ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება ძმები ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიასთან

ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება ძმები ნობელების ნავთობგადაზიდვის მონოპოლიასთან

დღეს, როცა მთელი მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში მტკიცედ ებრძვიან მონოპოლიების წარმოქმნას და ამ მხრივ საქართველოს ახალი ხელისუფლებაც აქტიური ნაბიჯების გადადგმას იწყებს, უთუო ინტერესს იწვევს უდიდესი ქართველი მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის დაპირისპირება ძმები ნობელების (ერთ-ერთის - ალფერდის სახელს დღეს ატარებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრემია) მიერ შექმნილ ბაქოს ნავთობის გადაზიდვის მონოპოლიასთან.

130 წლის წინ, 1882 წლის 28 აგვისტოს ნიკო ნიკოლაძემ მოხსენება გააკეთა რუსეთის სამეცნიერო - ტექნიკური საზოგადოების წევრთა ყრილობის IV განყოფილების სხდომაზე, რომლითაც იგი ღიად დაუპირისპირდა ძმები ნობელების კომპანიას, რომელმაც ბაქოს ნავთის გატანის მონოპოლია იგდო ხელთ და სერიოზულ ზიანს აყენებდა სხვა, განსაკუთრებით კი ადგილობრივ  კომპანიებს ( ეს მოხსენება სახელწოდებით „ვ.ბ. აბრამოვიჩის ინფორმაციის გამო“, ინახება ნიკო ნიკოლაძის არქივში N X-25-1, 26-14, ასევე დაიბეჭდა თხზულებათა VIII ტომში, 2003 წელს).

დასაწყისში ნიკო ნიკოლაძე მიუთითებს, რომ ბაქოს ნავთობისა და მისი დერივატების გატანა დღითი დღე იზრდება, მაგრამ ასეთი სიმდიდრით გიგანტური სარგებლობა სრულიად არ იგრძნობა ადგილობრივი მოსახლეობის, მშრომელი ხალხისა და თვით მეწარმეთა ცხოვრებაში. იმის კითხვა, სად მიდის ამ ნაქები წარმოების სიმდიდრის რეზულტატი, მოგება?  ნიკოლაძეს აქვე მოაქვს ბაქოს ნავთობის წარმოების შედარება ამერიკის ნავთობის საქმესთან: „შეხედეთ, რამდენი მსხვილი და კოლოსალური კონკურენცია წარმოიშვა იქ (აშშ-ში -ვ.შ.),  ნავთობის რამდენი ლორდი გაჩნდა, რომელთაც ნამდვილი სიმდიდრე დააგროვეს? [1,506]. ნიკოლაძე სვამს კითხვას: სად არიან ბაქოს ნავთობის ლორდები? სად იმალება მათი კეთილდღეობა? და იქვე პასუხობს, რომ ამ „ლორდებმა“ ჯერ მხოლოდ ვალები მოაგროვეს და ოფლში გაქაფულნი, ძლივს აერხებენ ამ ვალების პროცენტთა გადახდას. ნიკოლაძე ამას რუსული პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების გავლენით ხსნის, რომელთა გამოც რუსეთში ყველაფერი, რაც უნდა აიღოთ, მაიორატსა და მონოპოლიაში გადაიზრდება.

ბაქოელი მრეწველები იძლებულნი არიან შესანიშნავი პროდუქცია, რაც ქარხნებს მეტისმეტად ძვირი დაუჯდათ, ნახევარ ფასად გაასაღონ, ვინაიდან მისი ადგილიდან დასაძვრელად ყველა გზა გადაკეტილი აღმოჩნდა, ხოლო მისი გასაღები „ერთ ფირმას“ ჩაუვარდა ხელში... ეს ფირმა ძმები ნობელების ამხანაგობაა”, - წერს იგი.

