„ყველა ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანები, მაგრამ დასავლეთისგან არასდროს თქმულა ამის შესახებ...“

„ყველა ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანები, მაგრამ დასავლეთისგან არასდროს თქმულა ამის შესახებ...“

„თუ დააკვირდით, ამ ბოლო დროს დიპლომატიური ენით უკვე აღარ ელაპარაკებიან ამ ხელისუფლებას, მათ ელაპარაკებიან პირდაპირ და მეორე კლასელი ბავშვისთვის გასაგებად, რადგან, როცა დიპლომატიურად ეუბნებოდნენ, ვითომ ვერ იგებდნენ დასავლელი პარტნიორების ნათქვამს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის მედიატორობის შემდეგ ხელისუფლებამ გამოუშვა ოპოზიციონერი პატიმრები, რომლებსაც ზოგიერთები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ე.წ. პოლიტპატიმრებად. დასავლეთის მოთხოვნაზე დაგვიანებული რეაქცია რამდენად დააზიანებს „ქართული ოცნების“ რეპუტაციას როგორც ქართველი ამომრჩევლის, ისე უცხოელების თვალში?

- მე მგონი, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია თითქმის აღარ აქვს. თავისთავად, ჯერ საერთოდ რომ გახადეს ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად, პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს, რომ პოლიტიკური მოტივით აპატიმრებ ადამიანს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მოტივი იმდენად აშკარა იყო, რომ ამაზე მხოლოდ ოპოზიცია კი არ ლაპარაკობდა, არამედ ლაპარაკობდა ევროკავშირი. პირდაპირ დაუკავშირეს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილი 500-მილიონიანი დახმარება სწორედ პოლიტიკურ პატიმრებს. ეს ტერმინი პირველად იყო გამოყენებული ივანიშვილის პერიოდში.

ყველა ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ადამიანები, მაგრამ არასდროს არ თქმულა ასეთი რამ. სხვათა შორის, აქამდე ამ ხელისუფლების დროსაც არ თქმულა ასეთი რამ. ეს პირველად ითქვა სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილის გუნდი, არ ვიცი, რა დავარქვა, თოჯინები, მარიონეტები, არასწორ განცხადებებს აკეთებდნენ. თალაკვაძე გამოვიდა, რაც მე პირადად შეურაცხყოფად მივიღე. ერთია, რას ლაპარაკობ და ხალხს როგორ „აბოლებ“, მაგრამ მეორეა, შენ თვითონ ხომ იცი, რაზე მოილაპარაკეთ და რაზე შეთანხმდით, ამერიკის ელჩმაც ხომ იცის, რაზე მოგელაპარაკა და რაზე შეგითანხმდა. რომ გამოდიხარ და ეუბნები ელჩებს, გამოდით და თქვით, არ ყოფილა შეთანხმება ამ პატიმრებზეო და ამ დროს, იყო ეს შეთანხმება და ეს ყველამ იცის, ეს შეურაცხმყოფელია. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ასეთი მძიმე რეაქცია ამერიკაშიც და ევროპაშიც, რეპუტაციულად დაანგრია „ქართული ოცნება“ და იძულებული გახადა, გამოეშვათ პატიმრები.

როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას ეგონა, უცხოელები არ ჩაერეოდნენ და არ ახსენებდნენ სიტყვა პოლიტპატიმრებს. რატომ იყვნენ ასე დარწმუნებულნი, იმიტომ ხომ არა, რომ მათ სხვაგვარი გამოცდილება ჰქონდათ, დასავლეთი ყოველთვის ერიდებოდა ფაქტებისთვის სახელის დარქმევას? ასე ხდებოდა 26 მაისის შემდეგ, ასევე მოხდა შევარდნაძის დროსაც.

- მეტსაც გეტყვით, არც 26 მაისის დროს დაჭერილებს არ ეძახდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და არც მოიხსენიებდნენ პოლიტპატიმრებად, ზვიადისტები რომ ჰყავდათ დაჭერილი შევარდნაძის დროს. ზვიად ძიძიგურს საერთოდ დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, არც სააკაშვილის დროს ეძახდნენ პოლიტპატიმრებს ადამიანებს და არც მერაბიშვილისთვის პოლიტპატიმარი არ უწოდებიათ. არც უგულავასთვის არ უწოდებიათ პოლიტპატიმარი მანამდე, ანუ პირველი დაჭერისას. უბრალოდ, სტრასბურგში მოიგო მერაბიშვილმა საქმე საკნიდან გამოყვანის თაობაზე, მაგრამ პოლიტიკური პატიმარი არ დაურქმევია მისთვის არავის. ახლა პირველად დაარქვეს ეს სახელი, რადგან აქამდე მიიყვანეს საქმე.

