ფაქტობრივად გაირკვა, რომ საერთაშორისო ტურიზმი საქართველოში ივლისიდან ვერაფრით გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიოლოგიური თვვალსაზრისით ძალიან წარმატებულია, სხვა სახელმწიფოებში და განსაკუთრებით სამეზობლოში რთული ვითარება ნარჩუნდება. ამიტომაც, უცხოელი ვიზიტორების მიღება მინიმუმ 1 თვით გადაიწევს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა ივლისის ბოლომდე გადავადდება. რეგულარული რეისების შერულება აღდგენა მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა, ალბათ, ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენა“, - განაცხადა თურნავამ საერთაშორისო ტურისტების მიღების შესახებ საუბრისას.
როგორც ცნობილია, მთავრობას საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1 ივლისს ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება გადაიხედა. როდის მიიღებს საქართველო პირველ ნაკადს, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
„ჩვენ ტურიზმთან დაკავშირებით ამოვდივართ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლების პრიორიტეტიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამ ამოცანიდან გამომდინარე, ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორების და საერთაშორისო ტურისტების საკითხს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება - ერთი არის ბიზნეს ვიზიტორებისთვის და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და აქ იქნება უფრო დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე.
ველოდებით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერჯერობოთ მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. ანუ ტურიზმთან მიმართებაში ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის (სამკურნალოდ, სამუშაოდ, სასწავლებლად ჩასულებისთვის) გააუქმოს სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა.
საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის ვადების შესახებ კონკრეტულად არაფერი იცის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. კითხვას 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით, მინისტრმა მოკლედ უპასუხა – „დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით“.
მაჭავარიანი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საკითხზე მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ჯერ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ვაკვირდებით სიტუაციას არა მარტო ჩვენთან, არამედ მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირში. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიდის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
რა ელის დაჯავშნულ ბილეთებს და სასტუმროებს, ამასთან დაკავშირებით ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი საუბრობს:
„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესმა არჩია, რომ იყოს მოქნილი. ავიაკომპანიებს მაგალითად გაყიდვების სისტემები აქვთ გააქტიურებული და თუკი მოახლოებული თარიღისთვის არ არის მზაობა, ხდება გადაჯავშნა სხვა თარიღისთვის. თუ ფრენა ვერ შედგა, პროდუქტი შეიცვლება. ზოგადად, არის ხოლმე ბილეთები, რომელიც თარიღის ცვლილებას არ ექვემდებარება, ან შეცვლას არ ექვემდებარება, მაგრამ ახლა გასაყიდად გამოაქვთ ისეთი ბილეთები, რომელთა ცვლილება ტექნიკურად შესაძლებელია“, - განაცხადა თანდაშვილმა.
აქედან გამომდინარე, ჯავშნები, რომელიც ჯერ ივლისში, ხოლო შემდეგ აგვისტოში იყო გაკეთებული, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და ეს ტურიზმის რეალურად ამოქმედების საკითხში საერთოდ არაფერს ნიშნავს.