გიორგი გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა

გიორგი გახარია: საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა და ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ცხელება უფიქსირდებოდა, საკარანტინო ზონაში გადაგვეყვანა და მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსი, მათთვის შესაბამისი სერვისები გაგვეწია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მაშინვე დავინახეთ რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და ამ ხანგრძლივი ბრძოლის მზადების ფორმატში მივხვდით, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა. პირველ რიგში, ეს იქნებოდა მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე, ხოლო მეორე მხრივ - ეკონომიკა. ამიტომ მიაღწია მთავრობამ ამ შედეგს, რომ როდესაც პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ უკვე საკოორდინაციო საბჭო შევქმენით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ქვეყანაში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.