„თუ მაინცდამაინც შევადარებთ წინა ხელისუფლების რიტორიკას და კომუნიკაციას დასავლეთთან, წინა ხელისუფლება დასავლეთს არასდროს ედავებოდა, შეიძლება პასუხის გარეშე დაეტოვებინათ ის, რაც „ნაციონალების“ აზრით, მათ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უპასუხოდ არაფერს ტოვებს და დასავლეთთან ყოველი კომუნიკაციის შემდეგ აუარესებს საკუთარ და ქვეყნის მდგომარეობას“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე.
როგორ აეწყობა ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ლიდერები გათავისუფლდნენ? რა წააგო დაგვიანებული რეაქციით „ქართულმა ოცნებამ“ და რამდენად გონივრული იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, როცა პრეზიდენტი მედიატორის მანტიით მოგვევლინა?
- გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებად აღიარებს ამ ადამიანებს თუ არა. რა თქმა უნდა, არ აღიარებს, ასე იქნებოდა ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაშიც. მთავარი აქ მაინც ის არის, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პრეზიდენტის საშუალებით, ჯამში, კარგია იმ პროცესისთვის, რომელიც ჩიხში იყო შესული და ძალიან ბევრ რამეს აზიანებდა საქართველოსთვის. პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო ცუდი. რა თქმა უნდა, ასეთი მიამიტი ამ ქვეყანაში არავინაა, რომ იფიქროს, ქალბატონმა სალომემ თავად გადაწყვეტა ეს ამბავი. ბევრი რამ გაფუჭდა იმით, რომ ასეთი ზეწოლის შედეგად მიიღეს ამ ადამიანების ციხიდან გამოშვების გადაწყვეტილება. აქამდე რომ მიიყვანეს საქმე, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიიღო საქართველომ. შესაძლოა, ეს ყველაფერი გადაზრდილიყო ფინანსურ თუ სხვა ტიპის ზიანში, რომელიც დაგვიანონსეს ბრიუსელიდანაც და ვაშინგტონიდანაც.
თავისი მოქმედებებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სხვა შანსი არ დაუტოვა დემოკრატიულ სამყაროს, რათა როგორღაც მათი ქმედება გაეჩერებინათ და შემოეტრიალებინათ. თუ საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ სიტუაციის გამოსწორება შეცვლის მათ მიმართ დამოკიდებულებას დასავლეთში, ძალიან ცდებიან. ეს არაფერს არ შეცვლის. რეალურად, იცით, პოლიტიკაში როგორ არის? გზავნილს, შინაარს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, ამ გზავნილის ავტორად ვინ გვევლინება და ნდობის რა ხარისხია ადამიანებს შორის, რომლებიც ცვლიან გზავნილებს. რეალურად, ბევრჯერ გამოსცადა „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის ნდობა და მისი გზავნილი ხვალ და ზეგ რა იქნება, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ გაქვს. ნდობის ფაქტორი დავიდა ნულამდე და დასავლეთიც მიხვდა ერთ რამეს, ერთადერთი ენა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაზე ჭრის, ეს არის იძულების ენა. ეს ძალიან ცუდი ტონია და ურთიერთობის ძალიან ცუდი ფორმაა პარტნიორებს შორის. ამას აუცილებლად ექნება თავისი უარყოფითი გავლენა.
„ქართული ოცნების“ პოზიციიდანაც შევხედოთ ამ საკითხს. შესაძლოა, „ოცნებამ“ იფიქრა, რომ „ნაცების“ დროს ბევრი უბედურება ხდებოდა, მათ შორის, 7 ნოემბერი, 26 მაისი, უსამართლო დაკავებები, მაგრამ მაშინ არ იყო მკვეთრი რეაქცია დასავლეთისგან და ტერმინ პოლიტპატიმრების გამოყენება. იქნებ, ამიტომაც „დატესტეს“ დასავლეთი, როგორც ახლა უყვართ ამის თქმა, რომ აინტერესებდათ, რამდენად შორს წავიდოდა დასავლეთი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით?
- მე არ ვიცი, „ქართულ ოცნებაში“ რა ინფორმაცია ჰქონდათ. რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, რაკი წინა ხელისუფლება ვახსენეთ, მათ დროს, ცხადია, იყო დანაშაულიც და შეცდომაც, მაგრამ ნდობის ხარისხი მაშინ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ბევრად უფრო მაღალი იყო. გარდა ამისა, გზავნილებსაც და საქმეებსაც წინა ხელისუფლება უკეთ ფუთავდა, ვიდრე ეს ხელისუფლება. ახლა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ნდობის ხარისხი დაბალია და ასე აშკარად შავის თეთრად გასაღება, ბევრჯერ დარღვეული პირობის შემდეგ ზედმეტი ბაქი-ბუქი და ბრექი შეურაცხმყოფელი გახდა დასავლეთისთვის. თუ მაინცდამაინც შევადარებთ წინა ხელისუფლების რიტორიკას და კომუნიკაციას დასავლეთთან, წინა ხელისუფლება დასავლეთს არასდროს ედავებოდა, შეიძლება პასუხის გარეშე დაეტოვებინათ ის, რაც „ნაციონალების“ აზრით, მათ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უპასუხოდ არაფერს ტოვებს და ყოველი კომუნიკაციის შემდეგ აუარესებს საკუთარ და ქვეყნის მდგომარეობას. ამის შედეგად, ბუნებრივია, იმ ადამიანებსაც ეწყინათ დასავლეთში, რადგან გადაგდება შეიძლება ერთხელ, მაგრამ რამდენჯერმე გადაგდება ნიშნავს, რომ ამ ხალხთან პარტნიორული ტიპის ურთიერთობის ქონა შეუძლებელია. ისინი არიან დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ისინი წარმოადგენენ დღეს საქართველოს და ეს, ბუნებრივია, აისახება საქართველოზეც. ურთიერთობის გაუარესება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს, თუ საქართველოს ხელისუფლებასა და შეერთებულ შტატებს შორის, ავტომატურად ნიშნავს ურთიერთობის გაუარესებას ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ხელისუფლებების ქმედებების შედეგად ზარალობს ქვეყანა.
ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთში ლობისტები მუშაობენ „ნაცების“ მხარესაც და „ქართული ოცნების“ მხარესაც. ამ ლობისტებიდან ვინმე ხომ არ არწმუნებდა „ქართულ ოცნებას“, რომ საერთაშორისო რეაქცია არ იქნებოდა, მით უმეტეს, კოვიდის ფონზე?
- შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება ამასაც ფიქრობდა, რომ ვინაიდან მთელი მსოფლიო კოვიდთან ბრძოლით იყო დაკავებული, მათთვის არავის ეცლებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა დონის ცუდი გათვლაა. შენთვის ვინმეს სცალია, თუ არ სცალია, ამის გამო არ უნდა შეასრულო შეთანხმება? პოლიტპატიმრების აღიარება ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, დასავლეთში უკვე აღიარეს, საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და ეს, უბრალოდ, ვიღაცის კომენტარებში კი არა, ქაღალდზეც აისახა, რაც აქვეითებს ქართულ დემოკრატიას, რომელიც ისედაც არ წყვეტს ვარსკვლავებს. აქამდე საქმე რატომ მივიდა? იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო დაპირება გასცა პროპორციული სისტემის ცვლილებასთან მიმართებით, შემდეგ არ შეასრულა დანაპირები. ამის შემდეგ იყო სერიოზული ზეწოლა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მეტიც, პირადად ჩაერთო ბრიუსელი და ვაშინგტონი, რომ 8 მარტის შეთანხმებამდე მიეყვანა პოლიტიკური ძალები, მიიყვანა კიდეც და ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობა, ეს შეთანხმება არ შეესრულებინა, ან სათავისოდ შეესრულებინა. სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა, რომ ხელისუფლება რაღაცას ასრულებს, ან არ ასრულებს იმიტომ, რომ დასავლეთის რეაგირებას ელოდება და, თუკი კოვიდის გამო არ იქნება დასავლეთის რეაქცია, მზად არის, მოატყუოს, სათავისოდ გამოიყენოს ეს ყველაფერი. დასავლეთის თვალში ეს მიანიშნებს, რომ ამ ხალხთან საქმის დაჭერა რთულია.
„ოცნების“ ლობისტებს რაც შეეხება, ლობისტიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომლის ამოცანაც არის „ქართული ოცნების“ იმიჯი უკეთესად გაყიდოს დასავლეთში. ლობისტების ამ საქმეში ჩართვა და ჩაურთველობა და „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის პატიოსნება, ერთმანეთთან კავშირში არ არის. რეაგირება დასავლეთის მხრიდან იმიტომაა, რომ მათ დაინახეს ასეთი აშკარა უპატიოსნობის მცდელობა.
?
საინტერესოა, თუ აცნობიერებს ამ სტრიქონების ავტორი, რომ, რეალურად, ის საუბრობს არა სუვერენულ სახელმწიფო საქართველოზე, არამედ კოლონიაზე?!
ე.ი. არანაირ ცილისწამებაზე, უსაბუთო ბრალდებებსა და დემარშებზე არანაირი პასუხის გაცემა არ უნდა გაბედოს ჩვენმა ხელისუფლებამ , თორემ ევროკავშირის ან ამერიკის "ცეკაში" გაბრაზდებიან ნაცების ლობისტები და შავად წაგვივა საქმე!..
ახლა, ამის შემდეგ რომ ვიღაცამ ობიექტური შედარება გააკეთოს სსრკ-ს დროს ჩვენს სტატუსსა და დღევანდელ რეალურ (და არა დეკლარირებულ) სტატუსს შორის, როცა ის სრულუფლებიანი წევრი იყო იმ კავშირისა და ათობით წლები მართავდა ან წამყვანი პოზიციების ეპყრა ხელთ მის წარმომადგენლებს... ის რუსოფილი და "პუტინის მონა" იქნება, ხომ?
მე მგონი, ამისკენ უბიძგებენ საქართველოს! (არ ვიცი - შეგნებულად, არ ვიცი - სიბრიყვის გამო).
ანუ, სიტყვაზე, უგულავა რომ დაიჭირეს, ეს ყოფილა შავი!
ხოლო ამ შავის გასათეთრებლად, ისე უნდათ წარმოაჩინონ, ვითომ 48 მილიონის გამო დაიჭირესო!..
ჰო, აბა, გაგიგიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ რაღაც 48 000 000 -ის მითვისების გამო, ციხეში გაეშვათ ყოფილი მაღალჩინოსანი?!
ნაცების დროს ჩემს ბიძაშვილს 50 000 ლარის გამო 6 წელი მიუსაჯეს (სამართლიანად)
გიგის 48 000 000 ლარის გამო კი არ უნდა მიუსაჯონ (სამართლიანად)
რატომ ორივე სამართლიანად? იმიტომ რომ 48 000 000 ნაკლებია 50 000-ზე. არ გგონია? მეც მასე მეგონა მაგრამ აღმოჩნდა რომ ახალ ეპოქაში ახალი მათემატიკა არსებობს!!!
თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო _ ვინც მეტს მოიპარავს ის მეტსაც გაუყოფს და რაც მეტს გაუყოფს მით მეტს დაავიწყდება მათემატიკა. დალახვროს ღმერთმა ეს სკლეროზი :::))))))))))))
ცხადია, ქრთამის აღება არ არის კარგი, რადგან, ზოგადად, ფულს იმაში იხდიან, რაც კანონით არ ეკუთვნით. თუმცაღა, პირადი თუ ახლობელთა გამოცდილებიდან ვიცით, რომ ქრთამს ძალიან ხშირად სწორედ იმაში იხდიან ადამიანები, რაც ისედაც ეკუთვნით.
არ ვიცი თქვენი ასაკი და აქედან, არც ის ვიცი, გახსოვთ თუ არა, რომ 1979 წელს ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს თბილისის 26 კომისრის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე და დახვრიტეს. (შევარდნაძემ დახვრიტაო, - ასე ერქვა მაშინ ამ საქმეს).
მიზეზი: 50 ათასი მანეთი აიღო ვიღაცისაგან, რომ ბინაში შეესახლებინაო.
ვერასოდეს გავიგებთ, რამდენად მართალია. შეიძლება იმ ვიღაცას არ ეკუთვნოდა ბინა და არ აძლევდა. იმან კიდევ ჯავრი იყარა - "ობეხეესში" დაასმინა, ფულსა მძალავსო! (ხდებოდა, ხომ ვიცით). დაუთვლიდნენ, დაუნომრავდნენ და მისცემდნენ იმ ფულს. მივიდოდა, დაუგდებდა მაგიდაზე, გამოტრიალდებოდა და ამ დროს სამართალდამცველებიც შევარდებოდნენ! - გაფუჭება თუ უნდოდათ ვინმესი, მაგაზე იოლი რა იყო. მე შენ გეტყვი, თავს გაიმართლებდი!
არ ვიცი, რა უფრო დიდი დანაშაულია სახელმწიფო მოხელისაგან - კერძო პირისაგან ქრთამის აღება, თუ ბიუჯეტის (ანუ, ხალხის) ფულის მითვისება.
ის კი ვიცი, რომ 48 მილიონი ლარი მეტია 50 ათას მანეთზე.