ენდი გარსიას უფრო მეტი გადაუხადეს ვიდრე რენე ჰარლინს

ენდი გარსიას უფრო მეტი გადაუხადეს ვიდრე რენე ჰარლინს

(იბეჭდება შემოკლებით)

გასული წლის აგვისტოს ბატალიების ფილმში ასახვა თანაბრად გადაწყვიტეს როგორც ქართულმა, ისე – რუსულმა მხარეებმა. თუმცა ომის რუსული ვერსიის ავტორი სერბი რეჟისორი ემილ კუსტურიცა მოულოდნელად გამოეთიშა მოვლენებს და მიზეზად მოუცლელობა და სხვა ფილმზე ოთხწლიანი მუშაობა დაასახელა.

სააკაშვილის როლის შემსრულებელმა, ჰოლივუდის ვარსკვლავმა ენდი გარსიამ კი უკვე მოინახულა თავისი პროტოტიპი (იგი პრეზიდენტის თვითმფრინავით ბათუმში ჩაფრინდა და იქ შეხვდა სააკაშვილს, შემდეგ თბილისის რეზიდენციაში მისგან რჩევებიც მიიღო) და რუსთაველზე მოწყობილ ფსევდო მიტინგზეც თავისი გმირის სიტყვები წარმოთქვა: "ღმერთი იხსნის საქართველოს, რუსების მოთხოვნის მიუხედავად, მე არ დავტოვებ თბილისს". გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მასობრივი სცენის გადაღებისთვის მერიამ წინდაწინვე იზრუნა და რუსთაველის გამზირზე ავტობუსებით მიიყვანა ხალხი.

ქართველი ჟურნალისტები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ენდი გარსიას საშემსრულებლო ტალანტით. მან შეძლო სააკაშვილის როლის, მისი ექსპრესიულობის, მიმიკის, ჟესტიკულაციის მორგება. ჟურნალისტები თავადაც აღიარებენ, რომ 20 ოქტომბერს პარლამენტში გადაღებულ სამ სხვადასხვა პრესკონფერენციაზე ენდი გარსიამ დამაჯერებლობით შეასრულა სააკაშვილის როლი და ინგლისურად საუბრის კავკასიური აქცენტიც კი გაითავისა. ენდი გარსიასგან განსხვავებით, თავად ჟურნალისტებს გაუჭირდათ ამ ეპიზოდში მონაწილეობა.

მართალია, წარმოშობით კუბელი მსახიობი ენდი გარსია სიმაღლით მიხეილ სააკაშვილს ვერ შეედრება, ხოლო ასაკით მას 12 წლით აღემატება, მაგრამ დღემდე გავრცელებული კადრების მიხედვით, პრეზიდენტის სახის მორგება მას არ გასჭირვებია.

დროში შეზღუდული ორდღიანი გადაღების შემდეგ ენდი გარსიამ თბილისი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ამ როლისთვის 500.000 დოლარი ერგება, ხოლო რეჟისორ რენე ჰარლინს (ცნობილი თრილერის "კერკეტი კაკალი–2–ის", "კოშმარი თელების ქუჩაზე" რეჟისორი) უფრო ნაკლები – 450 ათასი დოლარი. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, წარმოშობით ფინელ რენე ჰარლინს ფინეთში რუსების შეჭრის შესახებ ფილმის გადაღება აუკრძალეს. ამჟამად კი იგი რუსების აზრს არ გაიზიარებს. ჯერჯერობით რეჟისორმა რენე ჰარლინმა ვერ გადაწყვიტა, ფილმის სათაური რა იქნება.