გიორგი გახარია: შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო არ გაჩერებულა

გიორგი გახარია: შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო არ გაჩერებულა

შეიძლება ყველამ არ იცის, მაგრამ საგანგებო მდგომარეობისას ქვეყანაში არ გაჩერებულა არც ერთი სოფლის მეურნეობის საწარმო. არ ვსაუბრობ სასურსათო მომარაგებაზე და ა.შ. არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დაახლოებით 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

„ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, რომ ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. იყო რამდენიმე ინდუსტრული ქალაქი, რომელიც გადაკეტილი გვქონდა არა იმიტომ, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმიტომ, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და იქ ინფექცია არ უნდა შესულიყო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.