მოსავლიანობა თუ მოუსავლიანობა გლეხებს ერთნაირად აღიზიანებთ

მოსავლიანობა თუ მოუსავლიანობა გლეხებს ერთნაირად აღიზიანებთ

ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ხურმა, ყურძენი, მანდარინი, კივი - ხილის ყველა ეს სახეობა, რომელიც საქართველოში მოდის, წლეულს ისეა გაძვირებული, მისი დიდი რაოდენობით ყიდვა პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუ გასულ წელს ერთი კილოგრამი ვაშლი, თანაც ხარისხიანის 1 ლარიდან 2 ლარამდე ღირდა, წლეულს მისი ფასი 4-5 ლარია. მანდარინი და კივი 2 ლარი ღირს, კარალიოკი კი 1-1,5 ლარი. გლეხები ხილზე ფასის აწევას პირველ რიგში მცირე მოსავალს და ყველა პროდუქტის გაძვირებას უკავშირებენ.

 

ადგილობრივი ხილის გარდა გაძვირებულია იმპორტირებული ხილიც, მათ შორის ბანანი და ანანასი. ამ შემთხვევაშიც იმპორტიორები გაძვირების მიზეზად მცირე მოსავალს ასახელებენ.

 

თუ გასულ წელს შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის ისეთი რაოდენობა მოვიდა (თანაც დიდი ნაწილი უხარისხო), რომ ერთ კილოგრამს საწარმოები სულ რაღაც 3-5 თეთრად იბარებდნენ, წლეულს რეგიონში ხილის ეს სახეობა ისეთი მცირეა, რომ ერთი კილოგრამი 3-5 ლარი ღირს. რაოდენობის სიმცირისა და ფასის გამო კი, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა რეგულარული მუშაობა შეწყვიტეს.

 

არადა, შარშან ომით დაზარალებულ გორის რაიონში ხილს სიუხვე თვალშისაცემი იყო. ამის გამო ფასი ზალიან დაბალი იყო. მართალია, ამას გლეხების პროტესტი მოჰყვა, თუმცა საწარმოები ჩაბარების ფასს არ ზრდიდნენ, მიზეზად კი უხარისხობას ასახელებდნენ.

 

წლეულს კი სიტუაცია ისე შეტრიალდა, რომ ვაშლი არათუ ჩასაბარებლად, გლეხებს საკვებადაც კი არ აქვთ. უფრო მეტიც, გორის რაიონში ვაშლის მოსავლის სიმცირის გამო, ხილის გადამმუშავებელმა ქარხნებმა რეგულარული მუშაობა შეწყვიტეს.

 

როგორც ხილის უმსხვილესი გადამმუშავებელი კომპანია „ჰიპი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ ჟვანიამ განაცხადა, წლეულს, ვაშლის მიზერული მოსავლის გამო, ქარხანამ მხოლოდ 4-5 დღე იმუშავა.

 

„ვაშლის მოსავალი თითქმის არ ყოფილა. ხილის დეფიციტის გამო, ქარხანამ სულ 4-5 დღე იმუშავა და 100 ტონამდე ვაშლის კონცენტრანტი გამოუშვა. ახლაც, ფაქტობრივად, გაჩერებულები ვართ და ვაშლის დაგროვებას ველოდებით. ბუნებრივია, ხილის დეფიციტი ქარხნის მუშაობაზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ჟვანიამ.

 

მისივე თქმით, შარშან ქარხანამ 15 ათას ტონამდე ვაშლი შეიძინა, წლეულს კი, მოსავლის სიმცირის გამო, მხოლოდ 800 ტონამდე ვაშლის ყიდვა მოხერხდა. მოუსავლიანობის მიზეზად ჟვანია უამინდობას ასახელებს და იმედს გამოთქვამს, რომ გაისად უკეთესი მდგომარეობა იქნება.

 

„მოუსავლიანობის მიზეზი, ძირითადად, უამინდობა იყო. ყვავილობის დროს ძლიერი ყინვა დაემთხვა, შემდეგ კი გვალვა იყო, რამაც მოსავალი გააფუჭა. ამასთან, არის ვაშლის ისეთი სახეობები, რომელთა მოსავლიანობა ყოველ წელს განსხვავებულია. კერძოდ, შარშან კარგი მოსავალი იყო, წელს კი - პირიქით“, - განმარტა ჟვანიამ.

 

ხილის გადამმუშავებელ ქარხნებზე მეტად მძიმე მდგომარეობაში კი ადგილობრივები არიან, რადგან კონფლიქტის ზონის თუ მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების ერთადერთ შემოსავალს ვაშლი

წარმოადგენს. ცნობისთვის, მოსავლის დეფიციტის გამო გორში 1 კილოგრამი ვაშლის ფასი 2-4 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

ეს ადგილზე, რაც შეეხება დედაქალაქს, ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და თბილისის აგრარულ ბაზრებში ხილის ფასმა ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმს მიაღწია. ერთი კილოგრამი ვაშლის ფასი 2 ლარიდან იწყება და 5 ლარამდე ადის.  თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ახალ წლისთვის მისი ფასი კიდევ გაიზარდოს. შედარებით იაფად ვაშლის შეძენა საღამოს ბაზარშია შესაძლებელი, როდესაც გადამყიდველს თუ გლეხს პროდუქტი ცოტა აქვს დარჩენილი.

 

„ვალში წელს ძალიან მცირე რაოდენობით მოვიდა. ქართლშიც მისი ფასი ძალიან მაღალია, 3 ლარი ღირს კარგი ვაშლი, ის რომ თბილისში ჩამოვიტანო 3 ლარად ხომ ვერ გავყიდი? ტრანსპორტირებას ფული სჭირდება, გადასახადი მაქვს ადგილშიც და ამიტომ 4 ლარზე ნაკლებად ერთ კილოგრამ ვაშლს ნამდვილად ვერ გავყიდი. მაგრამ მაქვს იაფფასიანი - 2 ლარიანი ვაშლიც, რომელიც ყოფილა შემთხვევა 1 ლარადაც გამიყიდია, რადგან როცა 2-3 კილოგრამი გრჩება, თან დღის ბოლოა, ცდილობ გაყიდო და სახლში წახვიდე. მაგრამ მალე ეს დაბალფასიანი ვაშლიც გაძვირდება, თან ახალი წელი მოდის და ხილის ამ სახეობაზე ფასი დამერწმუნეთ, რომ რამდენიმე ლარით კიდევ მოიმატებს. გამორიცხული არ არის, რომ იმ ვაშლის ფასი, რომელსაც დღეს 4 ლარად ვყიდი, 6-7 ლარამდე ავიდეს“, - გვითხრა გლდანის აგრარულ ბაზარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

 

ვაშლთან ერთად მომატებულია ფასი კარალიოკზე. ხილის ეს სახეობა, რომელიც გასულ წელს 1 ლარს არ აღემატებოდა, წლეულს 1,5 ლარი ღირს. გაძვირებულია მანდარინიც, ერთი კოლოგრამი ციტრუსის ეს სახეობა 1,5 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე ადის. არადა, გასულ წელს საუკეთესო ხარისხის მანდარინის ფასი ახალი წლის დღეებშიც კი ერთ ლარს არ აღემატებოდა. მომატებულია ფასი კივზეც, ისიც მანდარინის ანალოგიურად 1,5-3 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

გადამყიდველები და გლეხები ხილზე არსებულ მაღალ ფასებს მოუსავლიანობას უკავშირებენ, მეტიც მათი თქმით, ახალი წლის დღეებში ფასი კიდევ აიწევს.