„თუ ჩვენთან სიტუაცია პოლიტიკურად დაიძაბა, მაშინ სოლოკონცერტს არ გავმართავ", - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
მომღერალი უარყოფს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას სოლო კონცერტის გამართვის უფლება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის მხარდაჭერის გამო შეუწყვიტეს, თუმცა აცხადებს, რომ კონცერტის გამართვა დამოკიდებულია პოლიტიკურ სურათზე.
"ჩემს სოლოკონცერტს პოლიტიკას არ ვუკავშირებ. პოლიტიკის გარეთ მინდა გავაკეთო და შევხედავ, როგორი პოლიტიკური სურათი იქნება. თუ დაიძაბა, არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ხალხს უნდა უხაროდეს მოსვლა და არ უნდა იყოს დაზაფრული. ხალხს თუ არ აქვს განწყობა, ჩემთვის მარტო არ მინდა", - აღნიშნა მომღერალმა.
სეფაშვილმა ბათუმში 4 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტის შეფერხების სხვა დეტალებზედაც ისაუბრა.
"თვითონ გადავდე, იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ მოვასწარი. ჩემი მუსიკოსები თამრიკო გვერდწითელის კონცერტზე წავიდნენ, ვინაიდან რამდენიმე მუსიკალურ ნაწილში არიან ჩართული. ახლა შევცვლი მუსიკოსებს და ჩავატარებ.
რაც შეეხება სოლო კონცერტს, მისი ჩატარება არსად მეჩქარება. წლის ბოლოს თუ ვერ მოვასწარი, გაზაფხულზე ჩავატარებ", - განაცხადა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სეფაშვილი ბათუმის ოპერის ახალ თეატრში 4 ნოემბერს ნუცას სკოლის ბავშვებთან ერთად გეგმავდა კონცერტის გამართვას.