„რუსეთი ამერიკას ვერ შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ამერიკის პარტნიორებს შეუქმნის და ლუგარის თემაც გამომდინარეობს აქედან“

„რუსეთი ამერიკას ვერ შეუქმნის პრობლემას, მაგრამ ამერიკის პარტნიორებს შეუქმნის და ლუგარის თემაც გამომდინარეობს აქედან“

ლუგარის ლაბორატორია რუსეთის ინტერესის ობიექტი მისი დაარსებიდანვე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დიდი ალბათობით ლუგარის ლაბორატორიაში არსებული სიტუაცია ხელისგულზე დიდი ხანია უდევს, აღნიშნული თემა პერიოდულად სპეკულირების საგანი ხდება. პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, რუსეთის მხრიდან პირველი საპროტესტო ნოტა ლუგარის ლაბორატორიას შეეხებოდა. რუსული მხარე ითხოვს რუსი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის ლაბორატორიაში შეშვებას, მანამდე, ლუგარის ლაბორატორიას არაერთი უცხოელი ჟურნალისტი სტუმრობდა, თუმცა, რომ იტყვიან, რაც შეიტანეს სტუმრებმა იგივე გამოიტანეს, სწორედ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა არ ასვენებს რუსეთს.

ყველაზე საოცარი ის არის, რომ ქართულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი ლაბორატორიაში დაინტერესებული სტუმრების მიღებაზე, ამ პასუხის შემდეგ თემა რატომღაც ყოველთვის იხურება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მაგრამ დღეს, კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, თუმცა არა კონკრეტულად საქართველოში არსებულ ლაბორატორიაზე, ამ შემთხვევაში აქცენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებით ამოქმედებულ ლაბორატორიებზეა, რუსეთმა ინტერესის და ბრძოლის არეალი გააფართოვა.

„ამერიკული და სხვა ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რათა ამას შემდეგ არ მოყვეს უსასრულო ურთიერთბრალდებები, კონსპიროლოგიური თეორიები და სანქციები. ქვეყნები ახალ ეპიდაფეთქებებში ერთმანეთს დაადანაშაულებენ, ყოველი ახალი ვირუსი ბიოლოგიური იარაღად გამოცხადდება. ამას შესაძლოა არა „ჰიბრიდული“, არამედ სრულმასშტაბიანი ომი მოყვეს“, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე ქართველი ექსპერტების შეფასება ერთმნიშვნელოვანია - ეს, ის თემაა, რომელსაც რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს სასპეკულაციოდ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული ყველა მსგავსი განცხადება, თუ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები, გლობალურ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

მამუკა არეშიძე: რუსეთი პერიოდულად ააქტიურებს ამ თემას. რუსეთს რაც აინტერესებს დარწმუნებული ვარ, ის უკვე იცის. საქართველოს მიმართებით გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება ლუგარის თემა, ბორდერიზციის თემა თუ სხვა, ყოველთვის უნდა დავუკავშიროთ გლობალურ პოლიტიკას. რუსეთი, ამ პანდემიის ფონზე ძალიან შეჭირვებულია იმ სანქციებით და იმ ნაბიჯებით, რომელსაც მის წინააღმდეგ დგამს ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკამ ბოლო პერიოდში ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ძალიან ურტყამს. ერთი არის ღია ცის ხელშეკრულებიდან გამოსვლა და მეორე, მოგეხსენებათ, 2015 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ირანის ატომურ აქტივობებთან იყო დაკავშირებული, ამ ხელშეკრულების მონაწილეები იყვნენ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ეს გულისხმობდა ატომური პროგრამის კონტროლს, მაგრამ ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ ირანი კონტროლის მიუხედავად რაღაცეებს მაინც აკეთებს და სამი წლის შემდეგ გამოვიდნენ ამ ხელშეკრულებიდან, მაგრამ დაუწესეს სანქციები, რომელიც გულისხმობს გამონაკლისებს იმ საერთაშორისო ბიზნესსტრუქტურების მიმართ, რომლებიც იქ მუშაობენ. მაგალითად, მუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას რუსეთი ახორციელებს და ამ მშენებლობაზე მომუშავე კომპანიები უკვე სანქციის ქვეშ მოხვდნენ. რუსეთს არ აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ამერიკას შეუქმნას პრობლემა, მაგრამ აქვს შესაძლებლობა, რომ ამერიკის პარტნიორებს შეუქმნას პრობლემები. ანუ, ყველა ეს თემები, ლუგარის თემა იქნება, ბორდერიზაცია თუ სხვა, ყველაფერი გამომდინარეობს აქედან.