ნიკოლაძე ინტერესდება და იკვლევს, თუ როგორ მოხვდა მათ ხელში ნავთობის საქმის გასაღები. მისი აზრით, არც ერთი წარმოება არ შეიძლება განვითარდეს და გაძლიერდეს, თუ მას თავს მოვახვევთ მიმოსვლის საშუალებათა მოწყობასა და შენახვასაც: „განა ჩვენი მიწათმოქმედება, მესაქონლეობა ან მეღვინეობა განმტკიცდებოდა, სოფლის მეურნეობა რომ თვითონვე ყოფილიყო ვალდებული გაეკაფა თავისთვის გზა მთავარი სამომხმარებლო ბაზრებისაკენ? ამ გზების გაყვანა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთა საქმეა, რადგან კერძო პირის ხელში ის აუცილებლად ქმნის მონოპოლიას, რაც ყოველგვარ წარმოებას კლავს (მონოპოლია წარმოებაში კი არ აღმოცენდება, არამედ გადატანის დროსო) - ჩვენ საშუალება მივეცით ჩვენსავე თავს კერძო საზოგადოებას ჩავვარდნოდით ხელში, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ სახელმწიფომ მაშინვე არ შეასრულა იმ ამოცანათა ნაწილიც კი, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციაში შედიოდა. როდესაც საჭირო იყო თანხა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ჩამოსასხმელი ვაგონებით გასაზრდელად, ხოლო ვოლგასა და კასპიის ზღვაზე ასევე ჩამოსასხმელი გეგმები, ყველა მექარხნეს, ვისაც კი მისწვდა, ნობელმა (ლუდვიგმა-ვ.შ.) თავისი სამსახური შესთავაზა. რა საჭიროაო, ამბობდა ის, ახალი ხარჯები, რისთვის უნდა გავზარდოთ რკინიგზისა და გემთა საზოგადოების საობლიგაციო კაპიტალი? ეს ხომ ტვირთად აწვება სახელმწიფო სახსრებს, გარანტიის დანამატს. მე ვიკისრებ ყველა ამ ხარჯს, მე თქვენ შემოგიყვანთ შესანიშნავ გემებს, ბრწყინვალე ვაგონცისტერნებს და ეს სახელმწიფოს კაპიკი არ დაუჯდება... ჩვენ მოგვეწონა ასეთი კეთილისმყოფელი და პირდაპირ წინ დავუდგით ტაბლა. ამიტომ შეძლო მან ასე ადვილად მილიონების მოხვეჭა; მაგრამ, ცნობილია, თუ ვინმეს ჯიბეში მილიონს დავინახავთ, თუნდაც სიზმრად, მაშინვე ფარ-ხმალს ვყრით მის წინაშე. ხედავთ - ეს ძალაა! ყოველგვარი ძალის წინაშე ქედის მოხრის თანდაყოლილი თვისების გამო ჩვენ მალე ვიქეცით ყურმოჭრილ მონებად“ [1,508].

ნიკო ნიკოლაძე ეჭვის თვალით და ირონიით უყურებს ასეთი ხელოვნური გზით შექმნილ ავტორიტეტებს და კერპებს; „ბ-ნმა ნობელმა ჩვენში ნავთობის საქმე განავითარაო, ნავთის პროდუქტები საზღვარგარეთ გააქვს; მან შეავიწროვა ამერიკული ნავთი და სწორედ ასეთი ხალხი გვჭირდებაო !... ბატონებო! მძიმე გრძნობა ეუფლება ადამიანს, როდესაც იგი აშკარად ხედავს ასეთ ბრმა მორჩილებას მთელი საზოგადოებისას მის მიერ თიხისგან შექმნილი კერპისადმი! მაგრამ კიდევ უფრო უსიხარულოა ეს გრძნობა, როდესაც ხედავ, რომ ამ კერპს ემორჩილება და თაყვანს სცემს არა მხოლოდ ბნელი მასა, არამედ მეცნიერებისა და მრეწველობის წარმომადგენელთა საუკეთესო ნაწილიც; როცა საქმის მუხრუჭი მის საყრდენადაა გამოცხადებული... ბაჟი რომ დავადოთ - უნდა შევეკითხოთ ბ-ნ ნობელს. ერთი სიტყვით, ბ-ნი ნობელის გარეშე უკვე ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. საქმე იქამდე მივიდა, რომ თვით ყველაზე სპეციალურ საკითხზე, ბათუმის პორტის მოწყობის საკითხზე მსჯელობის დროსაც კი, საგანგებოდ ამ საკითხის განსჯისათვის მოწვეულ კომისიაშიც კი, მას ეკუთვნის პირველი ადგილი“ [1,509].

