„დექსუსის“ კრედიტორები გაჩერებას არ აპირებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის ჩატარებასაც გეგმავენ. ამასთან, დაზარალებულები პრეზიდენტს, პარლამენტს, მერიას და სახალხო დამცველსაც მიმართავენ და მათგან დახმარებას ითხოვენ. „დექსუსის“ დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფი შესაბამისი დოკუმენტაციის დაგზავნას აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობისთვისაც გეგმავს. გარდა ამისა, დაზარალებულები საქმის სასამართლოში შეტანითაც იმუქრებიან.
როგორც „ცენტრ პოინტის“, ახლანდელი „დექსუსის“ დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია მერაბიშვილმა განაცხადა, ისინი ერთი კერძო კომპანიის მიერ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერსა და სახალხო დამცველს წერილობით ჩააყენებენ საქმის კურსში.
„დექსუსისგან“, რომელიც სინამდვილეში იგივე „ცენტრ-პოინტია“ და გიორგი ქანანაშვილს მხოლოდ შირმად იყენებს, „ცენტრ-პოინტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას ვითხოვთ, კომპანია კი ახალ ხელშეკრულებას გვთავაზობს, რომლის თანახმადაც დღგ - ბინების მთლიანი ღირებულების 18% უნდა გადავიხადოთ, რაც კანონდარღვევაა. გარდა ამისა, „დექსუსის“ მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტში არაერთი საშიში პუნქტია ჩადებული. კერძოდ, ისინი ბინების იპოთეკაში ჩადებას გვთავაზობენ, რათა ბანკიდან კრედიტი აიღონ. სავარაუდოდ, კრედიტის დავალიანებაც ჩვენი დასაფარი გახდება.
გარდა ამისა, „დექსუსი“ ამხანაგობებისგან საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიისთვის დათმობას ითხოვს, რაც ასევე უსამართლობაა. მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ჩაბარების ნაცვლად, ისინი შავ კარკასს გვთავაზობენ, რასაც მერია არ ჩაიბარებს და ეს სარემონტო სამუშაოებიც ჩვენი სახსრებით გვექნება გასატარებელი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა რიცხვი 10 000-ს შეადგენს, რასაც 2007 წელს „ცენტრ პოინტ ინვესტის“ პროექტში მონაწლე 300-მდე დაზარალებული ოჯახიც ემატება.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტი“ სულ ორიოდე თვის წინათ გაიყიდა და მის მმართველობაში კომპანია „დექსუსი“ შევიდა. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე „დექსუსის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველა ნაკისრი ვალდებულებას შეასრულებდნენ: ბინების შეჩერებულ მშენებლობას ბოლომდე მიიყვანდნენ, გაისტუმრებდნენ „ცენტრ-პოინტ ინვესტის“ კრედიტორებსაც და ა.შ.
„იმ შემთხვევაში, თუ „დექსუსი“ მოვალეობებს თავს წარმატებით გაართმევს, გამორიცხული არ არის, რომ კომპანია „ცენტრ-პოინტის“ მმართველობაში სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც დარჩეს“, - ეს განცხადება „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა ხელმოწერისას გააკეთა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად „დექსუსის“ შესახებ იმ დრომდე, ვიდრე „ცენტრ-პოინტთან“ ხელშეკრულება გაფორმდებოდა, არავინ არაფერი იცოდა.
მიუხედავად დაპირებებისა, „დექსუსს“ კრედიტორები აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობასა ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ კომპანია გაურკვეველ, უფრო ზუსტად კი კაბალურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას აიძულებს. ამის გამო, კრედიტორებმა რამდენიმე აქცია გამართეს და „დექსუსის“ წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით კრედიტორებმა რამდენიმე აქციაც გამართეს, თუმცა ამაოდ, კომპანია პოზიციას არ იცვლის და კრედიტორების მოთხოვნას კვლავ არ იზიარებს. მეტიც, „დექსუსში“ მათ მოთხოვნებს „უსაფუძვლოსაც“ უწოდებენ.
დღეს კი კომპანიის ერთ-ერთი კრედიტორი გიორგი ლაფერაშვილი აცხადებს, რომ ისინი არ გაჩერდებიან და იმ შემთხვევაში, თუ „დექსუსი“ შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, მის წინააღმდეგ სარჩელს უკვე სასამართლოში შეიტანენ.
„ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ „დექსუსმა“ შეასრულოს ვალდებულებები, რაც „ცენტრ პოინტმა“ აიღო თავის თაზე. „დექსუსი“ ხომ არის სამართალმემკვიდრე და ჩვენ ძველი ხელშეკრულებების პირობების შესრულებას ვითხოვთ. ისინი გვთავაზობენ აბსოლუტურად ახალ ხელშეკრულებას, რომელშიც მიუღებელი პირობებია ჩადებული.
თუკი კომპანია არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, ვაპირებთ „დექსუსის“ წინააღმდეგ სასამართლოში საერთო სარჩელის შეტანას. ჩვენ კანონით მინიჭებულ უფლებებს ყველანაირად გამოივიყენებთ, რათა ჩადებული თანხა ან ჩვენი ქონება მივიღოთ ჩვენს სახელზე. არანაირი დამატებითი თანხის გადახდისთვის მზად არ ვართ, თანაც არ გვაქვს გარანტია ამ ფულის გადახდის შემდეგ ეს კომპანია დარჩება თუ გაიქცევა. ვიმეორებ, თუ „დექსუსი“ არ წამოვა შემხვედრ წინადადებაზე, ჩვენი სიმართლის ძიებას სასამართლოში შევეცდებით“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.