2009 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ავთანდილ მექვაბიშვილმა ხელშეკრულება დაუდო ვინმე ციცინო ფუტკარაძეს, უფრო დაზუსტებით კი ფუტკარაძის მიერ მინდობილობით წარმოდგენილ პირს, დავით თოდრიას.
ხელშეკრულების თანახმად, ფუტკარაძეს იჯარით გადაეცა ოზურგეთში, დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 320 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (სასტუმრო კოლხიდას გვერდით). ფუტკარაძეს იმ ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტიტუციის ფორმის საკურორტო ინფრასტრუქტურის (სერვისის) ობიექტი უნდა გაეკეთებინა და მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო.
ხელშეკრულებაში თითქოს, არაფერი იყო სადაო, რომ არა ერთი გარემოება. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ციცინო ფუტკარაძესა და დავით თოდრიას შორის მინდობილობა ნოტარიუსს 25 დეკემბერს, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ აქვს დამოწმებული. და რაც ყველაზე მთავარია, მინდობილობის ნომერი ხელშეკრულებასა და ნოტარიულ აქტს შორის, ერთი და იგივეა.
აღსანიშვანია რომ ეს ფაქტი გურიის რეგიონალური გაზეთის, „გურია ნიუსის“ საშუალებით გახმაურდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც ერთი წლის წინ დაშვებული შეცდომის შესახებ ინფორმაცია გაზეთის ჟურნალისტებიდან შეიტყო.
ფაქტზე რომ იტყვიან, ჯიუტიაო, სწორედ მაგ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ფაქტი, რომელთანაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საქმე, არა მარტო ჯიუტი, არამედ ასევე უცნაური, მრავლისმეტყველი და, რაც მთავარია, უკანონობის შემცველია. სხვანაირი შეფასება ელემენტარულად ძნელია მოუძებნო იმ ფაქტს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (წარმოდგენილი იმჟამინდელი გამგებლის სახით) 2009 წლის 18 დეკემბერს იჯარის ხელშეკრულებას უფორმებს მოქალაქე ვინმე ციცინო ფუტკარაძეს, წარმოდგენილს მინდობილი პირის დავით თოდრიას სახით და ამ დროს 18 დეკემბერს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია სანოტარო მოქმედების (კერძოდ, მინდობილობის) რეგისტრაციის ნომერი (N090896466), რომელიც ქ. თბილისში, წერეთლის გამზირი N77-ში მდებარე სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის თამარ ონიანის მიერ, იმავე წლის 25 დეკემბერსაა გაცემული.
გამოდის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაშინდელი შეფი გულთმისნობის საოცარი ნიჭით ყოფილა დაჯილდოვებული, რამეთუ მან წინასწარ, უკვე 18 დეკემბერს, ე.ი. მთელი ერთი კვირით ადრე, გასაოცარი სიზუსტით გამოიცნო მოიჯარე ციცინო ფუტკარაძის მიერ 25 დეკემბერს დავით თოდრიას სახელზე სანოტარო წესით გაფორმებული (დამოწმებული) მინდობილობის სარეგისტრაციო ნომერი. გამგეობის მიერ გამოვლენილი „ნათელმხილველობის“ საოცარი ნიჭი, უდავოდ, განცვიფრებისა და აღტაცების ღირსია, მაგრამ თავად ქმედებაში დიდი ალბათობით გამოსჭვივის დოკუმენტის გაყალბების სავარაუდო ნიშნები, რაც უკვე სისხლისსამართლებრივი წესითაა დასჯადი და სისხლისსამართლებრივი წესით დევნას ექვემდებარება. შესაბამისად, იგი ნამდვილად იმსახურებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საგანგებო ყურადღების მიქცევას.
„ბოლოსდაბოლოს, მათ იმის გარკვევა მაინც ხომ უნდა აინტერესებდეთ, ამ „უცნაური“ ფაქტის მიღმა რაიმე, თუნდაც საეჭვო (უკანონო თუ არა) კომბინაცია ხომ არ იმალება? არადა, ამ „უცნაურ“ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ის გარემოება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 320 მ2 მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე, რომელიც მოიჯარე ციცინო ფუტკარაძეს გადაეცა დროებით სარგებლობაში“, – აღნიშნა პრესა.გე-სთან საქართველოს დემოკრატიული განვიათრების კავშირის იურისტმა, ირაკლი პაპავამ.