ამ კომისიაში ნობელმა განაცხადა, რომ ბათუმის პორტო-ფრანკო ძალიან პატარაა თავისი ფართობით, ხოლო მისი გაფართოება საშიშიც კია ხანძრის გაჩენის საშიშროების გამო, თუ დავუშვებთ მის ნაკვეთში ქარხნების მოწყობასა და ჩამოსასხმელ მოწყობილობათა დადგმასო. კომისიამ მისი ჩარევით დაადგინა, რომ შესწავლილ იქნას საკითხი, თუ რამდენად მიზანშეწონილია პორტო-ფრანკოს საზღვართა გაფართოება, ხოლო მანამდე კი აიკრძალოს მის საზღვრებში ქარხნებისა და ჩამოსასხმელ მოწყობილობათა აგება.

ამით აღშფოთებული ნიკოლაძე წერს, რომ „პორტო-ფრანკოს გაფართოების თაობაზე კიდევ ათ და ოც წელს იმსჯელებენ (მართლაც ასე მოხდა - ვ.შ.), მანამდე კი ბ-ნი ნობელი თავისუფალია იმ მექარხნეთა კონკურენციისაგან, რომელთაც შეეძლოთ ეწარმოებინათ პორტო-ფრანკოს ნაკვეთში იაფი, უბაჟო ჭურჭელი ნავთის გადასაზიდად საზღვარგარეთ და შავი ზღვის სამხრეთ ნავსადგურებში“ [1,509].

ნობელების საქმიანობის გამოწვილვით შესწავლის შემდეგ ნიკოლაძე ასკვნის, რომ მათი მილიონები და დაგროვილი ცოდნა როდი ხმარდება პროდუქციის გაუმჯობესებას, ღირებულებების გაიაფებას, მათთვის ახალ-ახალი ბაზრების გახსნას. პირიქით ნობელების ამხანაგობა მოგვევლინა სპეკულიანტად და მთელი თავისი სახსრები მიმართა სხვა მეწარმეთა გასანადგურებლად.  მაშინ რუსეთის კანონებით აკრძალული იყო ერთი პროდუქტის შესყიდვის მონოპოლიზება. ნობელების ამხანაგობა კი შეისყიდდა ნავთსა და მის პროდუქტებს, რათა სხვა გემების მფლობელნი ეიძულებინა გაეუქმებინათ ჩამოსხმით გადატანა, რომელიც კონკურენციას უწევდა მათ გემებს. არსებობდა საგანგებო კანონი, რომელიც მხოლოდ რუსეთის ქვეშევრდომებს აძლევდა კაბოტაჟური ცურვის უფლებას რუსეთის შიდა წყლებში და მკაცრად უკრძალავდა უცხოელებს ამ საქმის წარმოებას. მაგრამ ამ კანონმა სრულიადაც არ შეუშალა ხელი ნობელებს, რომ გაენადგურებინა ძმები არტემიევების სანავთობო კაბოტაჟი და დაეპყროთ მთელი ჩამოსხმით გადაზიდვა თავიანთი თავიანთი გემებისათვის, რომლებიც ფსევდორუსული ამხანაგობის ბაირაღით დაცურავდნენ. ხოლო იმისთვის, რომ არავის შემოეყვანა ჩამოსახმელი გემები, იზრუნეს, რომ დაწესებულიყო 40%-იანი დამამძიმებელი ბაჟი შიდა წყლებში მოცურავე ყველა იმ გემისთვის, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდიოდა, რადგან მხოლოდ იქ შენდებოდა ჩამოსასხმელი გემები.

ყველაზე საყურადღებო იყო ის, რომ ამ ბაჟის დაწესების დროს ნობელმა განაცხადა, თითქოს მოტალას ქარხანას უკვე შეუკვეთა 8 ჩამოსახმელი გემი, გარდა იმ ხუთისა, რომლებიც უკვე დაცურავდნენ მისი ბაირაღით და ეს 8 გემი რუსეთში უბაჟოდ უნდა შემოსულიყო მაშინ, როცა ნობელის კონკურენტებს უნდა გადაეხადათ 40%-იანი ბაჟი. ნობელებმა იზრუნეს იმაზეც, რომ მოტალას ქარხანა არ იღებდა შეკვეთებს სხვა მექარხნეებისაგან და იმიზეზებდა, რომ ნობელების სამუშაოთი ვარ გადატვირთულიო.

საბოლოოდ ნიკოლაძე დაასკვნის, რომ „ძმები ნობელების ამხანაგობა სრულიადაც არ არის დაინტერესებული წარმოების შემდგომი წარმატებითა და გაუმჯობესებით, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების მონოპოლია უზრუნველყოფს მათ წარმატებას, როგორიც არ უნდა იყოს მათი პროდუქციის ხარისხი და ფასი. დანარჩენი მექარხნეები კი ბოლოს და ბოლოს სულელები ხომ არ არიან, რომ შევარდნენ ცეცხლში და გამოამზეურონ თავიანთი საუკეთესო კაპიტალი ყოვლისშთანთქმელი ამხანაგობისათვის. რითი სჯობს ამ მილიონერი ამხანაგობის ყოფა, მათი საკვები ან მშრომელთა მდგომარეობა ვოლგელი ბურლაკის ან გაპარტახებული ქოხის უღარიბესი ბატრაკის მდგომარეობას?  თქვენ დარწმუნდებით, რომ მონოპოლისტური საწარმოს ბრწყინვალე წარმატებას ერთი ბეწოთიც არ გაუუმჯობესებია მუშათა ხვედრი“ [1,511-512].

ნიკო ნიკოლაძემ რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების წევრებს შესთავაზა ამ მონოპოლიიდან თავდახსნის გზები და საშუალებები: „აუცილებელია ყურადღება მიექცეს ნავთობის პროდუქტების გადასაზიდი გზების მოწყობასა და განთავისუფლებას (აქვე ნიკოლაძე მიუთითებს, რომ სრულიად შემთხვევით და წინასწარი განზრახვის გარეშე იგემა პირველი დარტყმა ნობელის მონოპოლიამ, როცა ამიერკავკასიის რკინიგზა გავიყვანეთ, რომელიც ვალდებულია ნავთის მრეწველის განკარგულებაში იქონიოს ჩამოსასხმელი ვაგონები. მაგრამ ეს თავდასაცავი სარქველი ძალიან მცირეა და ადრე თუ გვიან ძმები  ნობელების ამხანაგობა შეეცდება, ასე თუ ისე, დავიწყებას მისცეს იგი. პირველი საცდელი საცავები მან უკვე ჩადგა ბათუმის პორტო-ფრანკოში; ახალ, კიდევ უფრო მტკიცე საცავთა ჩადგმასაც უნდა ველოდეთ)

აუცილებელია, ვაიძულოთ ყველა რკინიგზა, რომელიც ვოლგასა და შავ ზღვას აკრავს და დაკავშირებულია მის აუზებთან, ჰქონდეს ჩამოსასხმელ ვაგონთა საჭირო რაოდენობა, ხოლო მთავარ სადგურებზე კი - საკმაო მოცულობის რეზერვუარებიც.

ასევე აუცილებელია ყველა მექარხნეს, მეწარმესა და ვაჭარს მივცეთ ისეთივე შეღავათიანი პირობები ნავთის ჩამოსხმის სახით გადატანისა, ბ-ნ ნობელს რომ აქვს მინიჭებული, რკინიგზის სამმართველოსაგან... საერთოდ კი პრინციპულად უნდა დადგინდეს, პირველ ყოვლისა ის, რომ მთავრობის მიერ ზურგის შექცევას ნავთობისა და მისი პროდუქტების გადაზიდვის საქმისგან, სამიმოსავლო გზების გაუმჯობესებისაგან და ამ საქმეების მთლიანად გადაბარებას ნავთობის მეწარმეებზე, მონოპოლიის შექმნისაკენ მივყავართ (ე.ი. ნიკო ნიკოლაძე ჯერ კიდევ 1880-იან წლებში მომხრე იყო სახელმწიფოს გარკვეული დოზით ჩარევისა ბიზნესის  სამართლიანად დამრეგულირებლის, არბიტრის როლში, რაც დღეს მსოფლიო ეკონომიკის გაბატონებული ტენდენციაა და კეინსამდე გაცილებით ადრეა წამოყენებული). მეორეც ის, რომ ნავთობისა და მისი პროდუქტების გადაზიდვის ყველა საშუალება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს თანაბარი პირობებით“ [1,514-515].

ნიკოლაძე აქვე მიუთითებს, იმასაც, რომ თუ ნობელების მონოპოლია განმტკიცდება, მაშინ ნავთის ფასიც, გაიაფების ნაცვლად, სწრაფად აიწევს.

ნიკო ნიკოლაძის მიერ დაყენებულ საკითხს სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე კენჭი უყარეს და იგი გავიდა: 29 კაცი იყო ნიკოლაძის მომხრე, 9 კი - წინააღმდეგი.

ნიკოლაძის დაპირისპირება ნობელებთან ამით არ დამთავრებულა. მალე რუსულმა გაზეთმა „ნოვოე ვრემია“ ზემოთნახსენებ სხდომასთან დაკავშირებით დაბეჭდა ვასილ პოლეტიკას ცილისმწამებლური პასკვილი „დიდი საქმე“, რასაც პასუხი გასცა ნიკო ნიკოლაძემ სტატიაში „დიდი შეცდომა დიდ საქმეში“ (წერილი რედაქციას).

„ნოვოე ვრემიას“ ამ სტატიაში ლუდვიგ ნობელის მიერ დაქირავებული ჟურნალისტი ვასილ პოლეტიკა უპირისპირდება ნიკო ნიკოლაძეს.

ნიკოლაძე მიანიშნებს, რომ არსებობს არა მარტო ნავთობის ექსპლოატაცია, არამედ საზოგადოებრივი აზრის ექსპლოატაციაც. იგი წერს, რომ ნობელმა „თავისი მიღწევების ჯადოსნური სურათი გადაგვიშალა, დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ მიაღწევს თავის მიზანს, რომ მას, ნაფოტებად რომ ექცია მეეტლეთა, მექარხნეთა და მოშურნეთა მთელი არმია, სრულიად არაფრად უღირს მოერიოს „მარტო ერთ“ ნიკოლაძეს. პოლეტიკამ კი მომხიბვლელად დაამღერა გულისამაჩუყებელი რაფსოდია თავისუფალი კონკურენციის მშვენიერებაზე.

ყოველივე ეს მომხიბვლელიც იყო და საინტერესოც. მაგრამ გაქნილობა გაქნილობაა და საკითხი მაინც ღიად რჩება. ლაპარაკია ნობელის მონოპოლიაზე და სხვა არაფერზე, ხოლო ვისაც ნებავს იკამათოს ამ საკითხის თაობაზე, დეე ილაპარაკოს ან წეროს მასზე და არა რაღაც სისულელეებზე, რომლებიც ამ საკითხს სრულიად არ ეხებიან. მხოლოდ ამ გზით შეუძლია ჭეშმარიტებამდე მისვლა ყველას, ვისაც არ ესაჭიროება საქმის არევ-დარევა“ [2,538-539].

