„დავუშვათ, საქართველოში შემოსულ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, მათ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა ვუმკურნალოთ?!“

„დავუშვათ, საქართველოში შემოსულ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, მათ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე უნდა ვუმკურნალოთ?!“

პრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო ტურიზმის შეზღუდვაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ქართველები საზღვარგარეთ დასვენებას ძალიან შეეჩვივნენ, ამიტომ ჩვენს მოსახლეობას უნდა ვასწავლოთ, რომ ტურიზმისთვის ფული საქართველოში დახარჯონ.

„შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ, პირველ რიგში, საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და, მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულები ვართ, ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ“, - ასეთია გიორგი გახარიას პოზიცია.

რამდენად წაადგება ეს ინიციატივა ქართულ ეკონომიკასა და ტურიზმს? ამის შესახებ for.ge- ს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ესაუბრა.

გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში“, - პრემიერის ინიციატივა როგორ აისახება ქართულ ტურიზმზე?

- ამ ინიციატივაში ახალი არაფერია. უბრალოდ, ქართველების ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდა საზღვარგარეთ, სიამოვნებით დახარჯავდა თანხებს საკუთარ ქვეყანაში, თუ ქვეყანა მოწესრიგებული იქნებოდა. როდესაც მოგზაურობ უცხოეთში, გეამაყება, რომ ის ქვეყანა დასუფთავებულია, ინფრასტრუქტურა ნორმალურია. ჩვენს ქვეყანაში კი ამდენი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა ნორმალური ტუალეტების მოწყობა. ჩვენს ქვეყანაში საუბრობენ სოფლის მეურნეობაზე, აგროტურიზმზე და ეს მაშინ, როცა ნახევარ საქართველოს წყლის პრობლემა აქვს. ამიტომ ასეთი ინიციატივები მისაღებია, მაგრამ ამ ინიციატივების უკან უნდა იდგეს ქმედებები. ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა გააქტიურდეს, რადგან უშუალოდ მას ეხება წყალსადენის, მელიორაციის, ირიგაციის მოწესრიგება. თორემ რა სჯობს ამ ინიციატივას, ნაკლები ხალხი წავა საზღვარგარეთ და მეტი ადამიანი მოინდომებს საკუთარ ქვეყანაში დასვენებას. შარშან 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა საქართველოში და საშინლად მოუწესრიგებელი და დაბინძურებული იყო ქვეყანა. მე პირადად, როგორც ტურიზმის სპეციალისტი, წლების განმავლობაში ხშირად გავიძახი, რომ ჯერ უნდა დალაგდეს ეს ქვეყანა.

ოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა უცხოელების საქართველოში ვიზიტს თანხების გამოძალვის ფაქტებიც ახლდა, მათ შორის, რესტორნებში, კაფეებში. საინტერესოა, მაინც რა იზიდავთ ამ ადამიანებს საქართველოში?

- ძირითადად იყო ტაში, უი, რა კარგია, ამდენი ტურისტი რომ შემოდის, მაგრამ არავინ აშუქებდა უარყოფით ფაქტებს. ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევა და მეც მომისმენია პირადად ყაზბეგში, სვანეთში, რაჭაში, კახეთში უცხოელების ყოფნის შემდეგ, რომ ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში და რის გამო, იცით? დაბინძურებული საზღვაო ზონის გამო, მოუწესრიგებელი დაცული ტერიტორიების გამო, გზის გასწვრივ დაყრილი ნაგვის, საშინელი ტუალეტების, ან საერთოდ ტუალეტების არარსებობის გამო. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ შენიშვნების გააზრება და გაცნობიერება. არ არის თვალებში ნაცრის შეყრა საჭირო, რომ თურმე ყველა, ვინც საქართველოდან მიდის, კმაყოფილია. უცხოელები გვირჩევენ, შეეშვით ამ დიდ ჰესებს და მოაწყვეთ ქვეყანა ტურიზმისთვის, დაცული ტერიტორიებისთვის. ჩვენ გვაქვს ლამაზი ბუნება, ქვეყანა, სადაც წყალუხვი მდინარეებია და ასეთ დროს ქვეყნის მეორე ნაწილში გვალვა და გაუდაბურება არ უნდა იყოს.

ხელისუფლება აპირებს უცხოეთის წამყვან არხებზე უწყვეტი რეკლამების გაშვებას და საქართველოს კორონასგან უსაფრთხო ქვეყნად წარმოჩენას. ჩვენი უპირატესობაა წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, საირმე, ეს რეკლამები არ განაპირობებს ტურისტების დაინტერესებას?

- მე მგონი, არ განაპირობებს, რადგან რეკლამებით არ განისაზღვრება უსაფრთხოება. უსაფრთხოებას განაპირობებს კრიტერიუმები, რომელსაც განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, ევროკავშირი, გაეროს სხვადასხვა პროექტები. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ ისედაც ბეწვის ხიდზე გავდივართ, არ ვარ დარწმუნებული, ისე კარგად წავიდეს საქმე, რომ, მოდით, გავხსნათ საზღვრები. პირიქით, ჯერ არ უნდა გავხსნათ საზღვრები, დაველოდოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, კიდევ გამოჩნდება სიახლეები, კოვიდთან ბრძოლის მეთოდები. პირველ რიგში, ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ. გასაგებია, ეკონომიკა ჩავარდა, მაგრამ არ ვარ იმის მომხრე, რომ სასწრაფოდ ტურიზმის თვალსაზრისით პირველები და მეორეები ვიყოთ.

