ავტობიზნესი ბოლომდე გაიყინა, მომავალი 5-6 თვე გადამწყვეტი იქნება

ავტობიზნესი ბოლომდე გაიყინა, მომავალი 5-6 თვე გადამწყვეტი იქნება

როგორც მოსალოდნელი იყო, ავტობიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო და პანდემიის გამო შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს ეძებს. ასეთი ვითარებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, მსხვილი მწარმოებლები და ავტოდილერები გამოსავალს ყოველდღიურად ეძებენ.

2020 წლის აპრილში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი (რეექსპორტი) 93,8%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში ქვეყნიდან სულ 354 ავტომობილი (6,914 მლნ აშშ დოლარი) გავიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5763 ერთეული (52,439 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2020 წლის ინავარ-აპრილს, „საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყნიდან სულ 13 453 ავტომობილი (134,8 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, რაც 37,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში - 21 552 ერთეული (153,9 მლნ აშშ დოლარი) სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი განხორციელდა.

ახალი ავტომობილების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 47%-ით არის შემცირებული. ამის მთავარ მიზეზად ისევ და ისევ კორონავირუსი და მის შედეგად დახურული ბიზნესი სახელდება. თუმცა, პროცესების გაჯანსაღება უკვე დაიწყო და ევროპასა  და აშშ-ში კომპანიები ნელ-ნელა იხსნებიან, მაგრამ 265 ათასი სამუშაო ადგილი მაინც რისკის ქვეშ რჩება.

პანდემიამ საავტომობილო ბაზარზე შეცვალა არა მხოლოდ უშუალოდ თანამშრომელთა ქცევა, არამედ მყიდველების მოთხოვნაც და ეს ცვლილებები, მართალია, ზოგიერთი დროებითია, თუმცა უმრავლესობა მაინც სავარაუდოდ, სამუდამოდ დარჩება.

მაინც როგორ შეიცვლება საავტომობილო ბაზარი კოვიდ-19 ის შედეგად? სააგენტო „ბლოომბერგის“ ანალიტიკოსების აზრით, როგორც მთავარი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა არის ის, რომ მიუხედავად ინფექციის შიშისა, ადამიანები, რომლებსაც ავტომობილის შესყიდვა სურთ, უარს არ ამბობენ. ამიტომ ონლაინ ვაჭრობა იმაზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს, ვიდრე ეს აქამდე იყო.

2019 წელს აშშ-ში ავტომობილების მთლიანი ბაზრის 10%-15% სწორედ ონლაინ ვაჭრობაზე მოდის და ეს მიმართულებაც უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პოსტკორონავირუსულ პერიოდში. ავტომწაროებლები ახლა მუშაობენ საკუთარი ვებ-გვერდების განახლებაზე და ყველა კითხვას, რომლებიც მომხმარებლებს გაუჩნდებათ ყიდვის პოროცესში, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით უპასუხებენ.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის, მაინც წარმოუდგენელია ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა პირადად ნახვის გარეშე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომდევნო ექვსი თვე საავტომობილო ბაზრისთვის იქნება გარდამტეხი, მათ უწევთ სწორი და დროული გადაწყვეტილების მიღება, აქვთ შანსი ახალი და კონკურენტუნარიანი ფასების შემუშავების.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ბიზნესში ვითარება ბოლო წლებში ისედაც გაუარესდა, თუმცა იყო გაუმჯობესების პერიოდებიც. კორონავირუსის პანდემიამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

„თვეში ერთხელ ვიწერდი მანქანას იაპონიიდან და ვყიდდი საქართველოში. თითო მანქანიდან 300-400 დოლარი, ზოგჯერ კი 500 დოლარი მრჩებოდა. შემდეგ კი, 2017 წლიდან, გადასახადი მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის ცხრაჯერ გაიზარდა, მარცხენასაჭიანებისთვის კი - სამ-ოთხჯერ. მას შემდეგ მანქანა გასაყიდად აღარ გამომიწერია“, - აცხადებს ავტომობილების იმპორტით დაკავებული გიორგი დვალი.

მისივე თქმით, პანდემიის გამო ავტომობილების ფასები ახლა მკვეთრად დაეცა, დაახლოებით, 30-40 პროცენტით, ვინაიდან მათ თითქმის არავინ ყიდულობს. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას საამისო სახსრები არ გააჩნია.

ავტომობილების იმპორტიორები აცხადებენ, რომ მთავარი მოთხოვნაა. მოთხოვნა კი მაშინვე გაჩნდება, როგორც კი ეპიდემია ჩაცხრება, შეზღუდვები გაუქმდება და ადამიანები კვლავ დაიწყებენ ფულის გამომუშავებას. ჯერჯერობით კი ასეთი მოცემულობაა: მანქანების შეძენა შეიძლება, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ასეთ რთულ ვითარებაში ბოლო დანაზოგის დახარჯვა.

Aws ასეთი მანქანების მწარმოებელი ფირმა (გიორგი დვალი) თუ იყავი, ამას გვიმალავდი!!!!!
4 წლის უკან