“შეიძლება მართლაც მალე გავმხდარიყავით კარგი ქვეყანა, მაგრამ რუსეთმა ყველა სახის კონფლიქტის მახე დაგვიგო და ჩვენც ყველაში გავყავით თავი”

“შეიძლება მართლაც მალე გავმხდარიყავით კარგი ქვეყანა, მაგრამ რუსეთმა ყველა სახის კონფლიქტის მახე დაგვიგო და ჩვენც ყველაში გავყავით თავი”

ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

“გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა: ჩემი ასაკის ხალხისთვის ეს დღე დიდი საოცრებაა! არამხოლოდ ბრწყინვალების თვალსაზრისით, არამედ საკვირველების მხრივაც.

1986 წლამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა გვექნებოდა. ახლა ბევრი დაიბრალებს, რომ ყოველთვის სჯეროდა და ჩუმად ყველაფერს აკეთებდა ამ დღის მოსაყვანად, მაგრამ მე სამწუხაროდ არაფერი მაქვს იმ პერიოდში სატრაბახო. კიდევ მეტი- ვიცნობდი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა ყოფილიყო და ამისთვის იმ დროს რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. ეს იყო ჩემი კლასელი და მეგობარი, გია ჭანტურია. ის მართლაც ყმაწვილობიდან დისიდენტი იყო! თუმცა, ჩემდა სამარცხვინოდ, მე ვერ აღვიქვამდი ამ იდეას სერიოზულად და მივუყვებოდი პრაგმატული ცხოვრების გზას... 86 წლამდე კი ვახსენე, თუმცა ეს წელიც პირობითია.. სანამ სსრკ საბოლოოდ არ მოირყა, ეგ იდეა ძალიან ნედლი იყო ჩემთვის და ალბათ ბევრი ჩემნაირისთვის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სსრკს პირობებშიც შენარჩუნებული გვქონდა ქართული იდენტობა (ისევე, როგორც სომხებს- სომხური და ტაჯიკებს- ტაჯიკური) და თქვენ წარმოიდგინეთ- ვამაყობდით კიდეც!

იმ დროს მეჩვენებოდა და ახლაც რაღაც ასე ვფიქრობ, რომ სსრკს შიგნით ჩვენს განსაკუთრებულობას სხვებიც აღიარებდნენ.შეიძლება მეჩვენება კიდეც... რაც შეეხება სსრკს გარეთ- თითქმის არავინ გვიცნობდა როგორც ერს! არცაა საკვირველი- არ ვიყავით რუკაზე! ეგეც უნდა ვთქვა- გვეგონა დამოუკიდებლობის მიღებიდანვე გავხდებოდით ავსტრიის ან შვეიცარიის მსგავსი ევროპული ქვეყანა და არავითარი პრობლება არ გვექნებოდა. შეიძლება მართლაც მალე გავმხდარიყავით კარგი ქვეყანა (საწყისი პირობა სსრკს ბოლოსთვის არ გვქონდა ცუდი), მაგრამ რუსეთმა ყველა სახის კონფლიქტის მახე დაგვიგო და ჩვენც ყველაში გავყავით თავი- მოუფიქრებლად...

ახლა მგონია, რომ ცოტათი მაინც ვისწავლეთ ჭკუა და გაგვიჩნდა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები, მგონია, რომ აღარ წამოვეგებით ასე ადვილად დაგებულ მახეებს, გვყავს მეგობარი ქვეყნებიც და დარწმუნებული ვარ, რომ არაფრით აღარ დავკარგავთ ღვთით ბოძებულ ამ ბედნიერებას- დამოუკიდებელ სახელმწიფოს!”