მით უმეტეს, ტურისტები არ უნდა მივიღოთ რუსეთიდან, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა.

- რუსეთი მალავს ამ შემთხვევებს. სანდო წყაროები როგორც ამბობენ, დღეში 9- დან 10 ათასამდე ასეთი შემთხვევაა, ამიტომ არავითარი შემთხვევაში რუსეთთან საზღვარი არ უნდა გავხსნათ, მაშინ სრულიად დაუცველები ვიქნებით.

ევროპული ქვეყნების ნაწილმა ტურისტების მიღება უკვე დაიწყო. მათი მაგალითის გაზიარება ღირს?

- მათ გახსნეს საზღვრები, მაგრამ, როგორც კი ყატარის ავიახაზები დაჯდა და მოსთხოვეს ოფიციალური ტესტირება, ერთ რეისზე კორონათი დაავადებული 20 ადამიანი აღმოაჩინეს. ეს გამოცდილებაც გასათვალისწინებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენ რა უნდა ვქნათ? დავუშვათ, აღმოაჩნდათ საქართველოში შემოსულ ტურისტებს ვირუსი, სახმელეთო საზღვარი იქნება თუ საჰაერო, ვინ უნდა უმკურნალოს? უკან ვაგზავნით ამ ხალხს, თუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე უნდა ვუმკურნალოთ? ჩვენს ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი გაჭირვებულია, ამ ვირუსის გამო უმუშევარი ხალხი დარჩა, ის ფული უცხოელ ტურისტებს დავახარჯოთ, რომლებიც აქ დაავადებულები ჩამოვლენ? ბევრი კითხვაა. უამრავი მოხუცებული, ბავშვი, სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახი გვყავს საქართველოში.

საქართველოში ვისაც სოლიდური თანხები ჰქონდა, უცხოეთში დასვენებას ამჯობინებდა. შიდა ტურიზმისთვის რამდენად შემორჩათ თანხები ქართველებს?

- ის პროცენტი, რომელიც საზღვარგარეთ ხარჯავდა ფულს, იყო ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 2%, ეს ცოტა არ არის. საქართველოში ყველამ რომ დაიწყოს მოგზაურობა, ჩვენი სასტუმროები და კვების ობიექტები ყველას არ ეყოფა. არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენი ტურიზმი იქნება შიდა ტურიზმის იმედად. თუმცა შიდა ტურიზმის განვითარება რაღაცას შეცვლის ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ბევრი ადამიანისთვის არაფერი არ შეცვლილა, მათ როგორც ჰქონდათ სამსახური, ისევე აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანებს. სამაგიეროდ, ბევრი ბიზნესი დაზარალდა. ყველაზე მეტად ტურიზმი და ტურიზმზე მიბმული ბიზნესები დაზარალდა, მაგრამ რესურსები ჯერ კიდევ აქვთ ადამიანებს.

ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები საქართველოში, მათ შორის, რუსეთიდან, სომხეთიდან. დღეს ამ ქვეყნებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ეს ვირუსი, როგორ ფიქრობთ, წელს ჩავარდება ქართული ტურიზმი?

- ისედაც ჩავარდნილია, დაველოდოთ სექტემბერ-ოქტომბერს. მანამდე ორთვენახევარია დარჩენილი, შეიძლება რამე შეიცვალოს, დავაკვირდეთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც მხოლოდ ტურიზმით არიან დაკავებულნი, იქნებ, გავიზიაროთ მათი გამოცდილება.

Aburjga Tasmanieli მით უმეტეს, ტურისტები არ უნდა მივიღოთ რუსეთიდან, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა.

"- რუსეთი მალავს ამ შემთხვევებს. სანდო წყაროები როგორც ამბობენ, დღეში 9- დან 10 ათასამდე ასეთი შემთხვევაა, ამიტომ არავითარი შემთხვევაში რუსეთთან საზღვარი არ უნდა გავხსნათ, მაშინ სრულიად დაუცველები ვიქნებით." მაშ მტყუვნის.... რაც რუსეთი ამას არ მალავს?! რას მალავს?! აცხადებს ყოველ დღე, სტატისტიკა იდება! პირდაპირ mail.ru -ზე არის გრაფა COVID-19. დააკლიკებ და ყოველდღიური ცნობა იდება. აგერ დღეს წერია რომ 537 210 კაცი დაავადდა პანდემიის დაწყების შემდეგ! თუ არ შემოუშვებთ, სწორიც იქნება და არც არავინ ჩამგვახევს ხვეწნით კალთას!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ისე რომ იცოდეთ რუსები ყოველ დღე 150 ათას!! ტესტს ატარებენ და 8 დან 10 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ ინფექცია უდასტურდება ანუ 0,533 დან 0,633 პროცენტს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გასწორება - 5,3 და 6,7 პროცენტს
4 წლის უკან