კვების ობიექტები მაგიდებს ითხოვენ, ეპიდემიოლოგები - უსაფრთხოებას

კვების ობიექტები მაგიდებს ითხოვენ, ეპიდემიოლოგები - უსაფრთხოებას

ძალიან მალე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და ტურიზმი უნდა ამოქმედდეს, მაგრამ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. საქმე ახალ წესებშია, რომლის დაცვაც ბიზნესს მოუწევს. ეპიდემიოლოგებმა რესტორატორების მიერ შემუშავებული ნორმები დაიწუნეს. დარგის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მცირე დატვირთვით მუშაობას აზრი არ ექნება.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის საბჭოს თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ „გაიდლაინები“ ეპიდემიოლოგებმა დაიწუნეს, თუმცა ვერ აკონკრეტებს - რატომ?

„23-ე დანართი, რომელშიც წარმოდგენილია ბარ-რესტორნებისთვის გაწერილი „გაიდლაინები“, რომელზეც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ, ჩვენი ინფორმაციით ეპიდემიოლოგებმა დაიწუნეს და უფრო უნდა გაამკაცრონ. დღემდე ველოდებით ამ დოკემენტის დადასტურებას, მაგრამ პასუხი არ არის“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძოსექტორის წარმომადგენლების, სურსათის უვნებლობის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ერთი ნაწილისთვის - ბარ-რესტორნებისთვის შემუშავდა 23-ე დანართი (აუცილებელი გაიდლაინები), სადაც დაწვრილებით იყო გაწერილი ის წესები, რომელზეც უნდა გადაწყობილიყვნენ კომპანიები. ეს წესები 18 მაისს უნდა გასაჯაროვებულიყო, თუმცა დარგი მოლოდინის რეჟიმშია.

სპეციალისტი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიდლაინების ცოდნა და აღნიშნავს, რომ ამის მიხედვით ბიზნესსუბიექტები შეძლებენ გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ოპერირება გამკაცრებული წესების პირობებში.

„10 000 რესტორანი ელოდება გაიდლაინებს, როგორ უნდა იმოქმედოს და რა წესებს უნდა დაემორჩილოს. თუ არ გვექნება გაიდლაინები, ვერც მომზადებას შევძლებთ და ვერც გახსნას. იმისთვის, რომ ბიზნესმა ყველა საკითხი მოაგვაროს და ამ ახალ წესებზე აეწყოს, 2 კვირა მაინც სჭირდება. მეორე - ამ გაიდლაინების მიხედვით შესაძლოა, კომპანიებს ფინანსურად აღარ უღირდეთ, გაიხსნან, რადგან მაგალითისთვის, 20 მაგიდის მაგივრად 5 მაგიდა უნდა დავდგათ, რამაც შესაძლოა, ხარჯი ვერ დაფაროს. უმრავლესობა იჯარებით მუშაობს, მოიჯარეებმა მეიჯარეებთან უნდა დაალაგონ ეს საკითხები...

ჩვენს ბიზნესში ყველაფერი თვლადია და იმისთვის, რომ სექტორმა მოახერხოს გადაწყვეტილების მიღება და მორგება ახალ რეალობაზე, გაიდლაინებია საჭირო, რომელიც არ გვაქვს. სასწრაფოდ გვესაჭიროება გაიდლაინები“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ალავერდაშვილმა.

ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტები არა მარტო სარესტორნო ბიზნესს, არამედ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიის ერთბაშად ამოქმედებას უყურებენ ეჭვის თვალით. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ტურიზმის სექტორის ამოქმედებით ვირუსის გავრცელების მეტ საფრთხეს ხედავს, ვიდრე სხვადასხვა შეღზუდვების გაუქმებით.

„მე უფრო მეტი რისკი მგონია ტურისტული სეზონის გახსნა. როდესაც შემოვლენ უცხოელები, როდესაც ჩვენები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში, აქ მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ ფანტაზია უნდა გამოიჩინოს, რაღაც ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები ისე, რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.

მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობა როგორ უზრუნველყონ ისე, რა რეგულაციები დაუწესონ, რომ მათაც არ გაუქრეთ უცხოეთში მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ახლა ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს ამას თავს, წინასწარ ვერ გეტყვით“, - განაცხადა ცერძვაძემ.

ლევკოთეა მე კი მგონია, რომ წელს ტურიზმის ამოქმედება იმდენ შემოსავალს ვერ შემოიტანს, რამდენი ზარალის მოტანაც შეუძლია პოტენციური რისკებით. მოკლედ, ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.
4 წლის უკან