მიტროპოლიტი შიო: ქვეყნის 20% დაპყრობულია და ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია

მიტროპოლიტი შიო: ქვეყნის 20% დაპყრობულია და ეს ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია

უფალმა ინებოს, ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, - ამის შესახებ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა.

მეუფემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქარღველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მოლოცვა გადასცა.

მისივე თქმით, დღეს ვიხსენებთ წინაპრებს, იმ ადამიანებს, ვინც თავი გასწირა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ვინც იღვაწა, ვისი დამსახურებითაც მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება.

მეუფე შიომ თავისუფლების ცნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„გარეგნული თავისუფლების გარეშე სულიერად კვდება, ჭკნება სულიერად ადამიანი. ჯერ კიდევ ძველი მოაზროვნე ბერძნები წერდნენ, რომ როდესაც მონობაში ამყოფებს ღმერთი ადამიანს, იქ ნახევარ კაცად აქცევსო. თავისუფლებით ადამიანი მთლიანდება პირველ რიგში სულიერად, მაგრამ მეორეს მხრივ თავისუფლებაც შეიძლება დაიკარგოს, თუ ადამიანმა არასწორად გამოიყენა და ვერ განახორციელა სულიერი მიზნები და ამოცანები. ამიტომ, ორივეზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ გარეგნულ თავისუფლებაზეც და შინაგანზეც. ვევედრებით უფალს ჩვენი ერისთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის. ვიხსენებთ წარსულსაც. ჩვენი წმინდანები ამ ორივე დიდი ღირებულებისთვის დებდნენ თავს, როგორც გარეგნული პოლიტიკური თავიუსფლებისთვის, ასევე შინაგანი თავისუფლებისთვის, რაც იყო მთავარი მიზანი. ეს იყო მსახურება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მისი მცნებების შენახვა და მისი ეკლესიის შენახვა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენ სრულ თავისუფლებას და გამთლიანებას. სამწუხაროდ, დღეს 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნისა არის დაპყრობული და ეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველისთვის უპირველესი სატკივარია ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს. უფალმა ინებოს, ჩვენ ყველანი მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას, როგორც გარეგნულ თავისუფლებას, ასევე შინაგანს", - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.