დიდი გაფიცვა თუ შედეგიანი მოლაპარაკება - სოცაგენტებისთვის ორშაბათი გადამწყვეტი დღეა

დიდი გაფიცვა თუ შედეგიანი მოლაპარაკება - სოცაგენტებისთვის ორშაბათი გადამწყვეტი დღეა

გადაურჩა თუ არა ქვეყანა სოციალური აგენტების მასშტაბურ გაფიცვას, ორშაბათს გამოჩნდება. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სოციალურ აგენტებსა და სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულებს ანაზღაურება და სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა 100 ლარით გაეზრდებათ. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების მოთხოვნების შესრულებასა და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

სხვაგვარად უყურებენ საკითხს თავად სოციალური აგენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ მასობრივ პროტესტზე, რადგან მათ მთავრობის დაპირების მაინცდამაინც არ სჯერათ.

„შემოგვთავაზეს შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრირების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ვიმუშაოთ. გვითხრეს, რომ სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გაიზრდება 100 ლარით. შიდა პროცესებში, თუ სამუშაო ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ წამოვიდნენ, ჩვენ პროფკავშირებთან და „სოლიდარობის ქსელთან“ ერთად აუცილებლად მოვაწყობთ გაფიცვას“, - აღნიშნა სოციალურმა აგენტმა გია მეჩიტიშვილმა.

სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ კონტრაქტები ჯერ ექვსი თვით, შემდეგ კი ერთი წლით გაუფორმდებათ.

ამ დროისთვის სოციალური აგენტების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება 80 ლარია, ხელფასის დანარჩენ ნაწილს კი ისინი ბენეფიციარებთან თითო ინტერვიუსთვის იღებენ, დამატებით 4 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.

დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სოციალურმა აგენტებმა დაახლოებით ორი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის დროს მიმართეს „სოლიდარობის ქსელს“. იგი ანაზღაურების ფორმას ასე განმარტავს:

„სოცაგენტებს 80 ლარს აძლევენ და შემდეგ გამომუშავებაზე არიან. ძალიან ხშირად, შეიძლება არ ჰყავდეთ საკმარისი ბენეფიციარი და ხელფასი შეიძლება იყოს 300 ლარი. ყველაზე მაღალი კი 700 ლარია. ზოგადად მათი ანაზღაურება 300-დან 700 ლარამდე, მაგრამ საშუალო ანაზღაურებად შეგვიძლია, 500 ლარი მივიჩნიოთ“, - განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, აგენტების სამუშაო პირობები. როგორც ჯაფარიძე ამბობს, მათ ხშირად აჯარიმებენ.

„თუ მივიდა სოცაგენტი და კონკრეტულმა ოჯახმა უთხრა, რომ ეს ეზო მთლიანად მისი არ არის და მხოლოდ ნახევარია, ამ შემთხვევაში თუკი სოციალურმა აგენტმა არ გადაამოწმა, ან რამე არასწორად დაწერა, შემდეგ ჩამოაჭრიან ხელფასს ჯარიმის ფორმით. ხანდახან ნახევარ ხელფასს ართმევენ ხოლმე. ამასთან, მათ არ აქვთ სამგზავროდ თანხა გამოყოფილი.

გარდა ამისა, მართლა შეტაკებებია, ხალხი ურტყამს სოციალურ აგენტებს. ყველას ჰგონია, რომ აგენტებს შეუძლიათ თვითონ დანიშნონ დახმარება. რეალურად არანაირი უფლებამოსილება მათ არ აქვთ. სისტემაში შეაქვთ მონაცემები და ის ანგარიშობს რამდენი ქულა რას ნიშნავს. საქართველოს მთელი არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ხალხში არსებული აგრესია მათზე გადადის“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

საითკენ წავა მოლაპარაკების პროცესი 29 ივნისს გაირკვევა, როდესაც ცალკე დიდი გაფიცვა და ცალკე სამუშაო შეხვედრა არის ჩანიშნული.

იაია საშიბნელებაა და უსამართლობა! მგზავრობისათვის აძლევენ 80 ლარს თვეში! და თითო ბენეფიციართან მისვლაზე 5 ლარსაც არა! თბილისში-გასაგებია, დაჯდები ავტობუსზე ან მეტროთი მიხვალ, წარმოიდგინეთ რაიონები, სადაც 10 სოფელია და 10-12 კმ ცენტრიდან! ვთქვათ, ყავთ 50 ადამიანი შესამოწმებელი, აქედან შესაძლოა ყველა სოფელში, ტრანსპორტი როგორ დადის, მოგეხსენებათ! ბენზინის ფულად არ ეყოფათ დღეში 5 ლარი! არადა, ვერ იმუშავებენ! და გამოდის, 700 ლარი მერე გაუხდებათო დარიცხული ხელფასი!? ამ დროს როგორც ამბობენ, პარლამენტში კომიტეტის მდივნის (ნებისმიერის!) ფუნქციების შემსრულებელი პირის ხელფასი, რომელიც მიდის, მუშაობს კომფორტულ პირობებში და მისი სამსახურებრივი დატვირთვა წარმოიდგინეთ! ის არ დადის ქარში და წვიმაში გაჭირვებულ ოჯახებში კილომეტრებს! ოჯახებში, 1800 ლარია! ჯანდაცვის სამინისტროს რიგითი მოსამსახურის ხელფასსაც არ უტოლებენ სოციალური აგენტის ხელფასებს? სირცხვილია, და უსამართლობა! ტრანსპორტი მაინც გამოუყონ და საწვავის ფული მაინც მისცენ!
4 წლის უკან