ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნის თარიღი ამ ეტაპზე ისევ უცნობია. ბიზნესი უკვე სერიოზულად ზარალობს, დასაქმებულები კი უმუშვრად სახლში სხედან. ცნობილია ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს.
25 მაისის დადგომისთანავე მოვაჭრეთა ნაწილი შეცდომაში შევიდა და მაღაზიები გახსნა, თუმცა ობიექტები პოლიციამ დააკეტინა. დასაქმებულები ამბობენ, რომ შეცდომაში იმ განცხადებებმა შეიყვანათ, რომლის თანახმადაც 25 მაისიდან მუშაობის განახლება, მოლების გარდა, ყველა საცალო და საბითუმო მაღაზიებს და ღია ბაზრობებს შეეძლოთ.
დახურული მაღაზიების მეპატრონეები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და არც ის იციან, ასეთი მდგომარეობა როდემდე გაგრძელდება. მთავრობის ვერც ერთი წევრი არათუ კონკრეტულ თარიღს, ახლო ვადებსაც ვერ ასახელებს.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის აზრით, ფეხსაცმლების და თეთრეულის მოვაჭრეთა მაღაზიების გახსნა ინფიცირების საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ მათი ამუშავება შესაძლებელია და ნელ-ნელა, შესაძლებლობების ფარგლებში, მსგავსი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„თუ ტანსაცმელთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ მისი გასინჯვა ხდება და საშიშია, ფეხსაცმლებთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. შესაძლებელია, ფეხსაცმლის გასინჯვა ერთჯერადი პარკებით, რასაც ინფიცირებისრის კი მინიმუმამდე დაჰყავს. ამიტოს შეგვიძლია ვიფიქროთ ფეხსაცმლების მაღაზიების გახსნაზე. ასევე, თეთრეულის მაღაზიების გახსნაზე - იქ საერთოდ გასინჯვაზე არ არის საუბარი. შეიძლება მივცეთ ამ მაღაზიებს თეთრეულის გაყიდვის შესაძლებლობა და ა.შ. კარგი იქნება, თუ ნაწილობრივი შეზღუდვების მოხსნაზე ვიფიქრებთ“,- განაცხადა „ბიემთან“ ვეფხვაძემ.
24 მაისს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სავაჭრო მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ობიექტები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად, რისკი მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილიც ამბობს, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ვაჭრობის გახსნა მაღალეპიდემიოლოგიურ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე, დასაშვებია ამ ტიპის პროდუქციის ონლაინ შეძენა და გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ მისით სარგებლობა.
„ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებმა არაფერი დააშავა გარდა იმისა, რომ ფიზიკურ შეხებასთანაა დაკავშირებული, შედარებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე სხვა პროდუქტების რეალიზაცია, სხვა ეკონომიკური საქმიანობა. გარდა ამისა, ეს არ არის ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქცია, როგორიც საკვები, მედიკამენტი და სხვა პროდუქტები, რომლის რეალიზაციაც ჩვენ დავუშვით. ყველასათვის ცნობილია, რომ ტანსაცმელზე ონლაინ ვაჭრობა დასაშვებია, ეს შესაძლებელია და თუ ვინმეს ამ მხრივ რაღაც კრიტიკული აუცილებლობა აქვს, შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.