შეიძლება ითქვას, ლარი ახლო მომავალში 3,0-იან ნიშნულს აღარ გადასცდება

შეიძლება ითქვას, ლარი ახლო მომავალში 3,0-იან ნიშნულს აღარ გადასცდება

უკანასკნელი დღებში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარების საოცარი ტემპი აჩვენა და ეს მაშინ, როდესაც ამას თითქმის არავინ ელოდა. ლარი ყველასდა გასაკვირად 3,0-იან ნიშნულს ჩამოსდა და ყოველდღიურად აგრძელებს პოზიციების გაუმჯობესებას.

„თიბისი ბანკის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ვარაუდობს, დროთა განმავლობაში ეროვნული ვალუტა სწორედ 3,0-თან იტრიალებს. ამასთან, დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ერთ-ერთი წინაპირობა ევროსთან და სხვა ვალუტებთან მიმართებით თავად დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება იყო.

„ლარი არ გამყარებულა, სხვა ვალუტებთან მიმართებით, იმდენად რამდენადაც დოლართან. ამის მიზეზი კი არის ის, რომ თავად დოლარმა დათმო პოზიციები. ევრო გამყარდა, ლირა გამყარდა, ასევე რუბლიც გამყარდა. რა თქმა უნდა, უკვე მნიშვნელოვანია მოლოდინის ფაქტორიც. ჩვენი ბაზარი არის მცირე ზომის, შესაბამისად, მცირე ცვლილებამაც შეიძლება მერყეობა გამოიწვიოს.

სხვადვასხვა ფაქტორების გაანალიზების შედეგად არ ველით გაუფასურებას. თუ 2020 წლის ბოლოსთვის დოლართან მიმართებით თავდაპირველად გვქონდა კურსის პროგნოზი 3.1, ახლა იმის გათვალისწინებით, რომ ევრომ და სხვა ვალუტებმა წამოიწია დოლართან მიმართებით, უკვე ამ პროგნოზს 3,0-მდე ჩამოვწევთ დოლართან მიმართებით. არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მყარმა დოლარმა დათმოს პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე და თუ ეს მოხდება, მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნება 1% და 2%-იანი ცვლილება“, - განაცხადა „ბიემთან“ ოთარ ნადარაიამ.

სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. როგორც მან პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე უფრო მეტი სავალუტო რეზერვის დახარჯვის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ეს საჭირო არ აღმოჩნდა.

„ვფიქრობდი, რომ უფრო მეტ რეზერვს დავხარჯავდით, ვიდრე დღეს დავხარჯეთ. ასე რომ, წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოცულობის ინტერვენცია განხორციელდება, შეუძლებელია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიც საჭირო იქნება იმდენს გავყიდით“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 160 მილიონი დოლარი გაყიდა. რაც შეეხება სავალუტო რეზერვების ჯამურ ოდენობას, ის საერთაშორისო დონორების დახმარების ფონზე მზარდია. 31 აპრილისთვის რეზერვების მოცულობამ 3.47 მილიარდი დოლარი შეადგინა.

იმედიანად არიან განწყობილი როგორც ფინანსისტები, ასევე - ბანკირები. „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ლარის გამყარება სწორედ ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას უკავშირდებოდეს.

„რთულია ძალიან იმის თქმა, მოკლე პერიოდში რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც საქართველოში ხდება მაისის თვიდან დაწყებული, ძალიან კარგია - სხვადასხვა ტიპის ბიზნესები იხსნება... შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ეკონომიკურმა აქტივობამ გამოიწვია ეს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ამჟამინდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, ეს დადებითი ტენდენციები დროებითი არ აღმოჩნდეს. ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი სავალუტო ბაზარზე არსებულ დადებით ტენდენციას საერთო მოთხოვნის შემცირებას უკავშირებს.

„ლარის გამყარება დაკავშირებულია საერთო მოთხოვნის შემცირებასთან. გარდა ამისა, იმ პოზიტიურ ნაბიჯებთან, რომლებსაც დგამს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი. დახმარებები და აღებული თანხები, რომლებსაც ეკონომიკისთვის იღებს ხელისუფლება, ყველაფერი ჯერჯერობით პოზიტიურად მოქმედებს.

პერსპექტივაში ფუნდამენტური ფაქტორები არსებობს, რომლებსაც ქრონიკული ხასიათი აქვს. სწორედ ამას უნდა ყურადღების მიქცევა, რომ მომავალში უარყოფითი ზეგავლენა თავიდან ავირიდოთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ თოქმაზიშვილმა.