როგორც ჩანს პოლიტიკური ძალები საარჩევნო მარათონის დასკვნით ეტაპზე შევიდნენ. ასეთ დროს კი, ხელისუფლების „გასაშავებლად“ მოსახლეობის ჯიბეზე დარტყმა ყველაზე ნაცადი და გამართლებული მეთოდია. სულ 1 კვირის წინ, კარანტინის მნიშვნელოვანი შეზღუდვების მოხსნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, კომეციულმა ბანკებმა, ყველამ, როგორც ერთმა, მცირე და საშუალო ბიზნესს შეთანხმებულად უთხრეს უარი სესხების მიცემაზე დადგენილზე ბევრად მეტი საგირავნო ქონების ჩადების გარანტიითაც კი. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ახლა ისეთ სფეროს მიადგნენ, რომელიც პრაქტიკულად ყველა ჩვენთაგანის სალაროს გამოაცარიელებს, პირდაპირი თუ ირიბი მეთოდით.
საუბარია თხევადი გაზის აქციზის გაძვირებაზე, რომელიც უკვე გააძვირეს ლობისტურმა ჯგუფებმა და ახლა კვლავ მიიტანეს იერიში. მოგეხსენებათ, თხევადი გაზი სხვა ნავთობპროდუქტებზე ეკოლოგიურად სუფთა საწვავია და იაფიც. საშუალო და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის კი - უალტერნატივო. წესით, ბუნებრივი გაზიც იმავე სეგმენტიდანაა. უფრო მეტიც, უამრავ ქვეყანაში, მწარმოებელში თუ არამწარმოებელში, ბუნებრივი გაზი თხევად გაზზე უფრო იაფია. მაგალითად რუსეთში თითქმის 2-ჯერ იაფია, აზერბაიჯანშიც დაახლოებით ამდენჯერვე, სომხეთში - 30-40%-ით. თურქეთში „პრემიუმის“ ტიპის ბენზინის ფასის ნახევარია, ევროპის ქვეყნები უმრავლესობაშიც. საქართველოში კი პირიქით - ბევრად ძვირი და არა იმიტომ, რომ თხევადი გაზია იაფი, არამედ იმიტომ, რომ ბუნებრივი გაზია ძალიან ძვირი.
ამის მიზეზი ძალიან მარტივია - თხევადი გაზის შემომტანების რაოდენობა რამოდენიმე ათეულს ითვლის, ბუნებრივი კი მხოლოდ ერთს -„სოკარს“ შემოაქვს და როგორ ფასსაც უნდა, ისეთს აწესებს. დღეისათვის, „სოკარის“ მიერ „მეზობლურად“ შემოთავაზებული ბუნებრივი გაზი გასამართ სადგურებზე 1.2-1.3 ლარს შორის მრყეობს. ეს მაშინ, როცა „რეგულარის“ ტიპის ბენზინი 1.35-1.39 თეთრიც კია. ასეთი ანალოგი ალბათ, არსად მოიძებნება.
თუმცა, ეს ეტყობა არაა საკმარისი და ზოგიერთებს ის დრო ახსოვთ და ენატრებათ, ლარის დოლართან მიმართებაში 1.75 კურსით ბუნებრივი გაზი ავტოგაზგასამართ სადგურებზე 1.5 ლარს რომ „ეთამაშებოდა“. როგორც ჩანს, „სოკარის“ და პოლიტიკოსთა ინტერსები ერთმანეთს დაემთხვა, თხევადი გაზის წინააღმდეგ ახალი შეტევა მიიტანეს და პარლამენტს სთხოვენ აქციზი 300-დან 450 (!!!) ლარამდე გაზარდოს, რასაც, თავის მხრივ, კიდევ გაზრდის დღგ-ს გადასახადი. რას გამოიწვევს ეს? თხევადი გაზის შემომტანებისთვის არაფერს. ისინი იმავე მარჟაზე იმუშავებენ. რადგან მათ უბრალოდ მოუწევთ მნიშვნელოვნად გაზარდონ საწვავის ღირებულება. ავტომობილზე თხევადი გაზის სისტემის მონტაჟი დაახლოებით 1500 ლარამდე ჯდება კუბატურის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ავტომფლობელი ყველა ვარიანტში მაინც გაზს ჩაასხამს. თუნდაც ლარ-ლარობით რომ ამოიღოს ინსტალაციის თანხა. კომერციული მიზანი მხოლოდ ერთია. თხევადი გაზზე ფასის მატება ბუნებრივი გაზის ერთადერთ შემომტანს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაზარდონ ფასი თავიანთ პროდუქციაზე. ამის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი დღეს სწორედ თხევადი გაზია.
მონეტარული პოლიტიკის კუთხითაც ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. თუკი თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილის მიერ 100 კილომეტრის გასავლელად ქვეყნიდან პირობითად X რაოდენობის ვალუტა გადის, სხვა საწვავის შემთხვევაში ის თითქმის 2X-ს აღწევს. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყნიდან სავალუტო გადინებების მნიშვნელოვნად შემცირებას უწყობს ხელს.
მოკლედ, ყველაფერი ისევ მოსახლეობაზე, ხოლო შემდეგ საარჩევნო ურნასთან მისვლისას(2020 საარჩევნო წელია), არსებულ ხელისუფლებაზე გადატყდება. პური და საწვავი,-სოციალური ბუნტის მოსაწყობად ყველაზე კარგი სფეროა. არავის სიამოვნებს ბენზინის პარალელურად, გაზის ავზი ატაროს მანქანით. ფასია ამის ერთადერთი განმსაზღვრელი.
ფინანსურ ასპექტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზი 2500 დოლარიდან 1800-მდე დაეცა. თუმცა, ეს ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვიგვრძნია. ეს არის მონოპოლიის შედეგი.
რაც ყველაზე პარადოქსულია, ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის უკანაც აშკარად ჩანს პოლიტიკოსთა შუქჩრდილები, ისინი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რამოდენიმე წლის უკან გაზრდილი აქციზის შემცირებას კი არა, თხევადი გაზისთვის აქციზის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ!
მსოფლიო კრიზისის და პანდემიის დროს საკუთარი მოსახლეობის „პატივსაცემად“ უკეთესს აშკარად ვერ ინატრებდით...