„თუ გოგიჩაიშვილი, კობერიძე ცალ-ცალკე პარტიებს შექმნიან, მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ თამაშში დარჩებიან“

„თუ გოგიჩაიშვილი, კობერიძე ცალ-ცალკე პარტიებს შექმნიან, მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ თამაშში დარჩებიან“

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ახალი პოლიტიკური ცენტრების გამოვლენა და მათი გაძლიერება იმისთვის, რომ არჩევნებმა საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობა ასახოს. ანალიტიკოსის აზრით, ამ ცენტრების შექმნის თეორიული შანსი არსებობს. თუნდაც იმავე „ლელოს“ მაგალითს თუ ავიღებთ, მართალია, მას საკუთარი პარტიული პოტენციალი არ გააჩნია, მაგრამ ის შეიძლება გახდეს მიზიდულობის ცენტრი უპარტიო ავტორიტეტებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყანაში.

For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

არაერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, საკუთარი პოლიტიკური პარტიით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე, მათ შორის, ლევან გოგიჩაიშვილმაც. ის მიიჩნევს, რომ „ნაციონალები“, ანუ ძალაუფლებადაკარგული ხალხი, რევანშის მოსურნე ადამიანები აპირებენ „ქართული ოცნების“ სისუსტით ისარგებლონ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ. ამ ფონზე გვერდზე დადგომა კი ღალატია. ამიტომაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. თქვენი აზრით, როგორი იქნება დამოუკიდებელი დეპუტატების შესაძლებლობები?

- ვფიქრობ, ამ ფლანგზე ბევრი პარტიის დაფუძნება არაფრის მომცემია. არ არის საკმარისი ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის რესურსი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სახით უფრო წარსულს განასახიერებს და, მოგეხსენებათ, წარსული არ შეიძლება ცუდი აწმყოს ალტერნატივა იყოს. ალტერნატივას ადამიანების უმრავლესობა მომავლის არჩევანში ეძებს, ანუ ამომრჩევლის უზარმაზარი სეგმენტი ასეთ განწყობაზეა, მას არც წარსული უნდა, „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ხარჯზე, არც აწმყო მოსწონს და ეძებს უკეთეს მომავალს. ასეთი მომავლის შეთავაზება, ისეთი ძლიერი ძალის სახით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, დღეს არ არის პოლიტიკურ ბაზარზე. შესაბამისად, რესურსი საკმაოდ მწირია და ამის კიდევ დაქსაქსვა, რომ ყველა დეპუტატმა ცალკე პარტია შექმნას, აბსურდია. ასე არაფერი გამოვა, რადგან ვერავინ ვერ აკრიფავს ძალას. ვფიქრობ, მომავლის არაკომპრომეტირებული პოლიტიკური ელიტა_პარტიულიც და უპარტიოც, მთლიანად უნდა იქნას მობილიზებული, ერთ ამოცანაზე მომუშავე და კონსოლიდირებული.

ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, თუ ამ არჩევნებისთვისაც მოესწრება?

- არ არის შორეული პერსპექტივა, ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, აქ მთავარია სინერგიის გაჩენა. რომელ პლატფორმას აიღებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, უპარტიო და პარტიული საქართველო, რომელიც არ ასოცირდება ამ ორ პოლიტიკურ ცენტრთან, მაქსიმალურად კონსოლიდირებულ იქნას. დავუშვათ, თამარ ჩუგოშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, სხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც პარტია შექმნან, ამით რას მიაღწევენ? ეს ხომ მხოლოდ ამბიციების გამოვლინებაა. რა შედეგს ელოდებიან? თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბარიერამდე მიაღწევენ, ასე საჩქაროდ შექმნილი პარტიებით?

ანუ ერთიანი პოლიტიკური მსხვილი ცენტრი უნდა შეიქმნას?

- რა თქმა უნდა, ერთიანი ფრონტი უნდა შეიქმნას. ახლა ყველამ თავისი პარტია დააფუძნოს და ბევრი პარტიის ალიანსი გააკეთოს, ამის დრო აღარ არის. მაგალითად, უნდა აიღონ „ლელოს“ პლატფორმა, ერთი პარტიის პლატფორმა და ამ პლატფორმაზე დაეფუძნონ. ვინ რას მიიღებს შედეგად და ვისი ინტერესი რა არის, ეს შიგნით დაალაგონ. თორემ ცალ-ცალკე 50 პარტია რომ დაფუძნდება, ამით რამე შეიცვლება? თანაც, ხომ ვიცით, რომ 50-დან 49 ბარიერს ვერ გადალახავს?

„ლელო“ ახსენეთ და ბიზნესმენებთან ალიანსი ბევრს არ მოსწონს, განსაკუთრებით, უბრალო ხალხს, ამომრჩევლებს. სხვა არჩევანი არ არსებობს?

