მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს, დიეგო კოსტას გადასახადების გადახდისგან თავის არიდების გამო 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს.
გამოძიება ფეხბურთელს 2014 წელს კომპანია Adidas-თან დადებული სასპონსორო ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლის დამალვას ედავებოდა. გამამტყუნებელი განაჩენი მადრიდის სასამართლომ მიიღო. პატიმრობისგან თავის ასარიდებლად ფეხბურთელი ჯარიმის სახით 36 ათას ევროს გადაიხდის, ესპანეთის ბიუჯეტში კი დააბრუნებს 1,1 მილიონ ევროს, რომელიც საქმეში ფიგურირებდა.
საჭირო თანხის გადასახდელად ესპანელმა ფორვარდმა „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას მიმართა და თავისი ხელფასის ნაწილის ავანსად გაცემა სთხოვა.