„მანჩესტერის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი პრემიის სახით 1 მილიონ ფუნტს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაცის Thebusbybabe ავრცელებს.
ნორვეგიელი სპეციალისტი 2018 წლის 18 დეკემბრიდან მუშაობს და მისი ყოველწლიური ხელფასი მის წინამორბედზე, ჟოზე მოურინიოზე 8 მილიონით ნაკლები, ანუ 7 მილიონი ფუნტია.
თუ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტისთვის“ დადგენილი სასჯელი ძალაში დატოვა, მაშინ „იუნაიტედს“ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მეხუთე ადგილის დაკავებაც ეყოფა და ამჟამად სწორედ ამ პოზიციაზეა.
ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებელი მეორე გზა კი ევროპა ლიგის მოგებაა, სადაც „მანკუნიანელები“ ჯერჯერობით წარმატებით გამოდიან.
პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ სოლსკიაერის მომზადებული გუნდი პრემიერლიგაში პირველ თამაშს 19 ივნისს, სტუმრად „ტოტენჰემთან“ ჩაატარებს.