არ შეიძლება, ასეთ შეურაცხყოფას აყენებდე საერთაშორისო პარტნიორებს და აგდებულად ექცეოდე, თითქოს ისინი არიან ქაჯები, რომლებიც იმას გაიმეორებენ, რასაც ეტყვი. თალაკვაძე და კობახიძე კი არ არის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ჯეიმს რიში, იმ ადამიანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც იმავე საქართველოსთან მიმართებით.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ხომ არ გადატყდება ჯოხი ზუსტად თალაკვაძეზე, კობახიძეზე, რომ ისინი ვერ აწვდიან სათანადო ინფორმაციას დასავლეთს?

- მე მგონი, აქ მთავარი პრობლემაა თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ ესმის საერთაშორისო პოლიტიკა. საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ესმის საერთაშორისო პოლიტიკა და ყველაფერში უკვე მაგარია, დანარჩენებიც, ვინც მის გარშემო არიან, ეტყვიან იმას, რაც მას ესიამოვნება, რომ არ გაბრაზდეს ბიძინა ივანიშვილი და არ გააგდოს ისინი.

არის ასეთი მოსაზრება, რომ კორონაპანდემიის პერიოდში ხელისუფლებამ ირწმუნა, რომ ყოვლისშემძლეა და სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსად, მსხვერპლს, ანუ ხალხს შეუყვარდა. ეს ხომ არ იყო მოტივი, რომ ბოლო მომენტამდე გაუჭირდათ ამ ადამიანების გამოშვება?

- პანდემიის დროს ასე ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ხელისუფლების გარშემო მიმდინარეობს საზოგადოების კონსოლიდაცია. ხელისუფლების რეიტინგი ასეთ დროს იმატებს. მით უმეტეს, ასე თუ ისე, ჩვენ ბევრ ქვეყანაზე უკეთ გავუმკლავდით ამ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ამ ხელისუფლების მიმართ ნდობა და რეიტინგი გაიზარდა. ეტყობა, ამიტომაც იფიქრეს, არ ემახსოვრებათ საზღვარგარეთ ეს ამბავიო, ჩათვალეს, მათ ჩვენთვის არ სცალიათ, ხალხში კარგი სახელი გვაქვს და ბარემ, არ გავუშვათ პატიმრები. ეს იყო ყველაზე ცუდი. ჯერ ერთი, საერთოდ როგორ უნდა დაუშვა, რომ ასეთი შეთანხმება პანდემიის გამო რომელიმე შენს საერთაშორისო პარტნიორს მიავიწყდეს. ეს ძალიან ძვირად დაუჯდათ.

რით ახსნით კალაძის, კობახიძის და სხვების მიერ გამოთქმულ სინანულს, რომ პოლიტკრიმინალთა გათავისუფლება სწორი არ იყო?

- ეს უკვე მასხარაობაა. რას ნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი, ან ვინ დაიჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა თავისით მიიღო? ასეთი ადამიანი არავინ არის დედამიწის ზურგზე. ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მართალია, ორი დღის წინ სხვა გადაწყვეტილება ჰქონდა და ორი დღის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მას სჩვევია ასეთი რაღაცები. დავსვათ ასეთი შეკითხვა, საერთოდ რომ არ დაეჭირათ ეს ხალხი, ხომ არ იარსებებდა ეს თემა? რა ქნეს ისეთი, უგულავა იმ საქმეზე იყო შებრუნებული, რაზეც უკვე იჯდა, ხოლო ოქრუაშვილი საერთოდ რაზე დაიჭირეს? პარლამენტის აღებას აპირებდაო. სასაცილოა ეს ყველაფერი.

ხელისუფლების პოზიცია ასეთია, დასავლეთისგან არაერთხელ მიგვიღია გაფრთხილება პოლიტკრიმინალთა გათავისუფლების შესახებ, მაგრამ გაფრთხილების არ შესრულებით არც არაფერი გაფუჭებულა. სინამდვილეში, რა მოხდებოდა ახლა, მედიატორის როლი რომ არ შეესრულებინა პრეზიდენტს?

- ჯერ პროცესი დასრულებული არ არის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეიძლება კიდევ წამოვიდეს სანქციები და პირადად მას შეეხოს სანქციები, რადგან ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას ასეთი რექცია მოჰყვება ხოლმე. ამას მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან შემდეგ პროცესებსაც, ანუ დააკვირდებიან იმას, ამის მერე როგორ მოიქცევა ეს ხელისუფლება. თუ დააკვირდით, ამ ბოლო დროს დიპლომატიური ენით უკვე აღარ ელაპარაკებიან ამ ხელისუფლებას, მათ ელაპარაკებიან პირდაპირ და მეორე კლასელი ბავშვისთვის გასაგებად, რადგან, როცა დიპლომატიურად ეუბნებოდნენ, ვითომ ვერ იგებდნენ დასავლელი პარტნიორების ნათქვამს. ეს ყველაფერი არჩევნებზეც აისახება და არჩევნებში დასავლეთის მონაწილეობა იქნება ქმედითი იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდეს და არ გაყალბდეს.