ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების პროექტი პირველად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და პირველი ეჭვებიც გაჩნდა. გარდა იმისა, რომ საწარმოო და ლოგისტიკური პრობლემები უკვე სახეზეა, ირკვევა სხვა დეტალებიც. თურმე ეკონომიკის ყოფილი მინისტრს გიორგი ქობულიას იმთავითვე არ სჯეროდა ამ იდეის წარმატების და წინააღმდეგობასაც კი უწევდა მას.
ელექტრომობილების წარმოების განმახორციელებელი კომპანია „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი ადასტურებს, რომ საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში ეკოლოგიურად სუფთა მანქანების გამოშვება ფერხდება და დათქმულ ვადებში ვერ მოესწრება. ამ ყველაფრის მიზეზი გლობალური პანდემიაა, რომელმაც გააჩერა ჩინეთიდან საწარმოო ხაზის ტრანსპორტირების პროცესი. მართალია, ახლა შეფერხებები მოხსნილია და მანქანების წარმოებისთვის აუციელებელი ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისში ჩამოვა, მაგრამ, რასაკვირველია, პირველი ქართული ელექტრომობილი აგვისტოში კონვეიერიდან ვეღარ ჩამოვა.
„მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა, რომელიც ჩინეთში ყველაზე ადრე, დეკემბრის თვიდან დაიწყო, ცხადია შეაფერხა ჩვენი გეგმები. უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო ლოგისტიკური შეფერხებები, კერძოდ კი ვერ მოხერხდა 2019 წლის შემოდგომაზე შეძენილი საწარმოო ხაზისა და ტექნოლოგიური სიმძლავრეების ჩინეთიდან დროული მოწოდება.
ჩვენმა პარტნიორმა, ავტოინდუსტრიის ჩინურმა გიგანტმა - „ჩანგანმა“ მხოლოდ თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყო საწარმოო პროცესების განახლება, ისიც მხოლოდ ავტომატიზირებულ ნაწილებში. სრულად, სამუშაო პროცესს ქარხანა როდის დაუბრუნდება, ჯერ არ ვიცით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკომპლექტებული ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩამოვა.
მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი პრობლემა, კადრების მივლინებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ველოდებოდით ინჟინრების გუნდს ჩინეთიდან, ვისაც უნდა ემართა საწარმოს მშენებლობისა და საწარმოო ხაზების მონტაჟის მიმართულება. ასევე, უნდა გაგვეგზავნა ქართველ სპეციალისტთა გუნდი გადამზადებაზე ჩინეთში. ეს მიმართულებაც 2019 წლის ბოლოდან დღემდე შეჩერებულია“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ კახა გულედანმა.
„აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე წარმოების დაწყების ზუსტ დროს ვერ ასახელებს და ამბობს რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება.
უნდა ითქვას, რომ ელექტრომობილების ქართული წარმოების იდეას იმთავითვე ბევრი სკეპტიკურად უყურებდა და ახლა აღმოჩნდა, რომ მათ შორის ყოფილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულიაც, რომელიც კერ კიდევ მისი მინისტრობის პერიოდში იცნობდა პროექტსაც და მისი განხორციელების გზებსაც.
„ბევრჯერ ვცადე ამეხსნა, რომ ელექტრომობილების წარმოება უტოპიური იდეა იყო და არც არაფერი გამოდის აქედან. სწორედ ასეთივეა ის იდეაც, რაც დიდი მწარმოებლების გადმოყვანას გულისხმობს ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ორიენტაცია უნდა იყოს ინვესტორების და კომპანიების შემოყვანა საქართველოში იმ სექტორებში, სადაც გვაქვს უპირატესობები და რომლითაც შეგვიძლია მათი დაინტერესება“, - განაცხადა ქობულიამ.
საქართველოში ელექტრომობილების წარმოების ამოქმედების შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის გაზაფხულზე დაანონსა და ისიც თქვა, რომ საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები 2020 წლიდან ექსპორტზე გავიდოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე გადაჭარბებული პროგნოზები იყო, ისევე როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობა.