მთავრობა გმო-პროდუქციას არ დათმობს

მთავრობა გმო-პროდუქციას არ დათმობს

მთავრობა პარლამენტის დავალებას არ ასრულებს. აპრილში მიღებული საგანგებო დადგენილება მთავრობას ავალდებულებს, რომ პარლამენტისთვის საშემოდგომო სესიისთვის წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის შემოტანას, განთავსებას და წარწერის გაკეთებას უზრუნველყოფს, რათა დაცული იქნას მომხმარებელთა უფლებები. მიუხედავად ამისა, მთავრობას დღესაც არ გააჩნია პასუხი, პარლამენტის ამ დავალებას როდის შეასრულებს.

 

პრინციპში, ეს საკითხი მხოლოდ პარლამენტის დავალება არ არის და საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ აქვს ხელი მოწერილი კარტახენას ოქმზე, რომელიც ქვეყნებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირებას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი უკვე რამდენიმე წელია, პრობლემად იქცა და მთავრობა ამ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებას მუდმივად ცდილობს. ამ საკითხს ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში აქტიურად აყენებდა „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „თუკი ეს საკითხი არ დარეგულირდება, პრობლემები შეექმნება ქვეყანას, ვინაიდან არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას“.

 

ვალდებულება კი ეხება მხოლოდ იმას, რომ მოხდეს აღნიშნული პროდუქციის ქვეყანაში რეალიზება საერთაშორისო წესების თანახმად. ეს წესების კი, ძირითადად პროდუქციაზე წარწერის გაკეთების ვალდებულებას ითვალისწინებს.

 

პარლამენტმა მარტის შუა რიცხვებში მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, პარლამენტი ავალებს მთავრობას, რომ წარმოადგინოს კანონპროექტი „გენმოდიფიცირებული ორგანიზამების გავცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ“, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს, უზრუნველყოფს ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანის ვალდებულებების შესრულობის კონტროლს და აღიცხვას პროდუქციის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით.

 

ამასთან, პროექტით პარლამენტი ავალებს მთავრობას გაგრძელდეს განხილვები ქვეყნის ტერიტორიის გენმოდიფიცირევული ორგანიზამებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ, რითაც სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული გენმოდიფიცირებული პროდუქტების უკონტროლო მოხმარებისგან.

ამ დადგენილებაში მითითებულია დროც, რომ აღნიშნული კანონპროექტი მთავრობას პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე უნდა წარედგინა, რათა 2011 წლის 1-ლი იანვრიდან აღნიშნული ნორმების ძალაში შესვლა მომხდარიყო.

 

საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად პარლამენტი მთავრობას აღნიშნული კანონპროექტის მოსამზადებლად ერთთვიან ვადას აძლევდა, მაგრამ მთავრობამ ვადის გაზრდა იმ არგუმენტით მოითხოვა, რომ, თითქოს, ევროკავშირთან კონსულტაციებს აწარმოებდნენ და ამ კონსულტაციებისთვის ერთი თვე არ ეყოფოდათ.

 

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მთავრობას არც ექვსი თვე ეყო და არც – რვა. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ისევ იმ არგუმენტს ასახელებს, რომ მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და სხვა რიგ ვალდებულებებზე, ამიტომ მთავრობას გარკვეული ვადა დასჭირდება რომ „ყველა საკითხი კონკრეტულად გაანალიზოს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც რეალურად შესრულებადი იქნება“.

 

მთავრობის ეს არგუმენტი კი გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თორთლაძემ გააპროტესტა. მისი აზრით, ერთის მხრივ მიუღებელია მთავრობის მიერ პარლამენტის დავალების შეუსრულებლობა და მეორეს მხრივ კი ის, რომ მთავრობას ეს პროდუქცია ადამიანებისთვის საშიშად არ მიაჩნია. სწორედ ასეთი არგუმენტი დასახელდა რამდენიმე თვის წინ, სესიაზე, როდესაც პარლამენტი აღნიშნულ დადგენილებას იღებდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქციის მავნებლობა უკვე ყველა განვითარებულ ქვეყანაში აღიარებულია, მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა არ სურს. თუმცა, იმის გამო, რომ ევროპა საქართველოსგან საკვები პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმოებას მოითხოვს, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მთავრობას ამ საკითხის გასათვალისწინებლად არც ისე დიდი დრო აქვს დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, ორ წელიწადში მაღალი რისკის შემცველი პროდუქტების მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის სავალდებულო გახდება წარმოების საბჭოური სტანდარტებიდან საერთაშორისოზე გადასვლა.

 

სწორედ ამიტომ ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ხელისუფლება დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს“ და საკითხის გადადებაც ამიტომ აწყობს, რომ „რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ნახოს“.

 

„ეს არის ერთადერთი შესაძლო მიზანი, თუ რატომ ეწინააღმდეგება მთავრობა იმას, რაც ყველა ნორმალურ და ცივილიზებულ სამყაროში მიღებულად ითვლება. ის არგუმენტი რომ, თითქოს, გენმოდიფიცირებული პროდუქცია ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, უბრალოდ, სასაცილოა და ამით ბავშვსაც კი ვეღარ მოატყუებ. მე ის უფრო მაწუხებს, რომ ასეთი უგუნური პოლიტიკით ქვეყანას ღუპავენ. ჩვენ მთლიანად აკრძალვას ხომ არ ვითხოვთ, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას ჭამს და არ შემოვიდეს გენმოდიფირებული თესლი, ვინაიდან ეს ბუნებრივ თესლს გაანადგურებს და ამ პრობლემის მოგვარებას ათეულობით წლები დასჭირდება.

საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა, რომ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრება მხოლოდ ბუნებრივი და სუფთა პროდუქციით შეუძლია. მით უმეტეს, რომ ეს პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე გენმოდიფიცირებული და არ მესმის, რა არის აქ ასეთი ძნელად გასაგები. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობს და არ უყურებს იმას, ხვალ რა დღეში შეიძლება აღმოჩნდეს“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.