ბიუჯეტი დამტკიცდა, ვალები და ეჭვები გაიზარდა

ბიუჯეტი დამტკიცდა, ვალები და ეჭვები გაიზარდა

პარლამენტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. მართალია, მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიღებულია, მაგრამ მისი პარამეტრები ძალიან ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს.

ქვეყანას წლის დასაწყისში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები ჰქონდა, გასულ წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა უფრო მაღალი, ვიდრე ეს ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. ვითარება რადიკალურად შეიცვალა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, თანაც იმდენად სწრაფად, რომ ქვეყანა ერთბაშად კრიზისში აღმოჩნდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და სექტორების მიხედვით დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტს, იმ კომიტეტებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ბიუჯეტის შემუშავებაში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფინანსურ უზრუნველყოფას.

„ანტიკრიზისული გეგმა და, შესაბამისად, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს როგორც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას, ასევე სოციალურ მიმართულებებს, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიისთვის დახმარებებს და ბიზნესის მხარდაჭერასაც, ამავე დროს, იგი ქმნის სასტარტო პირობებს, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ეკონომიკა მალევე იქნას გადაყვანილი სწრაფი განვითარების რეჟიმში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის შედეგად სახეზეა როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას, სწორედ ამან განაპირობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. მანვე ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ვალის შემდგომი ზრდის კონტროლის მნიშვნელობას.

ბიჯეტში ვალების საკითხი უკვე მართლაც საგანგაშოა, რადგან იგი კრიტიკულ ნიშნულს მიუხლოვდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 60%-იან ნიშნულს არ გასცდება, თუმცა იქვე არის კურსის სტაბილურობის გარანტიასაც ვერ იძელვა, რაც სწორედ საგარეო ვალდებულებების მოცულობას გაზრდის.

„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაახლოებით 56%-მდე ადის. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად, ვალის მდგრადობის ანალიზი წარმოვადგინეთ. ყველა შოკი გაანალიზებულია და ვალი ყველა შოკის პირობებში მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ ხოლმე ვალუტის გაუფასურების შოკს. ესაა ის მთავარი რისკი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ვალი 60%-იან ნიშნულს გადასცდეს.

ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს. იმედი გვაქვს წელს ამ თანხების სრულად ათვისების საჭიროება არ იქნება და მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღებას. ამასთან, 2021 წელს 500 მილიონი დოლარის ევრობონდებია გასასტუმრებელი და ამ რესურსს მათ შორის ამ თანხების გადასაფარად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ოპოზიცია მმართველი პარტიის საარჩევნო ინტერსებზე მორგებულ კანონს უწოდებს და მას მხარს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ბიუჯეტის ცვლილებები ასობით ათას ადამიანს ყოველგვარი დახმარების გარეშე, უმიძიმესი კრიზისის პირისპირ ტოვებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს არ პასუხობს, ვინაიდან ეპიდემიამ უამრავ ადამიანს მიაყენა ეკონომიკური ზიანი.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან თანხები იმ ადამიანებს მოხმარდებათ, ვინც არჩევნების პერიოდში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავებენ.

„ფაქტობრივად, ბიუჯეტის ფული არის პოლიტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი და ნაცვლად იმისა, რომ უმუშევარ, შიმშილის პირად მყოფ ადამიანებს დაეხმარონ, ინახავენ საოქტომბროდ“, - განმარტა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში აუცილებელია გადასახადების შემცირება, თუმცა მთავრობა უარს ამბობს ამ დათმობაზე.

„მთავრობა გადასახადებს არ ამცირებს და ფულად დახმარებას რაც შეეხება, ის არის მინიმალურზე მინიმალური და არსებითად ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტს ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი აზრით, რესურსები სამართლიანად არ ნაწილდება და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 4%-ით მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ხოლო საშემოსავლო ნაწილს კი 1,8 მილიარდი ლარი აკლდება.