მთავრობას ლატარიებისა და წამახალისებელი გათამაშებების სფეროსთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა აქვს. ეს ინიციატივა კი ამ ბიზნესში ჩართვისთვის წინასწარ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს. ამ ინიციატივას მთავრობა იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელისუფლება კომპანიის ფინანსურ სანდოობაში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ასეთი ნებართვა გასცეს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს კეზერაშვილისთვის კეთდება, რათა მას ბიზნესში კონკურენტები არ გამოუჩნდეს.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილება ეხება ლატარიებისა და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობისთვის ნებართვის აღებას.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ამ თამაშების მოწყობისთვის ნებართვის ასაღებად მიმართავს ფინანსთა სამინისტროს და წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მომსახურების სააგენტო კი განიხილავს ამ საბუთებს და გასცემს ან, არ გასცემს ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ კი პირი ვალდებულია, გადაიხადოს 10 ათასი ლარი აღნიშნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის. კანონპროექტის თანახმად, ამ თანხის გადახდა წინასწარიქნება საჭირო. უარის შემთხვევაში პირს აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გარკვეულწილად შემოწმდეს, ლატარიების და სხვა აზარტული თამაშობების მოწყობის მსურველს გააჩნია თუ არა ფინანსური გარანტია აღნიშნულ ბიზნესში ჩართვისთვის.
„ეს რალურად იმით არის განპირობებული, რომ შესაძლოა, მსურველმა გაიმარჯოს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ არ გააჩნია ის საფასური, რომელიც უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს გია ხუროშვილი და დასძენს, რომ ამით არ ხდება საგადასახადო ტვირთის დამძიმება.
„ეს არ არის არანირი დამატებითი გადასახადი და საგადასახადო ტვირთი. ეს არის გამარჯვებულის მიერ გარანტია იმისა, რომ იგი რეალურად არის გამკეთებელი“, - აცხადებს ხუროშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ეს კეზერაშვილისთვის კეთდება“.
„მე არ ვამბობ, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო ბიზნესია და მის განვითარებას აუცილებლად ხელი უნდა შეეწყოს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ერთი ადამიანის გამო დანარჩენებს ყელში უჭერდნენ. ისედაც ხომ მთელი ეს ბიზნესი კეზერაშვილს აქვს ხელში ჩაგდებული და მთლიანად იგი აკონტროლებს ამ სფეროს, ახლა კი, როგორც ჩანს, უნდათ, რომ შესაძლო კონკურენტებიც წინასწარვე ჩამოაშორონ. ადამიანი, ვინც ამ ბიზნესის დაწყებას აპირებს, ცხადია, მან იცის იმ რისკების შესახებ, რაც ამას შეიძლება თან ახლდეს. წინასწარ ამხელა თანხის გადახდას რომ სთხოვენ, ეს იმას ნიშნავს, ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ამ ბიზნესში ცხვირი არ ჩაყონ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ მთავრობის ინიციატივით მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნა.
მთავარი კი ამ საბჭოს დაკომპლექტების წესია. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, საბჭოს ფინანსთა მინისტრი ქმნის და ის მთავრობის ნაცვლად განიხილავს და ათანხმებს თამაშობის ზოგად წესს, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში. ამასთან, საბჭოს მიეცა უფლება, განიხილოს ყველა ის საკითხი, რაც მომავალშიც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს. ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელია შევიდნენ „სხვა პირებიც“.
ეს „სხვა პირები“ დაკონკრეტებული არ არის და ამის გამო ოპოზიციამ მთავრობის ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოთქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა უნდათ, ვინაიდან სწორედ მის კონტროლ ქვეშაა საქართველოს ლატარიის კომპანია.