ნიკოლაძე კიდევ ერთხელ დაასკვნის, რომ ნავთობის დიდ საქმეში დაშვებულია დიდი პოლიტიკური შეცდომა: „დიდ მრეწველობას რომ ვნერგავდით, ჩვენ არ გვიზრუნია გზა გაგვეხსნა მისი პროდუქტების გატანისათვის. ამის შედეგად მრეწველობას დააწვა გარეშე ვალდებულება - სამიმოსვლო გზების მოწყობა. ასეთი ტვირთი უმეტესობის ძალას აღემატება. ვისაც შეუძლია გზის გაყვანა, ცხადია, ის თავისთვის გაიყვანს და არა ყველასთვის. ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იყო არ აღმოცენებულიყო მონოპოლია და აღმოცენდა კიდეც. კერძო წამოწყებისთვის ახლა მისი თავიდან აცილება ადვილია ყოველგვარი დანაკარგის გარეშე: ამისთვის საჭიროა ნავთობის წარმოება, გადატანის მხრივ, ისეთსავე პირობებში ჩავაყენოთ, როგორშიცაა სახალხო მეურნეობის ყველა დარგი. თუ ასე არ მოვიქცევით, მონოპოლია, ბოლოს და ბოლოს, დაკარგავს ნავთობის მთელ მრეწველობას“ [2,540]. შესაბამისად, ბაქოს ნავთობის საბადოების ამ „ამოუწურავი სიმდიდრიდან“ რუსეთს ის მიკროსკოპული სარგებელიც კი აღარ შეხვდება, რომელსაც ახლა უწილადებს ბ-ნი ნობელი გადასაზიდი გადასახადის სახით(1/4 - ერთი მეოთხედი კაპიკი 1 ფუთ ამოღებულ და გადატანილ ნავთობზე). ამგვარად, „თვით ნავთობის გაყვანილობის შესანიშნავი საქმე უეჭველად დაიღუპება ნავთობის წარმოებაში ურჩხული მონოპოლის (იგულისხმება ნობელების მონოპოლია -ვ.შ.) გაჩენის გამო, რომელსაც უკვე ვერაფრით ვერ დაძლევ, თუ ამ საქმის განხორციელების დროს გაყვანილობა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ასეა ყოველთვის: ყოველი სასარგებლო ნივთი შეიძება ბოროტ იარაღად აქციაო, ისეთ დანად, ურომლისოდაც ვერც შეჭამ საჭმელს და ისეთ დანადაც, რომლითაც დაიჭრა თავი ან დაჭრა სხვა“ [2,541].

ნიკო ნიკოლაძე აქვე უარყოფს ვასილ პოლეტიკას ბრალდებას, თითქოს ნიკოლაძე „სახელმწიფო სოციალიზმის“ მომხრე იყოს. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ სახელმწიფოს შეზღუდული ჩარევა ბიზნესის სფეროში სულაც არ აღიქმება სახელმწიფო სოციალიზმად და იგი ფართოდდამკვიდრებული პრაქტიკაა. შესაბამისად ნიკო ნიკოლაძე ამ ჟურნალისტთან პოლემიკაშიც მართალი იყო, ისევე როგორც ნობელების მონოპოლიასთან დაპირისპირებაში.

ნიკო ნიკოლაძის ეს დაპირისპირება მაშინდელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ ძმები ნობელების მონოპოლიასთან ქართული საზოგადოებრივი და ეკონომიკური აზრის ძალიან საინტერესო და სასახელო ფურცელია. როცა მართალი იყო, ნიკო ნიკოლაძე არავითარ ავტორიტეტებს ქედს არ უხრიდა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ამ მოხსენებაში გამოთქმული ერთი ბრწყინვალე შეგონება: „შეუძლებელია, მხედველობაში მივიღოთ მხოლოდ დღევანდელი ფაქტები; აუცილებელია ვიხედებოდეთ შორს, განვჭვრიტოთ თუ რა მოხდება დროთა განმავლობაში. ჩვენ მივეჩვიეთ ქედის მოხრას დღევანდელობის წინაშე, ისე, რომ სრულიადაც არ ვფიქრობთ მომავალზე“ [1,524].

 

ლიტერატურა:

1.ნიკო ნიკოლაძე „ვ.ბ. აბრამოვიჩის ინფორმაციის გამო“, თხზულებანი, ტ VIII, ქუთაისი, 2003.

2.ნიკო ნიკოლაძე „დიდი შეცდომა დიდ საქმეში“, თხზულებანი, ტ. VIII, ქუთაისი, 2003.