„გახარია პარლამენტში ადრე არაერთხელ ყოფილა და ოპოზიცია არაერთხელ დამუქრებია, მაგრამ ჯერჯერობით გახარია ცოცხალია და ალბათ ამჯერადაც მემგონი ცოცხალი დარჩება", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოთხშაბათს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლისას დაგეგმილ დებატებზე საუბრისას.
27 მაისს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კორონავირუსის პირობებში ეკონომიკის გახსნასა და სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებზე ისაუბრებს. როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პარტია ოთხშაბათს მწვავე დისკუსიას აანონსებენ.
საყვარელიძის თქმით, ოპოზიცია აქცენტს ეკონომიკაზე და სწრაფ ტესტებზე გააკეთებს, თუმცა, მისი აზრით, ამით გახარიას „ცუდ დღეში ვერ ჩააგდებენ".
„ოპოზიცია ალბათ მაინც აქცენტს უფრო მეტად გადაიტანს იმაზე, რომ ეკონომიკა მძიმე დღეშია და კორონავირუსის დროს გატარებულ ღონისძიებათა შორის ალბათ აქცენტი ექნებათ იმაზე, რომ სწრაფი ტესტები არ კეთდებოდა და ა.შ.
„მაგრამ არ მგონია, რომ ამ შეტევით ძალიან ცუდ დღეში მოახერხონ გახარიას ჩაგდება. იგი პარლამენტში ადრე არაერთხელ ყოფილა და ოპოზიცია არაერთხელ დამუქრებია, მაგრამ ჯერჯერობით გახარია ცოცხალია და ალბათ ამჯერადაც მემგონი ცოცხალი დარჩება", - განაცხადა საყვარელიძემ.