ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკოს ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის, საგარეო უწყებისა და რუსეთის დუმის დეპუტატის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების ყველაზე დონეზე დაშვებასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძის თქმით, ის გენადი ონიშენკოს კარგად იცნობს და ამასთან აცხადებს, რომ რუს ექსპერტებს შეუძლიათ ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად ეწვიონ.

„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.