რუსეთი განსაკუთრებით გააღიზიანა ღია ცის თემამ, რადგანაც რუსული თვითმფრინავები ვეღარ იფრენენ ამერიკის, ნატოს საჰაერო სივრცეში, შეეზღუდებათ სადაზვერვო მუშაობა და სხვა“.

კითხვაზე, თუ რატომ გაიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარი საქართველოსთვის, რაც საზოგადოებაში ბუნებრივად აჩენს კითხვის ნიშნებს, ექსპერტი პასუხობს: „მსგავსი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ არსებობს სამ ქვეყანაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლაბორატორია რა სიმძლავრეზეც მუშაობს, ის სიმძლავრეა რეალურად ჩადებული მასში, შეიძლება ბევრად მეტია. საომარ ვითარებაში ამ ლაბორატორიაში (მე ამას ვუშვებ) შესაძლებელია, ბევრად მეტი ოპერაციის განხორციელება. ეს ლაბორატორია არის მაღალტექნოლოგიური, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო, ჯანდაცვის პროგრამების მომსახურება და ასევე შესაძლებელია მონაწილეობა იარაღის შექმნაში, მაგრამ არ მონაწილეობს, იმიტომ რომ ეს საჭიროება არ არის. ამ ლაბორატორიამ შესაძლოა, გარკვეულწილად შეასრულოს სამხედრო ფუნქციები ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგრამ არ ასრულებს და რუსეთმა ეს ბრწყინვალედ იცის, თუ რა დონეზე მუშაობს ლუგარის ლაბორატორია. რუსეთი შეუსრულებად პირობებს აყენებს, გეუბნება, რომ ჩემი პირობებით შევამოწმებ შენს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტს, ეს ხომ ნებისმიერი ქვეყნისათვის შეურაცხმყოფელია“.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე თვლის, რომ რუსეთის აგრესია რამდენიმე საყურადღებო ფაქტორითაა განპირობებული: „არანაირი მტკიცებულება არ არის იმისა, რომ ამ ლაბორატორიას ამერიკელები მართავენ, ან რაიმე მუშაობა მიდის ბიოლოგიურ იარაღზე, ან ისეთი რამ ხდება, რომ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, ამისი რესურსიც კი არ არსებობს. როგორ წარმოუდგენია რუსეთს, რისთვის სჭირდება ამერიკას ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა სადღაც მესამე, მეოთხე ქვეყანაში? ეს ხომ საიდუმლო პროექტია, რა ნდობა არსებობს ასეთი, რომ ეს გააკეთონ ჩვენთან და ასეთ ზესაიდუმლო პროექტზე მომუშავე ლაბორატორიის მმართველობა გადასცენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს? ეს ხომ სრული აბსურდია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი, მეტიც, მსგავსი ლაბორატორიები აშენებული არის პოსტსაბჭოთა თითქმის ყველა ქვეყანაში. ფაქტიურად რუსეთის ირგვლივ ყველა ქვეყანაშია და ერთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ, რატომღაც ჩვენი ლაბორატორია ესობათ გულზე. აქ არის რამდენიმე მიზეზი, პირველი არის ის, რომ ეძებენ გარე მიზეზებს, რომ არა ეს ლაბორატორია რუსეთში ასეთი მძიმე შედეგები არ იქნებოდა და, რომ აქედან მოდის საფრთხე. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ, რუსეთში პირველი შემთხვევა ვირუსის გაჩნდა ევროპიდან და არა ჩინეთიდან ან საქართველოდან. ანუ, სრული აბსურდია, რომ აქედან რაღაც საფრთხე არსებობს. მეორე არის ის, რომ ხდება ყურადღების გადატანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომ ახალი საფრთხე დავინახოთ და ახალი შიშები შეგვექმნას რუსეთის მხრიდან და მესამე არის ამ ფაქტის გამოყენება ამერიკის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რომ ამერიკა ახორციელებს მტრულ ქმედებებს, რეგიონში აშენებს ლაბორატორიებს და ასე შემდეგ.

