საქართველოში უძრავი ქონების ფასები მცირდება. პანდემიამ თავისი კვალი ყველაზე მოთხოვნად და კაპიტალტევად ბაზარსაც დაამჩნია. ახლა ერთადერთი იმედი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაა, რომელიც მშენებლებს შეღავათს კი მისცემს, მაგრამ მომხმარებელს მაინცდამაინც ვერ წაადგება.
„თიბისი რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ მაისში, თებერვალთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ფასი აშშ დოლარში 4%-ით შემცირდა.
უფრო მკვეთრი იყო შემცირება ქირავნობის საშუალო ფასებში, სადაც თებერვალთან შედარებით 12%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, ფასების შემცირებასთან ერთად, 70%-ით არის შემცირებული დედაქალაქში ბინების გაყიდვები, ახალი იპოთეკური სესხების გაცემამ კი წლიურად 73%-ით იკლო.
„31 მაისის მდგომარეობით, „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ახალი იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -73%-ს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებლის მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს.
მაისის ბოლოს, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი წ/წ -70%-ს შეადგენს. წინა კვირაში იგივე მაჩვენებელი წ/წ -73% იყო, მინიმალური მაჩვენებელი (-97% წ/წ) აპრილში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე გაუმჯობესება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც შესაძლოა მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინს უკავშრდებოდეს. ეკონომიკის ეტაპობრივმა გახსნამ და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებებმა მოსალოდნელია ტენდენცია გააუმჯობესოს.
სებ-ის ინდექსის მიხედვით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 4%-ით შემცირდა. აპრილთან შედარებით ფასებმა მცირედით (0.2%) იკლო ლარშიც“, - ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით „თიბისი რისერჩის“ შეფასებაში.
მთავრობის მიერ დაანონსებული სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის დამტკიცება და გაცემაც მალევე უნდა დაიწყოს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.
საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამის ამოქმედებისთვის ჯერ შესაბამისი დადგენილების მიღება და ბანკების მიერ მისი დანერგვა არის აუცილებელი.
იპოთეკური სესხების პროგრამას ყავს მოწინააღმდეგეებიც. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არაჯანსაღი ნაბიჯი იქნება ეკონომიკისათვის.
„სავარაუდოდ, დეველოპერული კომპანიების ლობისტებმა აქტიურად იმუშავეს, რომ ასეთი საჩუქარი მიეღოთ. ეს არის ხელოვნური ჩარევა, ასევე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. გარდა ამისა, ამ გაურკვევლობაში მოქალაქეებს მთავრობა აძლევს სტიმულს, რომ აიღონ იპოთეკური გრძელვადიანი სესხები და თან, არ ვიცით რა იქნება ხვალ.
ყოველთვის სჯობს თავად ბაზარმა გადაჭრას პრობლემები
ამ ტიპის სუბსიდირებას აჯობებდა გადასახადების ნაწილში შეეტანათ ცვლილებები. ხელოვნური ჩარევა არა მგონია ეკონომიკურად წარმატებული იყოს. სინამდვილეში ეს დახმარებაა სამშენებლო სექტორისათვის და არა მოსახლეობისთვის. ამაზე მეტყველებს ყველაფერი. რეგულაციით მივიღეთ შედეგი, რომ უძრავი ქონება აღარ გაიაფდება. რატომ არის საჭირო ასეთი ხელოვნური პროცესები?“, – განაცხადა კეპულაძემ.