2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. წყალდიდობა თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 2 დღემდე დაკარგულად ითვლება. შედეგად, დაიღუპა უამრავი ცხოველი, მათ შორის ზოოპარკის 280 ბინადარი, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოთი აღმოჩნდა; განადგურდა 166 საცხოვრებელი სახლი, ხეობაში არსებული საწარმოები თუ მაღაზიები, ქუჩები, ხიდები, „მზიურის“ პარკი, ზოოპარკი და ა.შ. ზარალმა ჯამში 100-მდე მილიონ ლარს მიაღწია.
სპეციალისტები მომხდარს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებენ. „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების“ (CENN) ქსელში კი მიაჩნიათ, რომ მდინარე ვერეზე უძლიერესი წყალმოვარდნის კატასტროფული ეფექტის მთავარი მიზეზი არის ამ მდინარის კალაპოტისპირა დაბალი ტერიტორიების ადამიანის მიერ, წინდაუხედავი, გაუაზრებელი, დასაბუთებას მოკლებული სამეურნეო ათვისება, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
„დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ მაშინ, როცა უშუალოდ კალაპოტისპირა დაბალ ტერიტორიებზე დაიწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტება და მშენებლობა. ასეთი ნაგებობები მდინარე ვერეს ჭალაში და ჭალისპირა დაბალ ტერიტორიებზეა აგებული, რომელთა ზედაპირი, ელემენტარული გეოგრაფიული გაგებით, პერიოდულად იტბორება ძლიერი წყალდიდობების დროს“, - ეს არის ამონარიდი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.
2015 წლის ივნისის ტრაგედიამდეც, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისს არაერთი წყალდიდობა და მსხვერპლი ახსოვს. ვერე ადიდდა და დედაქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც...
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ კი, ხელისუფლება დაპირდა საზოგადოებას, რომ მდინარე ვერეს ხეობას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭებოდა, რაც მის ტერიტორიაზე მსხვილ განაშენიანებას გამორიცხავდა, თუმცა, ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს.
კითხვებზე, რა გაკეთდა ამ ხუთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სამომავლოდ, მსგავსი ტრაგედია თავიდან ავირიდოთ, რატომ არ გამოცხადდა მდინარე ვერეს ხეობა რეკრეაციულ ზონად და რატომ მიმდინარეობს იქ ისევ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობები, დედაქალაქის მერიაში for.ge-მ პასუხი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მიიღო, რომ არავინ აღმოჩნდა კომპეტენტური, ვინც საკითხზე „კომპლექსურად ისაუბრებდა“, რადგან, სამუშაოებში, მათივე განმარტებით, ბევრი სხვადასხვა სამსახური იყო ჩართული.
საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი კი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მდინარე ვერეს ხეობა, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საფუძვლიანად შეისწავლეს და რეკრეაციულ ზონად გამოაცხადეს. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა კი, ამ ტერიტორიაზე, უდიდესი საფრთხის შემცველია:
ირაკლი როსტომაშვილი:
- თავს უფლებას მივცემ ის ვთქვა, რაც ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ 1983 წელს, როდესაც პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, განაწილებით მოვხვდი საპროექტო ორგანიზაციაში, რომელიც „მზიურის“ პროექტს აკეთებდა, ანუ მუშაობის პირველივე დღეებიდან დავიწყე სწორედ მდინარე ვერეს ხეობასთან ძალიან მჭიდრო კავშირი. ამ პერიოდში კეთდებოდა „მზიური“, რომელიც იყოფოდა 2 ნაწილად - ვაკე-საბურთალოს გზამდე და ამ გზიდან ბეთანიამდე 18 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც იყო სწორედ სარეკრეაციო ზონა, სადაც არანაირი მშენებლობა, არანაირი ხელოვნური ჩარევა არ იგეგმებოდა, კეთდებოდა მხოლოდ მოწესრიგებული, დასასვენებელი ტყე-პარკი.
მაშინ ჩვენს საპროექტოში იყო ამიერკავკასიაში წამყვანი გეოლოგიური განყოფილება, არჩილ ბადრიძის ხელმძღვანელობით, საპროექტოს დირექტორი იყო თამაზ ბოკერია, სახელოსნოს ხელმძღვანელი, - არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი, საავტორო ჯგუფი: გია აბულაძე და ბიძინა ჩიგოგიძე, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ. ისინი სწავლობდნენ დეტალურად ტერიტორიას, სადაც ჩართული იყვნენ ჰიდროლოგები, გეოლოგები და სეისმოლოგები. მე სულ 21 წლის არქიტექტორი ვიყავი და რიგითი არქიტექტორის სტატუსით ვმუშაობდი ამ პროექტზე. ანუ ჩემი ფუნქცია იყო სწორედ ამ ტერიტორიის შესწავლა, ფეხით შემოვლა, როგორც ქალაქის ზონის, ასევე ქალაქგარეთ.
ანუ იმ დროსაც საფრთხის შემცველად ითვლებოდა ეს ტერიტორია და ამიტომაც იყო რეკრეაციულ ზონად გამოცხადებული?