ეს ლაბორატორია გადმოეცა საქართველოს და იქ ამერიკელებს არანაირი შეხება არ აქვთ. შეიძლება ჩვენ, როგორც პარტნიორს გვქონდეს შეხება სამედიცინო თვალსაზრისით კონსულტაციები და ასე შემდეგ, და როგორც ვიცი, რუსეთსაც შესთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს თანამშრომლობა სწორედ იმ სამი მიზეზის გამო, რომელიც ჩამოვთვალე“.

როგორც, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, ლუგარის ლაბორატორიის თემა, ეს არის ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითი, რასაც რუსეთი კარგად იყენებს:

„ლუგარის ლაბორატორიის თემის წამოწევა ეს არის ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითი. ამ შემთხვევაში ეს არის ამერიკასა და რუსეთს შორის ცივი ომი, სადაც ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იყენებს ცივი ომის მეთოდებს, რათა მოახდინოს სამხედრო ძალის გამოფიტვა, დეზორგანიზაცია და არასამხედრო მეთოდებით მოახდინოს მისი დისკრედიტაცია. როგორც სჩანს, რუსები ამას განიხილავენ როგორც სამხედრო ობიექტს, ანდა ასეთად უნდათ, რომ წარმოაჩინონ, რუსები მაინც ვირზე არიან შემჯდარი და მანდედან ვერც ჩამოიყვან, ეს მათთვის მიზანია, რომ ამ ფსიქოლოგიურ ომში ეს თემა კარგად გამოიყენონ. ლუგარის ლაბორატორია რომ არა, დღეს რა სიტუაცია არის რუსეთში და გნებავთ ამერიკაში, იმაზე უარესი იქნებოდა, ფაქტიურად ლუგარის ლაბორატორიამ გადაარჩინა საქართველო პანდემიის შეტევას“.

„გლობალური კვლევებიც ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ რუსეთის დაეჭვება რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული, თუმცა დარწმუნებულია, რომ რუსეთს სრული ინფორმაცია აქვს თუ რა ხდება ლუგარში:

- აქ ეჭვებს, ძირითადად, იწვევს ის, რომ ეს იყო პენტაგონის პროექტი. ამერიკაში, მართალია, ყველა ასეთი პროექტი სამხედრო ქოლგის ქვეშ არის, მაგრამ იქ, სადაც სამხედრო უწყებაა, ყოველთვის არის გარკვეული შიში, მით უმეტეს, რომ ლაბორატორია ყოველთვის შეიძლება გამოიყენო როგორც კეთილი მიზნებით, ასევე ცუდი მიზნებით. არ შეიძლება არ აღვნიშნო ერთი რამ, სანამ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ეს პროექტი ექვემდებარებოდა პენტაგონს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთლიანად გადავიდა ჯანდაცვის სისტემის დაქვემდებარებაში. ლაბორატორია რეალურად მხოლოდ ამ დროს ამუშავდა. როგორც ჩანს, იგივე პენტაგონიდან, ვინც ამ პროექტს ახორციელებდა და ხელმძღვანელობდა, იმათაც არ მოსწონდათ რაღაცეები, მე მხედველობაში მაქვს სააკაშვილის პერიოდი.

თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ამ თემაზე ძალიან სერიოზულად იმუშავა და მაინტერესებს, რა გაიგეთ ისეთი რაც არ იცოდა საზოგადოებამ და რა კითხვები დაგრჩათ, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეთ?

- ჩვენი მაშინდელი დასკვნა იყო ის, რომ საზოგადოება არ იყო ინფორმირებული და იქ, სადაც ინფორმაციის დეფიციტია, ყოველთვის ჩნდება ეჭვები და ვარაუდები. ეს იყო ჩვენი მიზანიც, რომ საზოგადოება ყოფილიყო ინფორმირებული და ამას არ მოყოლოდა მთელი რიგი ეჭვები და სპეკულაციები. მოხდა ისე, რომ ამ კორონავირუსმა, შეასრულა ეს ამოცანა რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. პირდაპირ გააშიშვლა და დაანახვა ყველას ამ ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მუშაობის მიმართულება და ასე შემდეგ. ანუ, კრიტიკულ სიტუაციაში გამოჩნდა, თუ რას ემსახურება ეს ლაბორატორია. მართალია, ლუგარის ლაბორატორია ამერიკელებმა ააწყვეს, მაგრამ დღეს ჩვენ უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ.

რუსეთიც და ამერიკაც, რომლებიც ამ ლაბორატორიის გამო ერთმანეთს ხოცავენ, ტესტების პასუხს რამდენიმე დღე ელოდებოდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენ, რამდენიმე საათში, პასუხები გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ტექნოლოგია დგას ადამიანებზე და მათ პროფესიონალიზმზე. 

ყოველთვის იწვევს ეჭვს ერთი მარტივი კითხვა - რატომ დახარჯა ამხელა რესურსი პატარა ქვეყნისთვის ამერიკამ, რა ინტერესისთვის, რას იღებს სამაგიეროდ? იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ?

- ჩვენ თუ გავიხსენებთ 90-იან წლებში რა პერიოდი გავიარეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფერი მოიშალა. როდესაც პირველად შავი ჭირის სადგურებმა მუშაობა დაიწყეს, მაშინაც არ უხაროდა ეს ფაქტი ხალხს. მაგრამ ეს ლაბორატორიები რომ არ ყოფილიყო, მაშინდელ ეპიდემიებთან, შეუძლებელი იქნებოდა ბრძოლა. 90-იანებში ისე მოიშალა ყველაფერი, რომ ეს სადგურები გაიძარცვა, განადგურდა და სინჯარები პირდაპირ გარეთ ეყარა. მსგავსი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ის მეცნიერები, ვინც იქ მუშაობდნენ, რომელთა დაქირავება და სხვა ქვეყნის ინტერესებში გამოყენება იყო შესაძლებელი, ისლამური თუ სხვა ნებისმიერი სახის ტერორიზმის თვალსაზრისით. მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა ქველმოქმედების, რომ ამხელა ფულს ვინმე რაღაცაში დახარჯავს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერში გადამწყვეტი არის ადამიანის პროფესიონალიზმი. როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ამირან გამყრელიძე, რომელსაც რამდენიმე წელია ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რაზეა წამსვლელი ეს კაცი. ის რომ არა, შესაძლოა, ბევრი ეჭვი გამჩენოდა. ეს ადამიანი იმსახურებდა ნდობას მთელი თავისი ბიოგრაფიითა და პროფესიონალიზმით. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამერიკელებმა გაგვიმართეს ხელი და ჩვენმა პროფესიონალებმა უფრო უკეთესი შედეგი აჩვენეს ვიდრე იქ - შტატებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ამ ადამიანებმა ვახტანგ ბოჭორიშვილის ესტაფეტა გადაიბარეს. ეს არის უწყვეტობა და თუ სააკაშვილს რამე დაუშავებია, ის არის, რომ მან დარტყმა მიაყენა საზოგადოებას, როდესაც თაობები ამოაგდო ამა თუ იმ სფეროებიდან. მან საერთოდ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დროს არსებულ კომპეტენტურ და პროფესიონალ ადამიანებზე, რაც არის დამღუპველი. საბედნიეროდ ამ დარგში ეს არ მოხდა. მე ბოჭორიშვილი შემთხვევით არ ვახსენე, 70-ებში, როდესაც ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა, მთელი ამ ეპიდემიის მართვა თავის თავზე აიღო ბოჭორიშვილმა და მართლაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოხერხდა ამის ლიკვიდაცია. მაშინ იმდენად კარგი შედეგი აჩვენა ქართულმა სკოლამ, რომ ბოჭორიშვილს შესთავაზეს ჯანმოს ხელმძღვანელის პოსტის დაკავება. მაგრამ, იმ პერიოდში მას ცოლი მძიმედ ავად გაუხდა და უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე. თუ არ აქვს ადამიანს შინაგანი პასუხისმგებლობის გრძნობა, იქ არაფერი არ გამოვა. აი, ასეთი ადამიანია სწორედ ამირანიც, იმდენი რამ აქვს ადამიანურად სწორად გადაწყვეტილი და სწორი ნაბიჯები გადადგმული, რომ ვარაუდი - ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც შეიძლება რაღაც ცუდ საქმეებს აკეთებდეს, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ რატომღაც ხშირად გვეკარგება ხოლმე პიროვნული ფაქტორი. ერთი და იგივე ადგილზე, სხვადასხვა ადამიანი სულ სხვადასხვა რაღაცას აკეთებს. ამ ხელისუფლებას კრიტიკა ჩემგან არ აკლია, მაგრამ როგორც ბოჭორიშვილის შემთხვევაში, აბსოლუტურად სწორი იყო, როდესაც მთლიანად დაეყრდნენ იმ პროფესიონალების რეკომენდაციებს.