მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვას იწყებს

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა 29 ივნისს დასრულდება. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ შეიძლება კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს. კალაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, მათ დააზიანებს და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება.

„თუ ვერ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მაშინ არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რომელითაც წლების მანძილზე ტარდება. ჩვენ თუ შევხედავთ ოპოზიციის ქმედებებს, მთლიანად მათი არსებობის მანძილზე, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან და ძალიან ცუდია. ცუდია, პირველ რიგში, მათთვის, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არაუშავს, საზოგადოება, ხალხი ყველაფერს ხედავს. მათი ქმედებები მათ დააზიანებს და ეს ყველაფერი გამოჩნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აცხადებს კახა კალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვასთან დაკავშირებით, ორი შეხვედრა გაიმართება და ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი. კობახიძე ვარაუდობს, რომ 21 ივნისს შედგება პირველი მოსმენა, კენჭი ეყრება კანონპროექტს და უკვე 29 ივნისს სამი მოსმენით დასრულედება კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა. მისი თქმით, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელი იქნება ცვლილებების მიღება იქედან გამომდინარე, რომ 117–მა დეპუტატმა უკვე დაადასტურა ინიციატივის მხარდაჭერა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება. მაღალი ალბათობით მაინც გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ 8 მარტის შეთანხმებით აიღეს. თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა და ეს კიდევ უფრო შეარყევს იმ ნდობას, რომელიც მათ შერყეული აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების მხარდაჭერა მათთვის არის უკეთესი. ჩვენ ეს არც არც არაფერს შეგვმატებს და არც არაფერს დაგვაკლებს. მათ უნდა იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. რაც შეეხება მემორანდუმს, დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან.

შეთანხმება ასევე 1%–იან საარჩევნო ბარიერსა და ჩამკეტ მექანიზმს ითვალისწინებს, რომელიც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ხმების 40%–ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. ამასთან, მემორანდუმში ნათქვამია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად დადგინდება.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მემორანდუმის თანახმად – „2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით“, – ასეთია მიღწეული მემორანდუმი, სადაც არაფერია ნათქვამი პოლიტპატიმრებზე.

თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს.

„დაფიქსირებული იყო კონკრეტული ადამიანების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება და მოთხოვნა, მათ შორის, გიორგი რურუას შესახებ, ამიტომ სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება საპყრობილიდან, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ვერ მოხდება.

რაც უფრო სწრაფად მიიღებს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ მოხსნას წნეხი სასამართლოზე და მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და ქვეყანა არ შევიდეს უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმება, რომელსაც „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ, სრულად არ არის შესრულებული. ვაშაძის თქმით, შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია, გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

„ამ ეტაპისთვის გათავისუფლებულები არიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი და ასევე გიორგი რურუა უნდა განთავისუფლდეს, სხვა ვერსიას ჩვენ არ განვიხილავთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

Maverick ასე ფხრაწა-ფხრუწი გაუდის კობახიძის კონსტუტუციას, სადამდე უნდა იტინგიცონ ნაცებისგან დაბრაკულებმა, ოცნებაში შეგზავნილმა V კოლონამ?!
ფრთხილად!
მოქკავშირის ბედი არ გაიზიაროთ!
1 თვის უკან