„არ გვაქვს საფუძველი, ანაკლიის კონსორციუმს მერვედ ვენდოთ“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის კონსორციუმის წინადადებას ხელისუფლებასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებისა და პორტის განახლების შესახებ.
ნათია თურნავა ამბობს, რომ „კოვიდ-19“-მა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით მთავრობა ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს, რადგან ეს პროცესი პანდემიამ დროებით შეაფერხა.
„პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება იმაზე, მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, რადგან ბევრი გლობალური კომპანია საკუთარი წარმოების ადგილს ცვლის. ანუ ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან ხდება წარმოების გადატანა. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, შავ ზღვაზე გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა იქნება. პოსტვირუსის პერიოდში მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის, ასევე, ანაკლიის პორტს“,-ამბობს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც არც იმას ივიწყებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს მრავალი წლის მანძილზე ძალიან კარგი შანსი და მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში, პროექტი დაეწყო.
უფრო მეტიც, ანაკლიის კონსორციუმს ეს ვადები 7-ჯერ გადაუწია მთავრობამ, რომ პროექტი დაეწყო და დაესრულებინა, მაგრამ ამჯერად პორტის ინვესტორს - ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობა „მერვეჯერ ვერ ენდობა“.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ანაკლია შეიძლება იყოს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სეგმენტი, მაგრამ ანაკლიასთან დაკავშირებითაც არც ეკონომიკური რენტაბელობაა შესწავლილი, არც ის ვიცით, რამდენი ენერგეტიკა დასჭირდება მას და აქვს თუ არა ამხელა ენერგეტიკის გამომუშავების უნარი ჩვენს ქვეყანას, არც ის არის ცნობილი, რა გავლენა ექნება ანაკლიის პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიაზე.
„ანაკლიის პორტის შესახებ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. 60-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დროს, ანაკლიის ხუთი სხვადასხვა პროექტი არსებობდა. იმ პერიოდში გონიერი ხალხი აცნობიერებდა, რეალურად საჭირო იყო თუ არა ახალი პორტი ანაკლიაში და მათ დაუშვეს, რომ ასეთი პორტი საჭირო იყო, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში როცა გვეუბნებიან, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების მოტორი, ელემენტარული ეკონომიკური რენტაბელობის კვლევა მაინც ხომ უნდა არსებობდეს, რომ პოლიტიკური საფუძველი არ შეიძინოს ამ ყველაფერმა? რეალურად თუ განხორციელდება ანაკლიის პორტი, ხომ უნდა ვიცოდეთ, მოსახლეობასა და გარემოზე კარგად აისახება? ზედაპირულად საუბრობენ პროექტებზე, ხდება ამ პროექტების პროფანაცია და შემდეგ ვრჩებით კინკლაობაში“,-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ადასტურებს, რომ ანაკლიის მნიშვნელობაზე არავინ დავობს, ანაკლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დასაქმებას ხელს შეუწყობს და ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილი იქნება გეოპოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ ამ ფაქტს აქვს მეორე მხარეც. ანაკლიის პროექტის აგება და დასრულება ითავა „თიბისი ჯგუფმა“, რომელმაც აიღო ვალდებულება, მოენახა საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც ჩადებდნენ ინვესტიციებს ამ პროექტის განხორციელებაში და, საბოლოო ჯამში, დღეს უკვე პრაქტიკულად ამ პროექტის სადღაც ნახევარი უნდა ყოფილიყო შესრულებული. სამწუხაროდ, ეს ინვესტორი არ მოინახა, შემდგომში, „თიბისი ჯგუფის“ ხელმძღვნელობამ გადაწყვიტა ამ თემის პოლიტიზირება და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.
„იმის გადასაფარად, რომ ვერ ასრულებდნენ პირობას, გადაწყვიტეს, ეს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროექტი პოლიტიზირებულ ჩარჩოში მოექციათ, თითქოს ვიღაც ხელს უშლიდა. ისეთი ანტითეზაც მოიყვანეს, ფოთის პორტს რატომ აკეთებთ მაშინ, თუკი ანაკლია უნდა ავაშენოთო. ასეთი პროექტის რეალიზება ერთი და ორი წლის საქმე არ არის. ვფიქრობ, „თიბისი ჯგუფმა“ ვერ განსაზღვრა და ვერ შეაფასა თავისი ძალები. შორს ვერ წავალ და ვერ ვიტყვი, როდესაც მათ გაიმარჯვეს ტენდერში, რამე მიკერძოებას ჰქონდა ადგილი თუ არა, მაგრამ შეეჭიდნენ ისეთ საქმეს, რომელიც ვერ დაძლიეს. ამან გამოიწვია ამ მნიშვნელოვანი პროექტის ჩავარდნა.
ამ ეტაპზე, პოსტკორონასეულ სიტუაციაში საკმაოდ რთული იქნება დიდი რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვა. ევროპაშიც კი დიდი რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვა ყველა ქვეყანას უჭირს და შეეცდებიან, ასეთი საინვესტიციო პროექტები თავიანთ ქვეყანაში დახარჯონ, რომ წაადგეს თავიანთი ქვეყნების ეკონომიკას. ამერიკა თავის საწარმოებს იბრუნებს უკან, ევროპაც ასევე მოიქცევა“, - აცხადებს პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საკუთარი თავის მტერი არ არის, რომ ასეთ დიდ პროექტზე უარი თქვას, თუმცა მნიშვნელოვანია ინვესტორთა მოძიება. ჩვენ არ გამოგვადგება ჰაერზე არსებული კომპანიები, თუნდაც „ფრონტერას“ მაგალითი რომ ავიღოთ, რომლებიც საინვესტიციო წინადადების გამოყენებას თავიანთი იმიჯის ასამაღლებლად ცდილობენ. აქ რეალური საქმეა გასაკეთებელი.
შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეჩერებული პორტის კვლავ განხორციელების სურვილი გამოთქვა. კონსორციუმში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი და 16 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.