- არათუ საფრთხის შემცვლელად ითვლებოდა, შესწავლილი იყო 25-წლიანი, 50-წლიანი, 100-წლიანი ციკლი, ანუ პირობითად, დიდი სტიქიური ნაკადი მეორდება ხოლმე დაახლოებით, 100 წელიწადში ერთხელ, 5-10 წელიწადში ერთხელ შეიძლება წყალდიდობაც განმეორდეს, რის მაგალითიც უკვე არაერთხელ გვქონდა. ამ ერთი შეხედვით უწყინარ მდინარე ვერეს პერიოდულად აქვს ადიდების, წყალმოვარდნის საშიშროება. რაც ყველაზე მთავარია, თითქოს ეს არის ძალიან პატარა მდინარე, როცა წყლის ნაკადს ვნახულობთ, მაგრამ ძალიან დიდი ფართობი აქვს სინამდვილეში, დაახლოებით თბილისის ფართობის ოდენაა იმ ფერდობების საერთო ფართობი, რომელზეც ხდება ვერეში ჩამდინარე წყლის შეკრება, რაც ნიშნავს, რომ მოკლე პერიოდში, შესაძლოა, ძალიან დიდი რაოდენობის წყალი მოხვდეს ამ ხეობაში, ანუ ადიდების მაჩვენებელი ძალიან დიდია.
მას შემდეგ გავიდა 40 წელი, მაგრამ როდესაც ამ ობიექტზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს ვაკეთებდით ქალაქის ზონაში, მდინარის კალაპოტი გადავიტანეთ იქ, სადაც ახლა „კორტებია“, იმიტომ, რომ ამ ადგილზე ნალისებრი კალაპოტი ჰქონდა მდინარეს და მის საპირწონედ სამი მლნ კუბური მეტრი მიწის ჩაყრა დაგვჭირდა. ძალიან ცუდი გეოლოგიური ვითარება იყო ფალიაშვილის ქუჩაზე, არაყიშვილზე და მის გადაღმა მხარეს. სახლებს ინტენსიურად უჩნდებოდა ბზარები იმის გამო, რომ მდინარე რეცხავდა ქანებს და ეს ქანები დაბლა იწევდა. შესაბამისად, საჭირო გახდა საპირწონე სამუშაოები და დაიდო დასკვნა, რომ მდინარე ვერე იყო ძალიან ვერაგი მდინარე.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ეს ტერიტორია გამოცხადდა რეკრეაციულ ზონად, სადაც მშენებლობა და ყველაფერი მსგავსი აკრძალული იყო. დასაშვები იყო მხოლოდ საპარკო მშენებლობა, საპარკო დანიშნულების ობიექტები, სპორტული, სამედიცინო პუნქტები... რაც შეეხება ზოოპარკს, ის როგორც ვიცი, 40-იან წლებში აშენდა და არ ვიცი რა კვლევები იყო ჩატარებული იმ დროისათვის, თუმცა, არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტების გარდა, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების განთავსებაზე ლაპარაკიც არ იყო.
და რა მოხდა შემდეგ ისეთი, რომ დაუშვეს მშენებლობები, რა შეიცვალა?
- არ ვიცი რა შეიცვალა. როგორც წესი, გეოლოგიური ვითარება ხელისუფლებების ცვლილებებზე არ არის დამოკიდებული და მასთან ერთად არ იცვლება. ქანების ცვლილებას და რელიეფის ჩამოყალიბებას ასეულობით მილიონი წელი სჭირდება. ის დასკვნები, დარწმუნებული ვარ, არქივებში იქნება შენახული. მაშინ იქ ყველაზე „პატარა კაცი“ ვიყავი და ჩემი ხელით მქონდა აკინძული და შენახული ეს ყველაფერი, - გეოლოგიური თუ ჰიდროლოგების გათვლები, სამთავრობო კომისიის დასკვნები, და გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი უდიდესი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით კეთდებოდა. ის ადამიანები, რომელთა გვარებიც ჩამოგითვალეთ, მთელი ჩემი ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში, უდიდესი ავტორიტეტები არიან, რომელთაც ბოლომდე შემიძლია ვენდო.
13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მდინარე ვერეს ხეობა რეკრეაციული ზონის სტატუსს დაიბრუნებდა, თუმცა, მოგეხსენებათ, ხეობაში დღემდე გრძელდება მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტიქიის შემთხვევაში, შესაძლოა, კვლავაც სავალალო შედეგები მივიღოთ...
- პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდი საფრთხის შემცველია მშენებლობა ვერეს ხეობაში, რადგან ეს არის მეწყერსაშიში ზონა. აქამდე არ მინახავს, რომელიმე ხელისუფალს, ან რომელიმე თანამდებობის პირს საქართველოში ეთქვას, რომ რაღაც შეეშალათ, რაღაც არ იციან. ყველა ამტკიცებს რომ, დიახ, ასე უნდა იყოს და არავინ აღიარებს, რომ არ იცის! პარლამენტართა სიაში რომ მოხვდა უცებ ვიღაცა და პოლიტიკოსი გახდა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში კომპეტენტურია? ახლა მე რომ ვინმემ კოსმონავტი დამარქვას, ვიქნები კოსმონავტი?! დაირქვეს პოლიტიკოსი და ჭკუას გვარიგებენ, ჰგონიათ, რომ რაღაც იციან, მაგრამ ასე არ არის!
სამწუხარო კი არა, სამარცხვინოა, რომ ქალაქის მერიაში ვერ იპოვეს კაცი, ვისაც წარმოდგენა აქვს იმაზე, რა ხდება ვერეს ხეობაში!!!
და რომ ვერ იპოვეს ასეთი კაცი, იმას მომავალში მოჰყვება ტრაგიკული ფრაზა, - ხოლო ამდენი და ამდენი ადამიანი ვერ იპოვეს მაშველებმაო...
რას ჰქვია, მშენებლობები დღემდე გრძელდებაო?!
რა, ვეჯიბრებით ბუნებას - ავაშენებ და ფეხები არ მომჭამოო?!
მოგჭამს!
და მერე თავი უნდა წაგაცალონ ამგვარი ქარაფშუტული გულარხეინობისათვის!