- არ მოსწონთ, თუ მოსწონთ, დღეს აზიზობის დრო არ არის. გასაგებია, ყველას აქვს თავისი პრობლემა, თავისი მინუსები და პლუსები. თავისთავად, ბიზნესმენი ანტიგმირი ხომ არ არის? რამდენზეც მიუშვებ, იმდენს მიიღებს. კეთროვანი არ არის ბიზნესმენი. ბიზნესმენია გადასახადის გადამხდელი, ბიუჯეტი იქიდან დგება და ეს დეპუტატებიც იქიდან იღებენ ხელფასს. ახლა ძალიანაც ნუ დაიფასებენ თავს.

თქვენ მიიჩნევთ, რომ ახალ პოლიტიკურ ცენტრში მარგველაშვილ-კვირიკაშვილის ადგილიცაა? ისინი მაინც „ოცნებასთან“ ასოცირდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებიდან“ უკმაყოფილოდ წავიდნენ.

- აღარ ასოცირდებიან არანაირად „ოცნებასთან“, ისინი პროცესში ნაკლებად დაზიანებულები არიან, უფრო სწორად, ნაკლებად კომპრომეტირებულები. დღეის მოცემულობით, ისინი არ ასოცირდებიან ამ ორ პოლიტიკურ ცენტრთან. მარტო მარგველაშვილსა და კვირიკაშვილზე არ ვსაუბრობ, სხვებიც არიან. არის რესურსი სამოქალაქო აქტივისტების, რომლებსაც რაღაც გამოცდილებაც აქვთ, კომპეტენციაც და შედარებით გაურყვნელები არიან. ამ ადამიანების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს ერთ დიდ მძლავრ სეგმენტად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სერიოზული ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა.

წინასაარჩევნო სტარტის თვალსაზრისით, ვინ უფრო მომგებიან მდგომარეობაშია - დამოუკიდებელი დეპუტატები, თუ ლეიბორისტული მაგიდის გარშემო შემოკრებილნი?

- სტარტი მაგიდასთან მსხდომებმა აკრიფეს, მათ ჰყავთ თავიანთი სტაბილური ელექტორატი. ამ პერსპექტივაში თეორიულად ბევრად უფრო დიდი სეგმენტია მომავლის ალიანსისთვის, ბევრად უფრო პერსპექტიულია, რადგან აქტიური ამომრჩევლის კრიტიკულად დიდი რაოდენობა, დაახლოებით 30-35% დარჩენილია არჩევანის გარეშე, ანუ არც წარსული უნდა „ნაცმოძრაობის“ სახით და არც აწმყო „ქართული ოცნების“ სახით. ისინი ელოდებიან რაღაც შეთავაზებას. თუ დაიქსაქსება ყველაფერი და გოგიჩა თავის პარტიას შექმნის, კობერიძე თავის პარტიას და ყველა თავის პარტიას და 50 პარტია იქნება, ამომრჩეველი დაიბნევა, ვერ გაიგებს, სად წავიდეს, არც რწმენა ექნება იმის, რომ ამ დეპუტატებს ცალკე რამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს ადამიანები ერთად თუ დადგებიან, შეიქმნება გარკვეული სინერგია და მომავლის არჩევანის მსურველ ელექტორატსაც გაუჩნდება იმედი, რომ მართლაც სერიოზულადაა საქმე.

ისე, ლევან კობერიძის მესიჯები მომგებიანია, „როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე არასდროს დავჯდები მაგიდასთან, სადაც „ნაცმოძრაობა“ და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი“.

- კი ბატონო, ეს რიტორიკაა, მეტი არაფერი. მთავარი ის გახლავთ, რომ ასე არჩევანი არ უნდა გაკეთდეს. მაგიდასთან მტერთანაც უნდა დაჯდე, თუ ხარ პოლიტიკაში, პოლიტიკა მკაცრი მიმართულებაა. მაგიდასთან ყველასთან უნდა დაჯდე, მათ შორის, აშკარა მტრებთანაც, რადგან სახელმწიფოს სჭირდება ასე და არის საკითხები, რასაც ამ ტიპის საუბრები სჭირდება. ამას თავი გავანებოთ, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა გოგიჩაიშვილის, კობერიძის მიმართ, თუ ისინი ცალ-ცალკე პარტიებს შექმნიან, მათ არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ისინი თამაშში დარჩებიან. ეს არის დრო, როდესაც მომავლის პარტიის მთავარი სლოგანი უნდა იყოს_ძალა ერთობაშია, ცალკე მათ შანსი არ აქვთ.

რაც შეეხება „ნაცების“ შეთავაზებას, თბილისის 8 ოლქიდან მხოლოდ 2 ოლქში საკუთარი კანდიდატურების წამოყენების თაობაზე, როგორ გგონიათ, „ნაცები“ სიტყვას უკან არ წაიღებენ?