ოზურგეთის გამგეობიდან ამ საკითხზე კომენტარის მიღებას ლამის ერთი თვე დასჭირდა. იურიდიული სამსახურის უფროსმა, თეა ლომჯარიამ, რომლის უშუალო მონაწილეობითაც შედგა ეს დოკუმენტი, ტელეფონზე ლაპარაკი არ ისურვა. პირადად შევხვდეთო. შევხვდით და წერილობით მომართეთო. მივმართეთ და განცხადება კანცელარიამ რეგისტრაციაში არ გაატარა, გამგებლის სახელზე მოიწერეთო. ერთი სიტყვით გამგეობაში მრავალი ბარიერი შეგვიქმნეს იმისთვის, რომ სიტუაცია არ გაგვერკვია. როგორც იქნა პასუხი მივიღეთ:
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ციცინო ფუტკარაძეს შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროს დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა(?!) სადაც გამოცემის დრო (რიცხვი) მიეთითა არასწორად. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 59-ე მუხლის შესაბამისად „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა“ გამომდინარე აქედან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1250 ბრძანებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (N882010849781)“, – გვწერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე.
ტექნიკური შეცდომა, რომელმაც რამდენიმე უწყების შემოწმება გაიარა, გამგეობაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა. რაც შეეხება მინდობილობით აღჭურვილ პირს, დავით თოდრიას, იგი ოზურგეთის საპროექტოს უფროსია და ჩვენთან საუბრისას ამ კონკრეტული ხელშეკრულების გახსენება უჭირს, მიუხედევად იმისა, რომ 26 ოქტომბერს, იმავე მინდობილობით, იმავე ხელშეკრულებაზე მან ცვლილებების რეგისტრაცია განახორციელა. თოდრიას განმარტებით, იგი წლის განმავლობაში 20 ან 30 მინდობილობას იფორმებს.
ბატონო დავით, წელიწადში 230-ს ან, თუნდაც, 20 მინდობილობას თქვენზე რატომ აფეორმებენ?
–შეიძლება 18 იყოს. სიტყვაში ნუ გამომეკიდებით.
18-იც დიდი ციფრია... რითი ხართ განსაკუთრებული და რა არის იმის მიზეზი რომ ამდენი ადამიანი ყოველწლიურად ნდობას გიცხადებთ?
–რა გითხრათ. კარგად რომ მიცნობდეთ მაგ შეკითხვას არ დამისმევდით. პატიოსანი, ვარ ალალი და ერთგული...
არსებობს ეჭვი, რომ თქვენ ოზურგეთის გამგეობის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას გაურიგდით, რადგან სხვა თუ არაფერი, უცნაურია როცა ხელშეკრულება 18 დეკემბერს ფორმდება, იმავე დღეს დგება მიღება ჩაბარების აქტი, თქვენ კი ფუტკარაძე მინდობილობას 25 დეკემბერს გიფორმებთ...
–არ შეიძლება ადამიანს ასე ბრალი დადო.
მე ბრალს არ გდებთ... იმ ლოგიკურ ეჭვებს გიზიარებთ, რომელიც გაფორმებულმა დოკუმენტაციამ წარმოშვა.
–შეიძლება შეცდომა იყო, არ მახსოვს ის ხელშეკრულება და რა გითხრათ.
რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ. სიტყვებზე რომ საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვქონდა, როცა მე დოკუმენტაცია მიჭირავს ხელთ?
–იმიტომ რომ არავისთან არ შევდივარ გარიგებაში, – დააზუსტა თოდრიამ.
მისივე განმარტებით ფუტაკარაძე ბიზნესმენია და მათი ნაცნობობა, რომელიც გასულ წელს ნდობის გამოცხადების ოფიციალური საბუთით გაფორმდა 5 წელია რაც გრძელდება.