოლოდ ზიანს მოუტანს.

ის, რაც „მუშაობს“ სხვა ეთნოფსიქოლოგიის საზოგადოებაში, საქართველოში ვერ იმუშავებს და საბოლოოდ ჩამოაყალიბებს იმ მოშხამულ ატმოსფეროს, რაც შერყვნის ხელისუფალის ქარიზმას და, შესაბამისად, ადვილად მოწყვლადს გახდის მას.

მით უმეტეს, რომ ქართული საზოგადო და სოციოფსიქოლოგია ყოველთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა „ორმაგი სტანდარტის“ მიმართ, ხოლო ამ სტანდარტზე უარის თქმას, ობიექტური რეალობისა და ძალთა განლაგების გათვალისწინებით, ხელისუფლება ვერ მოახერხებს.

ის უცხოელი მრჩევლები, ვისაც ეს არ ესმის და თავიანთ შორეულ ლაბორატორიებში აპრობირებული სქემების ურთულეს ქართულ საზოგადო-ფსიქოლოგიურ მატრიცაზე მექანიკურ ესტრაპოლირებას ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილმა დროულად უნდა მოიშოროს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ რეალობის ამ სფეროში იგნორირება იქცევა მის „აქილევსის ქუსლად“.