პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, ოპოზიციას შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, ოპოზიციას შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა

საქართველომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ვართ გარდამავალი ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები იყო ძალზედ შთამბეჭდავი, ძალზედ დამაიმედებელი, ეს კრიზისი ჩვენთვისაც იყო ძალიან მოულოდნელი. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფოს, მოქალაქეს, ბიზნესს, კომპანიას, ოპოზიციას, მათ შორის, შეუძლია ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. რეალურად ამისთვის ყველაფერი არის მზად“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ვაქცინის გამოშვებამდე საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, გააძლიეროს სხვადასხვა სფერო, რათა კრიზისის შემდგომ გლობალურ დონეზე პოზიციები აიმაღლოს.

„გამოვიყენოთ ეს 3 თვე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, გავაძლიეროთ ჩვენი ლაბორატორიების ქსელი, გავაძლიეროთ ჩვენი სამშენებლო სექტორი, გავაძლიეროთ ჩვენი ფინანსური სექტორი. ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გლობალურ კონკურენციაში, როდესაც გაჩნდება ვაქცინა, როდესაც მსოფლიო იქნება უკვე სხვა, როდესაც ყველა დაითვლის, ვინ რა შედეგით გამოვიდა ამ კრიზისიდან, საქართველო საშუალო განვითარების იმ დონიდან, რომელიც იყო როდესაც შევედით კრიზისში, რამდენიმე საფეხურით იყოს წინ. ეს ჩვენი შესაძლებლობა არ არის მხოლოდ, ეს არის ჩვენი ვალდებულება“, - აღნიშნა პრემიერმა.