დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ თვენახევრის შემდეგ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა გაძვირდება. ამჟამად დასადგენი მხოლოდ ფასია. თვენახევრი კი ის დროა, რაც კოსნკურსში განაცხადების მიღებას და გამარჯვებულის გამოვლენას სჭირდება.
სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის მერიას საკუთარი წინადადებები შესთავაზონ. კერძოდ, როგორ მოაწესრიგებენ სამარშრუტო ხაზებს და როგორ შეცვლიან ძველ მიკროავტობუსებს ახლით. სატენდერო წინადადებების მიღება თბილისის მერიაში 14 იანვრამდე იწარმოებს.
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომელთა რაოდენობა 2200 შეადგენს, თანამდებობას შეინარჩუნებენ.
„ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის აუცილებელი პირობა იმ მძღოლების დასაქმებაა, რომლებიც ახლა მუშაობენ ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსებზე. ეს არის სატენდერო წინადადების მოთხოვნა“, - განაცხადა გიგი უგულავამ თბილისის სატრანსასპორტო კომისიის სხდომაზე.
უგულავას თქმით, ტენდერის ჩატარების შემდეგ კიდევ 1000-მდე მძღოლი დასაქმდება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სოციალურად დაუცველ პირთათვის დაწესებული შეღავათები სამარშრუტო ტაქსებზეც განხორციელდება.
კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ტენდერის შემდეგ „მარშრუტკებით“ მგზავრობა გაძვირდება. მიც უფრო, რომ მუნიციპალური ტრასპორტზე უკვე დამრგვალდა ფასები. სხვადასხვა ინფომარციით, მიკროავტობუსებით მგზავრობა 70 თეთრიდან 1 ლარამდე ეღირება.
სხვათა შორის, გაძვირებას ადასტურებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე. მისი აზრით, მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებისა და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანაზე ტენდერის ჩატარების შემდეგ ეს მოსალოდნელიც იყო.
„მგზავრობის საფასურს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიები დაადგენენ. სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასურის ზედა ზღვარი დაწესებული არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია, მგზავრობა ძალიან არ გაძვირდეს. ეს არც გამარჯვებულ კომპანიებს უნდა აწყობდეს, ვინაიდან უფრო იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის პირობებში ისინი დაზარალდებიან“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ტენდერი რამდენიმე ლოტად ჩატარდება, რათა სფეროს მონოპოლიზება გამოირიცხოს. ამასთან, სატენდერო კომისიაში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებიც მონაწილეობენ.
„ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ტენდერი გამჭვირვალედ ჩატარდეს, კორუფციული ინტერესები გამოირიცხოს და თბილისელებისთვის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს“, - აღნიშნა აბაშიძემ.
თბილისის მერის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათები იარსებებს, თუმცა საიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხები და რამდენ ადამიანზე გავრცელდება შემწეობა, ჯერჯერობით დათვლილი არ არის. რაც შეეხება მიკროავტობუსების მფლობელებს, რომელთა ავტომანქანა საკონკურსო პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ისინი შესაბამისად, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან.