ანაკლიის პორტის ბედი სულ უფრო გაუკვეველი ხდება. გლობალური პანდემიის გამო იგი, სავარაუდოდ, ძალინა დიდი ხნით დავიწყებას მიეცემა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხემძღვანელი ლევან ახვლედიანი ადასტურებს, რომ კორონავირუსის კრიზისიდან გამომდინარე, საერთაშორისო თვალსაზრისით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის გამოც მთავრობის მცდელობა, გამოაცხადოს ახალი ტენდერი პორტის მშენებლობისთვის, „ბევრ თვესა და წელზე“ იქნება გაწელილი.
რეალურად, პროექტის შემობრუნება არის შესაძლებელი, თუ მთავრობა ამის ნებას გამოხატავს, რადგან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ანაკლიის მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესება არსებობს.
„ყველაზე მოკლე გზა ამ პროექტის გასაახლებლად გადის კონსორციუმზე. ჩვენ მზად ვართ. რესურსი, რომელიც ჩვენ მიერ იყო ამ პროექტში ინვესტირებული, არსად არ წასულა, 75 მილიონი დოლარი უკვე დაბანდებულია, ბანკების წერილები 400 მილიონზე არის ძალაში, გენერალური კონტრაქტორის შეთანხმება სექტემბრამდე ძალაშია, ამწეებისა და სხვა მნიშვნელოვანი დანადგარების მომწოდებლების წინადადებებიც მოქმედია. ყველაზე იოლად ამ პროექტის განახლება და ამ შანსის გამოყენება შეიძლება, პოლიტიკური ნება თუ იქნება.
ვფიქრობ, რომ დღეს უკვე სხვა გარემოებაა ტენდერის ჩატარებისთვის. ბევრი რამ შეიცვალა. ამას თვეები და წლები დასჭირდება, ჩვენ კი პროცესების გაგრძელება ძალიან მარტივად შეგვიძლია. გვინდა ალალად ვთქვათ, რომ ამ პროექტის შემოტრიალება მართლაც ძალიან მალე შეიძლება. ბევრმა ისიც თქვა, რომ მთავრობა არ გააკეთებს, რადგან არ აქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, მაგრამ დღეს რეალურად სხვა გარემოებების წინაშე დგას ქვეყანა. ჩვენი კონსორციუმის ვალდებულებად ვთვლი, მინიმუმ, გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ამ პროექტის შემოტრალება არის შესაძლებელი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების გამო, საარბიტრაჟო დავის წარმოების დაწყება გადადო.
მთავრობა კი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად რჩება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ტენდერი პროექტის განხორციელებისთვის პირველი შესაძლებლობისთანავე განხორციელდება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი. ეს იმდენად ცნობილი ფაქტი არის, რომ ამას ზემდეტად წამდაუწუმ ხსენება არ სჭირდება. მეტსაც გეტყვით, იცით, რომ ჩვენ განვაცხადეთ უკვე, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია დიდად იქნება აწყობილი იმაზე, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს და ხდება გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მათთვის ვიყოთ ნომერ პირველი არჩევანი და ჩვენთან გადმოვატანინოთ ამ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განპირობებულია სწორედ იმით, რომ ჩვენ ვართ სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა“, – აღნიშნა თურნავამ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ გამორიცხულია პროექტის განხორციელებას „ანაკლიის კონსორციუმი“ დაუბრუნდეს.
„კონსორციუმს ჰქონდა მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა, იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში და ეს ვადები შვიდჯერ გადავუწიეთ, ეს პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯერ კიდევ 9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.
იმას, რის თქმასაც ვერც კონსორციუმში და ვერც მთავრობაში ბედავენ, პირდაპირ ამბობს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია. იგი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთების სიმცირის გამო არ გამოდგება და ის ასევე არარენტაბელურია.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ლოგისტიკური დერეფნები გაიჭრას, მათ შორის ევროპის მიმართულებით, ამისთვის პირველ ეტაპზე, სანამ ანაკლიის პროექტს მივადგებოდეთ, საჭიროა დავაყენოთ ერთი-ორი საკონტეინერო გემი ფოთში რეგულარულ ხაზზე, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ესეც კი ვერ გავაკეთეთ. პირველ რიგში, მოსაგვარებელია ლოგისტიკური საკითხები, რადგან საქონელი ვერ შემოგვიტანია და ვერ გაგვიტანია, ამ დროს კი გვინდა, რომ პროექტები განვავითაროთ. ვინ განავითარებს იქ წარმოებას სადაც, ლოგისტიკური დერეფნები არ არის აწყობილი?
გარდა ამისა, პროექტი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთების სიმცირის გამო არ გამოდგება და ის ასევე არარენტაბელურია, ამიტომ მიმაჩნია, რომ მით უმეტეს ამ სიტუაციაში, ანაკლიის პორტის მშენებლობას აზრი არ აქვს, შეიძლება წლების შემდეგ ვიფიქროთ, მაგრამ ახლა არა. ზოგადადაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საერთოდ საჭიროა, ბოლომდე გააზრებული არ არის. ყველამ იცის, რომ ეს არარენტაბელური პროექტია, მთავრობამაც და კონსორციუმმაც, მაგრამ ახლა ეშინიათ, რომ თქვან პროექტი არ გამოდგება, ამიტომ რაღაცეებს იგონებენ. გამოაცხადებენ ტენდერს და არავინ მიიღებს მონაწილეობას, იტყვიან ვეცადეთ, მაგრამ აი, არ გამოვიდაო“, - აცხადებს გიორგი ქობულია.