უშიშროება რუსთაველის თეატრში ბომბს დაეძებდა

უშიშროება რუსთაველის თეატრში ბომბს დაეძებდა

გუშინ თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში სპექტაკლი ჩაიშალა. ადმინისტრაციამ ხელშემშლელ მიზეზად უშუქობა დაასახელა. დაცვის უფროსის თქმით კი, თეატრის დანაღმვის შესახებ გაფრთხილება ტელეფონის საშუალებით მიიღეს. შენობაში უშიშროებისა და შინაგანი ჯარის თანამშრომლები ჯარასავით ტრიალებდნენ.

თეატრის დაცვის სამორიგეოში „რეზონანსის“ კორესპონდენტს განუცხადეს, რომ უცნობმა პირმა ისინი გააფრთხილა: „თეატრი დანაღმულია და ხალხი სასწრაფოდ გამოიყვანეთ“.

„უშიშროებაც აქ არის, შინაგანი ჯარიც, ჯერ კიდევ შემოწმება მიმდინარეობს, დაელოდეთ, აქტს შეადგენენ. უფროსობა გაგესაუბრებათ“, - დაარიგა მორიგემ ჟურნალისტი. დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, თეატრის ადმინისტრაციამ „რეზონანსის“ კორესპონდენტი შენობაში არ შეუშვა.

მთავარი ადმინისტრატორი, შალვა ნიკოლაიშვილი აქეთ ეწვია „ცნობისმოყვარე“ ჟურნალისტს. მან ცივი უარი განაცხადა: „არც არავის დაურეკავს ბომბის ჩადების თაობაზე და შენობაში ჩვენს გარდა სხვა არავინ არის“. ნიკოლაიშვილის თქმით, სპექტაკლი ტექნიკური შეფერხების გამო ჩაიშალა. „გაირკვა“, რომ საამისო აქტს თავად ადმინისტრაცია შეადგენს და შინ მშვიდობით წავლენ.

თეატრის შენობაში უშიშროების თანამშრომლებისა და შინაგანი ჯარის რამდენიმე ჯარისკაცის ელვის სისწრაფით შევარდნამ „რეზონანსელი“ დააეჭვა. მთავარი ადმინისტრატორის განმარტებით, ისინი სპეციალურად არიან თეატრზე მიმაგრებულები.

„ჟურნალისტი“ შიდა ტელეფონით დირექტორის მოადგილეს (გვარი არ გაამხილა) დაუკავშირდა.

ოთარი: ვიღაცამ დარეკა და სულ ტყუილი გამოდგა ყველაფერი.

„რ“: შიგნით ვინ არის, ვინ აწარმოებს შემოწმებას?

ოთარი: არაფერი ვიცი. ხვალ მობრძანდით, გენაცვალე, რაღა ამ შუაღამისას მოგინდათ აქ მოსვლა. მამაკაცი რომ იყოთ, შემოგიშვებდით, მაგრამ, ალბათ, არის ისეთი სიტუაცია, რომ ვერ შემოგიშვებთ. ხვალ დილით მობრძანდით და დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.

„რ“: მამაკაცი რა შუაშია? რადგან მამაკაცი მიხსენეთ, ბადებთ ეჭვს, რომ ბომბი მართლა არის და მიმდინარეობს დათვალიერება.

ოთარი: არაფერი მიმდინარეობს. ახალგაზრდა გოგონა ხართ. რად გინდათ, რომ მაინც შემოხვიდეთ? თქვენ ხართ დასაკითხი, პირდაპირ გეტყვით, რატომ: ვინ დაგირეკა? რატომ დაგირეკათ და რატომ მიიღეთ ტელეფონით ასეთი ინფორმაცია? შემოგიყვანთ და დაგაკავებთ.

„რ“: კარგით, შემომიშვით და დამაკავეთ. თქვენ რა გვარი ბრძანდებით?

ოთარი: კაცო, ახლა ნერვები არ ამიშალო. მიტრიალდი ახლა და წადი. არ გამომიყვანო გარეთ, წადი ახლა აქედან!

ამ „სიამტკბილური“ დიალოგის შემდეგ თეატრის დირექტორის გვარდაუდგენელი მოადგილე ოპერატიულად გამოცხადდა სამორიგეოში. მას თან უშიშროების რამდენიმე თანამშრომელი ჩამოჰყვა.

„რეზონანსის“ კორესპონდენტს გამოჰკითხეს, ვინ იყო და რა უნდოდა. თავად კი ვინაობა დამალეს. „ჩვენი ვინაობა რად გინდათ, ეს ჩვენ ვიცითო“ -  და თვალის დახამხამებაში შევიდნენ შენობაში. თეატრის დირექტორის აბობოქრებულმა მოადგილემ კი ჟურნალისტს დიდი „მომავალი“ უწინასწარმეტყველა: „ხვალ შენი ბოლო სტატია იქნება გაზეთში“.