- ისინი სულ სამზადისსა და რაღაც რეჟიმში არიან. მე ვთვლი, რომ შენ თუ გყავს პოლიტიკური პარტნიორები და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებ, საჯარო შეთავაზებებს თავი უნდა გაანებო. ეს არაჯანსაღი სიტუაციაა. რაც არ უნდა კარგი იყოს შენი შეთავაზება, შენ თუ პოლიტიკურ პარტნიორებთან ლაპარაკობ ამაზე, საჯარო განცხადებები არ უნდა აკეთო და მათთან ერთად უნდა გამოაცხადო, რაზეც შეთანხმდით ერთმანეთში. წარმოიდგინეთ, ჩემი ძმისთვის რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ ჩემს ძმას კი არ ველაპარაკები, არამედ საჯარო განცხადებას ვაკეთებ. ეს საქციელი ადეკვატურია?

ეს ნიშნავს, რომ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას დაშლა ემუქრება?

- არ ვიცი, ეს ხომ საკმაოდ ეკლექტური ფორმირებაა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ამ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, ხომ არ არის მოლოდინი იმისა, რომ მათ მაინც გაუჭირდებათ მაჟორიტარულ ოლქებში ხელისუფლების საპირწონედ კონკურენტუნარიანი კანდიდატების წამოყენება?

- რატომ გაუჭირდებათ, ვფიქრობ, შეცდომაა ერთიანი კანდიდატით გასვლა ოპოზიციისთვის, რადგან ეს არის ხელისუფლების თამაში, სწორედ ხელისუფლებას აწყობს, რომ იყოს გენერალური ბრძოლა, შუა იყოს გაკრეფილი და ერთი-ერთზე ბრძოლა ტატამზე გამოცხადდეს. სინამდვილეში, ხელისუფლებას პრობლემა ექმნება იმ შემთხვევაში, თუ ბევრი კანდიდატი იქნება ოლქებში წარმოდგენილი და დაიქსაქსება ხმები. ასეთ დროს ბევრკანდიდატიან ოლქებში ხელისუფლებას პირველ ტურში გამარჯვება გაუჭირდება. რაც შეეხება მეორე ტურს, ოპოზიციამ იმაზე კი არ უნდა იზრუნოს, რომ ერთიანი კანდიდატით წარდგეს, არამედ იზრუნოს იმაზე, რომ პირველი ტური გამოაცხადოს პრაიმერისად, მეორე ტურში ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ კანდიდატს, ვინც არ უნდა გავიდეს. მე მგონი, ეს უფრო პერსპექტიული სქემაა, ვიდრე ის, რომ ახლავე გამოკვეთონ ოპოზიციური კანდიდატები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ელექტორატის დიდი ნაწილი, რომელსაც არ მოსწონს „ოცნება“, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატსაც არ დაუჭერს მხარს. ეს ელექტორატი იკარგება. თუნდაც ლევან კობერიძე რასაც ამბობს, მისი განწყობა ფართოდ გავრცელებულია. კი ბატონო, მას აქვს პრეტენზია „ოცნებასთან“, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში „ნაცმოძრაობასთან“ საქმეს არ დაიჭერს. ეს საკმაოდ პოპულარული და დიდი განწყობაა. რას უშვებიან ამ ამომრჩეველს? ამ ამომრჩეველს თუ არ ექნა სხვა არჩევანი, ან არ წავა არჩევნებზე, ან ისევ „ოცნებას“ მისცემს ხმას, შესაბამისად, რას იგებს ე.წ. გენერალური ბრძოლით გაერთიანებული ოპოზიცია, ჩემთვის გაუგებარია.

Neasimon ეს გამყიდველი იდიოტი მოაშორეთ .........
3 წლის უკან
ზურაბი ხუხაშვილო, ბიძინას რომ ეუბნებოდი პოლიტიკიდან გასვლაში დაგეხმარებიო,არ დაგიჯერა ივანიშვილმა, კიდევ გაიმარჯვებს აუცილებლად და შენ ალბათ საბოლოოდ გაუბერავ. აჯობებს კულინარიაში გადახვიდე და ხალხს ურჩიო ლობიოს რომელი მწვანილი უხდება.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხუხაშვილო ახლა მაინც აღიარე, რომ საქართელოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდ გამოცხადდეს ხანგრძლივი მორატორიუმი!!!
3 წლის უკან
tngh თუ გოგიჩაიშვილი, კობერიძე, ჭიჭინაძე... ფოფხაძე შექმნიან ერთ პარტიას, აუცილებლად საკოსტიტუციო უმრავლესობით მოვლენ პარლამენტში და მთავრობას დააკომპლექტებენ...
3 წლის უკან